მისტერ ლაზარესკუს სიკვდილი (რუმინეთი, 2005, რეჟისორი კრისტი პუიუ)
რაღაცნაირი უხერხულობის გრძნობაც კი იქმნება პარალელით დიდი რუმინელი რეჟისორის ამ ფილმსა და ჩვენს დღევანდელობას შორის. ფილმის მსვლელობის დროს შეიძლება იფიქროთ, რომ “ბატონ ლაზარესკუს სიკვდილი” (ასე ჯობია ალბათ, და არა ისე, როგორც თარგმნიან ქართული საიტები) წინასწარმეტყველებაა იმ სიტუაციისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით ჩვენ, ქართველები, და, თუ არ ვცდები, მთელი პოსტსაბჭოთა სამყარო, მისთვის დამახასიათებელი სრულიად დეგრადირებული ჯანდაცვის სისტემით.
ეს სისტემა არა მარტო უძლური აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, რომელიც თავზე დაგვატყდა (ჩვენზე უფრო მდიდარმა და გამოცდილმა ქვეყნებმა განიცადეს მარცხი ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში), არამედ აღმოჩნდა უაღრესად კორუმპირებული, იდეოლოგიზებული (“პოლიტიზებულიო”, არ ვამბობ. ისედაც ვიცით, რომ პოლიტიზებულია უკვე ყველაფერი), ფარისევლური და, მაპატიეთ, მაგრამ ეს სიტყვა განსაკუთრებით უხდება - “იდიოტური”. ჩვენ დღეს გვყავს ჯანმრთელობის მინისტრი, რომლის ლაპარაკი არ გვესმის, რომელსაც არა აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში... ჯანდაცვის სისტემა მოშლილია. ქვეყანაში საავადმყოფოები გადავსებულია. ადამიანები იხოცებიან. ხდება ზუსტად ის, რაც აღწერა რუმინელმა რეჟისორმა თავის ფილმში, თანაც “ბატონ ლაზარესკუში” ისე ზუსტად მეორდება ჩვენი რეალობა, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ, როგორ დაინახა, როგორ განჭვრიტა მომავალი! არადა, რა მომავალი, პუიუ წერდა, რომ გადაიღო ფილმი წარსულის აჩრდილებზე, ჩაუშესკუს ეპოქის კვალზე. მაგრამ მაინც ასე გამოვიდა: ამ ჭკვიანმა კაცმა, რუმინული “ახალი ტალღის” ლიდერმა, მომავალიც დაინახა, მათ შორის ჩვენი, ქართული. ზუსტად 15 წლის წინ აღწერა ბატონი ლაზარესკუს ამბავი, რომელიც ახლა არაერთი ჩვენი თანამემამულის ცხოვრებაში განმეორდა.
ბუქარესტის გარეუბანში ცხოვრობს პენსიონერი, ბატონი დანტე (!) ლაზარესკუ. სმა უყვარს. ჰო, “უყვარს”, ცოტა არ იყოს, რბილი ნათქვამია. ქრონიკული ალკოჰოლიზმი სჭირს. ერთხელაც შეუძლოდ გახდება და სასწრაფო დახმარებას გამოიძახებს... აი, ამის მერე იწყება ის, რაც ყოველდღე გვესმის, რამდენიმე თვეა უკვე: “დააგვიანა”, “სხვაგან წაიყვანეს”, “საავადმყოფოში ადგილი არ იყო”, “დიაგნოზი ვერ დაუსვეს, “გარეთ დატოვეს”.
ბატონ ლაზარესკუს მოგზაურობა სამედიცინო ბიუროკრატიის სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გგონია, რომ არასდროს დასრულდება, ტრილერს ჰგავს. პუიუ იმდენად დიდი ოსტატია, იმდენად კარგად ახერხებს ითამაშოს თანაარსებობის ეფექტზე მაყურებელთან (აქვე გავიხსენებ, რომ “ბატონი ლაზარესკუ” გადაიღო ოლეგ მუტუმ, ოპერატორმა ქართული ფილმისა “გრძელი ნათელი დღეები”, თანამედროვე მსოფლიო საოპერატორო სკოლის ერთ-ერთმა ლიდერმა), რომ გამორიცხულია ფილმის ყურების დროს საათზე დაიხედოთ. ზოგიერთ ეპიზოდში ვხედავთ, რომ კამერამ თითქოს არ იცის, როგორ იმოქმედებს გმირი, ამიტომ ვერ ასწრებს გაჰყვეს მას, ხანდახან “იჭედება”, თითქოს გადაწყვეტილებას იღებს, როგორ გააგრძელოს მასთან ერთად მოძრაობა, როგორ აუწყოს რიტმი. ეს საოცარი ეფექტია კინოში. მას ადრეც იყენებდნენ, განსაკუთრებით დანიური “დოგმის” რეჟისორები, მაგრამ “ბატონ ლაზარესკუში” ეს ეფექტი გაძლიერებულია, კამერა ზუსტად გამოხატავს ჩვენი, მაყურებლის, მდგომარეობას. და საკმარისია ოდნავ მოვდუნდეთ (მაინც გრძელია ორსაათნახევრიანი ფილმი!), მაშინვე გვაფხიზლებს და ისევ გვრთავს ბატონ ლაზარესკუს მოგზაურობაში, ბუქარესტის იმ საავადმყოფოს ძიებაში, რომელიც გადაგვარებულ ბებერ ლოთს შეიფარებს. გვრთავს და “გვაერთებს” ვისთან? მომაკვდავ კაცთან. მისი თვალით გვანახვებს აბსურდულ რეალობას, რომელშიც მას ცხოვრება მოუხდა (ასეთივე იდიოტური ჩაუშესკუს ეპოქა გაიარა!) და, ფაქტობრივად, გვამზადებს სიკვდილისთვის.
პუიუს კაფკიანური აბსურდი არაა აგებული ზედმიწევნით პირობითი ხერხებით, ასე ძალიან რომ უყვარს ე.წ. “საავტორო კინოს”...არა, რას ამბობთ, რა პირობითობა! ყველაფერი აბსოლუტური რეალობაა! სიზმარიც არა. სწორედ რეალობა! დროის თვალსაზრისითაც კი, თითქოს “რეალურ დროშია” გადაღებული და ფილმის მსვლელობის დრო ემთხვევა სურათის გმირის თავგადასავლის ხანგრძლივობას. მით უფრო სასიხარულოა და ცოტა უცნაურიც “ბატონ ლაზარესკუს” წარმატება დასავლეთში, კანისა და ჩიკაგოს კინოფესტივალებზე. ამბავი, რომელიც გადახდა ბატონ ლაზარესკუს, ხომ, წესით, ჩვენ უნდა გავიგოთ ყველაზე უკეთ - კომუნისტური ბიუროკრატიის მემკვიდრეებმა. წლების წინ ეგ ბიუროკრატია არაადამიანური, მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე გათვლილი ჯანდაცვის სისტემით ჩაანაცვლეს. კრიტიკულ სიტუაციაში კი პირდაპირ გამოჩნდა, რამდენად დამპალი და არაჰუმანურია ეგ სისტემა.
მარტოხელა მოხუცის, ნაკლებად სიმპათიურის, ცოტა არაჰიგიენური მოხუცის შეხვედრა სიკვდილთან. მისი გაუცხოება, გარიყულობა (რასაც ეს ჯანდაცვის სისტემა ამძაფრებს) და მისი გამომშვიდობება სიცოცხლესთან კრისტი პუიუს ფილმის მთავარი სახეა. თუმცა ესეც უნდა დავაზუსტოთ: არსებითად, სიცოცხლე ამ სისტემაში აღარც არსებობს, ლაზარესკუ უკვე იმყოფება გაყინულ რეალობაში, სადაც არაფერი ვითარდება, სადაც ექიმები ისე არ იბრძვიან პაციენტის გადასარჩენად, როგორც, მაგალითად, ამერიკულ სერიალებში, იმიტომ რომ ყველაფერი გადავსებულია, ქვეყანა ღარიბია და, რაც მთავარია, ადამიანია ღარიბი, ცარიელი. სიცოცხლეს საზრისი აღარ აქვს. ლაზარესკუს მსგავსი გახრწნილი პენსიონერი (აი, პირდაპირ სუნი რომ ასდის თავისი სამი კატის) მით უფრო არავის აინტერესებს. პუიუს ფილმის მთავარი სახე ეს უფროა - გულგრილობა და გვამებით სავსე ქვეყანა.
მართალი გითხრათ, ის ასოციაციები, რომელთაც ბადებს ფილმის გმირების სახელები (“ლაზარესკუ” უკავშირდება ლაზარეს და ლაზარეს აღდგინებას... სადღაც, მეორე ნაწილში ვირგილიუსიც გაჩნდება), ყველაზე ნაკლებად მომწონს ამ სურათში. როგორც კი პუიუ ინტელექტუალობას იწყებს, ვეღარ მიჰყვები დროისა და სივრცის დინებას, ასე ოსტატურად რომ ქმნიან რეჟისორი და ოპერატორი. ერთგვარი მუხრუჭი ჩნდება, მაგრამ თუკი ალუზიებს ყურადღებას არ მიაქცევთ, თუკი თავად არ ჩამოსცილდებით დოკუმენტურსა და მხატვრულს შორის ზღვარს, ასე ზუსტად რომაა დაჭერილი რუმინულ ფილმში, მივხვდებით, რომ ეგ ზღვარი, ამავე დროს, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარია, ზუსტად ის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.
მოკვდება ბატონი დანტე ლაზარესკუ? გადავრჩებით ჩვენ? პუიუ ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. მან მხოლოდ წარსულს გადახედა, აწმყოს ჩააცქერდა და მომავალი იწინასწარმეტყველა. დანარჩენი ჩვენ ვქნათ - ეს კარგი ფილმი ვნახოთ და ჩვენი ხვალინდელი დღე, მოახლოებული ზამთარი კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ.