მისი ინტერესების დამცველი, თამუნა გაბოძე, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური შევიწროების საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, თუმცა, არ გამორიცხავს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებასაც.
რას ჰყვება ეკა?
ეკა კვირკველია ერთ წელზე მეტია სოციალურ ქსელებში, ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ვლოგებს აქვეყნებს. ჰყავს ათობით ათასი გამომწერი. მისი ყველა ვიდეო საგანმანათლებლოა.
ვიდეოების ჩაწერის გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი თქმით, ქვეყანაში გახშირდა ბავშვთა და შშმ პირთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები, და ამის მიუხედავად, სქესობრივი განათლების საკითხი კვლავ ტაბუდადებულ თემად დარჩა:
„ახლად დაფუძნებული მქონდა პატარა ორგანიზაცია, „რეპროდუქციული განათლების ჰაბი“. ფინანსური შესაძლებლობები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დამებეჭდა ბროშურები, პატარ-პატარა წიგნები, სქესობრივი განათლების შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ისე ძალადობისგან თავის დასაცავად, განსაკუთრებით, როცა საქმე ბავშვებს ეხება და ამიტომ გადავწყვიტე ვიდეოების გადაღება. მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო თვალის დახუჭვა და უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ რაიმე რეაგირება არ მქონოდა“, - ამბობს ეკა და განაგრძობს:
„იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სქესობრივი განათლების საკითხი ძალიან მაღალ დონეზე დგას, ამ ტიპის ინფორმაციის მოძიებაში ინტერნეტს 51%-იანი წილი უჭირავს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტი დახუნძლულია არასწორი და ფსიქიკისთვის დამაზიანებელი ინფორმაციით, გადავწყვიტე, რომ ჩემს ვლოგებში არა მხოლოდ გინეკოლოგიასა და უროლოგიაზე მელაპარაკა, არამედ მელაპარაკა, ზოგადად, სქესობრივ განათლებაზე“.
ეკა თავის ვიდეოებში ჰყვება იმასაც, თუ როგორ უნდა დაიცვან მოზარდებმა და არა მხოლოდ მათ, თავი კიბერბულინგისგან, როგორ არ უნდა გახდნენ ე.წ. სექსტინგის ანუ სექსუალური შინაარსის მიმოწერის მსხვერპლნი; ან, რომ გაუპატიურება სისხლის სამართლის დანაშაულთან ერთად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა და აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა.
ასევე ნახეთ ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე დიდი 84-ის - როცა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით გემუქრებიან„ყელში ამომივიდა სექსუალური შევიწროებების კასკადი“
ნელ-ნელა ეკა კვირკველიას ვიდეოების ქვეშ თავი მოიყარეს სოციალური ქსელების იმ მომხმარებლებმაც, რომელთათვისაც მიუღებელი აღმოჩნდა მისი ვლოგების შინაარსი:
„ისინი ჩემს საქმიანობას ვერ აღიქვამენ, როგორც სამეცნიერო საქმიანობას და თვლიან, რომ მე ამ ვიდეოებით ვრყვნი საზოგადოებას, ბავშვებს. გარდა ამისა, ქალები, რომლებიც ჩემი ვიდეოების ქვეშ წერენ კომენტარებს, მათაც კი დასდევენ ეს ადამიანები, აწუხებენ, ეს ქალები უკვე თავს იკავებენ კომენტარის დაწერისგან, რადგან მერე ახლა მათი სექსუალური შევიწროება იწყება“, - ამბობს ეკა.
საჯარო პოსტი, რომელშიც ექიმი რეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებდა და დახმარებისთვის ადვოკატებს მიმართავდა, ფეისბუკზე 4 მარტს გამოაქვეყნა. პოსტს კი დაურთო ე.წ. სქრინები, რომელსაც ის პირად შეტყობინებაში, თვეების განმავლობაში, ერთ-ერთი მომხმარებლისგან იღებდა:
„უკიდურესად ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი მესიჯებია. ეს ადამიანი მწერდა, მიგზავნიდა უხამს ვიდეოებს, ფოტოებს. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქალი ვარ და საექიმო საქმიანობაზე ვლაპარაკობ. შევიწროება, დამცირება, ბულინგი, ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. ამიტომ მივმართე პოლიციას“.
მას შემდეგ, რაც ეკა კვირკველიას ვიდეოებს მძაფრი, შეურაცხმყოფელი რეაქცია მოჰყვა, ექიმმა რეზიდენტმა შეცვალა თავისი ქცევები საჯარო სივრცეში:
„ქუჩაშიც და ტრანსპორტშიც სათვალით და კეპით დავდივარ, ვცდილობ, ტაქსით ან ჩემი მანქანით გადავაადგილდე. თუკი რეგიონებში მიწევს გასვლა ტრენინგებზე, იქაც ბოლო რამდენიმე თვეა ან ჩემს მეუღლესთან ერთად დავდივარ, ან მეგობრებთან ერთად, რომ მარტო არ ვიყო.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ვარ აქტივისტი, მაინც იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე. თუმცა, ვიდეოების ჩაწერას მაინც ვაგრძელებ, რადგან უამრავი ადამიანი მიჭერს მხარს, მათ შორის, კაცებიც და ვგრძნობ, რომ უამრავ ადამიანს ვჭირდები და ახლა გაჩერება არ ღირს“.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ანუ სექსუალური შევიწროების საქმეზე დაწყებული კვლევის გარდა, დაიწყებენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამ საქმის, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, ამ კითხვაზე იურისტი თამუნა გაბოძე პასუხს, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის ელოდება:
„მძიმე კიბერბულინგისა და უხამსი გზავნილების ფონზე, [ეკა კვირკველია] უფრთხის ტრანსპორტით გადაადგილებას, ცდილობს გარეგნობის დაფარვას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, სექსუალურ შევიწროებას სცდება და შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს.
ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს მკაცრი რეაგირება და ეს უნდა იყოს პრეცედენტული საქმე. ამას არა მხოლოდ კონკრეტულად ეკასთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ სხვა ქალებისთვისაც, რადგან აზრის გამოხატვის გამო, საკუთარი პროფესიული საქციელის გამო, შესაძლოა, ისინიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ“, - ამბობს თამუნა გაბოძე.
იურისტის თქმით, კიბერბულინგსა და უხამსი შინაარსის შემცველ გზავნილებს, სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი ეფექტიანად იყენებს ე.წ. ტაბუდადებული თემების შესახებ მოსაუბრე ქალების გასაჩუმებლად:
„სწორედ ეს მაგალითი გვაქვს ახლაც. ეკა ძალიან ბევრ ქალს უანგაროდ აწვდის იმ არსებითად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაზეც მათ ხშირად არ მიუწვდებათ ხელი, განსაკუთრებით, შშმ ქალებს, გოგოებს, რომლებსაც მატერიალური სირთულეების გამო არ აქვთ საშუალება, რომ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რომ ტაბუდადებულ თემებზე საუბარი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“.
შეიცვალა თუ არა სქესობრივი განათლების შესახებ საზოგადოების დამოკიდებულება?
საზოგადოების ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის სქესობრივი განათლების საკითხებზე საუბარი მიუღებელია და ის მოზარდების „გარყვნას უწყობს ხელს“.
თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ფსიქოლოგები და ბავშთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, მშობლების დიდმა ნაწილმა აზრი შეიცვალა სკოლებში სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლის მიმართ.
მათი მონაცემებით, დღეს გაცილებით ნაკლები მშობელი თვლის, რომ სკოლაში, გაკვეთილებზე სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საუბარი მათ შვილებს აზიანებს. ამბობენ, რომ სახელმწიფომ ეს მომენტი უნდა გამოიყენოს და ბავშვებს აუხსნას, რა ითვლება სქესობრივი ხასიათის დანაშაულად, რა მოჰყვება ადრეულ ქორწინებას, რა ხდება არასრულწლოვანთა აბორტის დროს და საერთოდ, როგორ შეიძლება სქესობრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
დღეს, „რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის“ შესახებ ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რამდენიმე საგანსა და სხვადასხვა კლასშია გაბნეული. მათ შორის, მესამე კლასში - „მე და საზოგადოება“ და მეშვიდე და მეცხრე კლასებში - „ბიოლოგია“ და „მოქალაქეობა“.
ფსიქოლოგები და პედიატრები ფიქრობენ, რომ ამ საკითხებზე აკურატული ინფორმაცია ბავშვებმა დაწყებით საფეხურზევე, სრულყოფილად უნდა მიიღონ. ეს მათ საფრთხეების ამოცნობაში დაეხმარებათ.
სწორედ ამ იდეით დაიწყეს რამდენიმე წლის წინ „ექიმის საათის“ პროგრამაზე მუშაობა საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის, „თანადგომის“ თანამშრომლებმა. პროგრამა ოთხი ადამიანის, მათ შორის, ორი ფსიქოლოგის, პედიატრისა და მიწვეული პედაგოგის თანაავტორობით დაიწერა.
მაია ჯიბუტი, ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფსიქოლოგი, გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთეული მშობლები იყვნენ სკეპტიკურები, თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც, საუბრისა და საკითხების დეტალური გაანალიზების შემდეგ, მათი დამოკიდებულება „ექიმის საათის“ მიმართ შეიცვალა:
„მშობლებსაც არ აქვთ სწორი ინფორმაცია და ამიტომ ვმუშაობთ მათთანაც. როდესაც ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რა და რატომ უნდა ისწავლონ მათმა შვილებმა, თან 21-ე საუკუნის ბავშვებმა, რომელთათვისაც ვირტუალური სამყარო და საინფორმაციო წყაროები აბსოლუტურად გახსნილია და ძალიან ბევრ დამახინჯებულ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.
ალოგიკურია, რატომ არ უნდა უნდოდეს მშობელს, რომ მისმა შვილმა სწორედ სკოლაში მიიღოს ეს ინფორმაცია. როდესაც ავუხსენით, მადლობა გადაგვიხადეს, ჩვენც გვინდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ველაპარაკოთ და თუკი ამ ტიპის ინფორმაციას სანდო წყაროებიდან, სკოლის კედლებში მიიღებენ ბავშვები, პირიქით, მივესალმებითო.
ზოგიერთ მათგანს რატომღაც ეშინია, რომ ეს საგანი სექსზე საუბარია, რაც ასე ნამდვილად არ არის - აქ ლაპარაკია ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, პრევენციაზე“.
ეკა კვირკველია არ არის პირველი ქალი, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი განათლების საკითხებსა და ე.წ. ტაბუდადებულ თემებზე საჯაროდ საუბრის გამო კიბერბულინგისა და ღირსების შემლახავი გზავნილების ადრესატი გახდა.
ამგვარი თავდასხმის მსხვერპლად იქცა რამდენიმე წლის წინ გენდერის მკვლევარი, ხატია ახალაია. ორგანიზაცია განათლებისა და შრომის ასოციაციის მიერ, UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით შექმნილ ვიდეოებს, რომლებიც ბავშვებს, ერთი შეხედვით, მარტივი, თუმცა ხშირად საქართველოში ტაბუდადებულ თემებს უხსნიდა, სოციალურ ქსელში სწორედ ხატია ახალაია წარადგენდა.
ანუ, ის იყო იმ საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეოების მთხრობელი, რომელიც ბავშვებს და მოზარდებს საკუთარი სხეულის ენას ასწავლიდა, აფრთხილებდა მოსალოდნელ საფრთხეებზე, მარტივად და ნახატებით მოუთხრობდა სქესობრივ მომწიფებასა და სხვა მსგავს ამბებზე.
2019 წელს ვიდეოები და თავად ხატია ახალაია ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. უხამს გზავნილებთან ერთად იყო მუქარაც.
„იყო გაუპატიურების, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ჩვენს გვერდზე, ფაქტობრივად, კიბერშეტევა განახორციელეს. საჯარო კომენტარების გარდა, პირადად მწერდნენ და მემუქრებოდნენ, გამოაქვეყნეს ჩემი პირადი ნომერი“, - უთხრა მაშინ ხატია ახალაიამ რადიო თავისუფლებას.
რას ამბობენ რიცხვები?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2018-2022 წლებში არასრულწლოვნების 2564 მშობიარობა და 454 აბორტი აღირიცხა.
ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 13.9%-ს შეადგენს და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბავშვობის ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა.
იუნესკოს კვლევების თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც სკოლებში სქესობრივი განათლებაა დანერგილი, ახალგაზრდების 37% უფრო გვიან იწყებს სექსუალურ ცხოვრებას და 53%-ითაა შემცირებული სარისკო სექსუალური ქცევა.
თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა.
ასევე ნახეთ რა არის „ექიმის საათი“ და რატომ ვერ იწყებს განათლების სამინისტრო ახალ კურსს სკოლებში