საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
„საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია“, - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები „ოპოზიციის ჩანაცვლების მცდელობაში“ დაადანაშაულა და „აგენტების კანონზე“ დებატებში გამოიწვია.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, მიიღებს თუ არა იგი პრემიერ-მინისტრის გამოწვევას სატელევიზიო დებატებზე კანონპროექტთან დაკავშირებით, ელჩმა გასრიმ განაცხადა:
„კანონის განხილვა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრეროგატივაა. ჩვენზე არ არის დამოკიდებული კანონების განსჯა“.
ასევე ნახეთ „მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“ - პრემიერი დასავლეთის ელჩებს დებატებში იწვევსჟურნალისტების კიდევ ერთ კითხვაზე, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ „უფრო მკაცრი კანონი მიიღო“, საფრანგეთის ელჩმა განაცხადა:
„საფრანგეთშიც განვიხილავთ სხვადასხვა კანონს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი. რაც საფრანგეთში თუ მსოფლიოს სხვა ნაწილში ხდება, არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმის დასაცავად, რაც საქართველოს უნდა, რომ თავის მომავალზე გადაწყვიტოს“, - განაცხადა მან.
ამის შემდეგ ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი“.
„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ახსენებენ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კანონებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20 მარტს განაცხადა, რომ „ერთადერთი“, რითაც ფრანგული კანონი „ქართული ოცნების“ ინიციატივისგან განსხვავდება, ისაა, რომ ფრანგული უფრო მკაცრია.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.
სხვა მხრივ კანონპროექტი უცვლელია.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.