“ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, მაგრამ არა მთავრობის დამსახურებით. ეს იქნება, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელის გაწვდენა, და მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს, საქართველო იქცეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფიასკოს მაგალითად”- ეუბნება ჩეხეთის საერთაშორისო საქმეთა ასოციაციის მკვლევარი პაველ ჰავლიჩეკი რადიო თავისუფლებას. მასთან ინტერვიუ ვაჟა თავბერიძემ 1 ივნისს, კიშინოვში, ევროპის ლიდერთა შეხვედრის შეჯამებით დაიწყო.
უკრაინამ უკვე ღიად დაადასტურა, რომ მზადაა, მოლდოვას დნესტრისპირეთიდან რუსების „გაწმენდაში“ დაეხმაროს. კიშინიოვში ეს იდეა თანდათან ჭკუაში უჯდებათ.
რადიო თავისუფლება: მოდით, განვიხილოთ რა გავიგეთ ამ კვირაში მოლდოვაში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. მასპინძელი ქვეყნით დავიწყოთ: „თუ უკრაინის არმიას დასჭირდება, მოლდოვა მზადაა ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ. ოფიციალური განმარტების თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზანი უკრაინის დასავლურ სამხედრო ლოგისტიკასთან წვდომის გაადვილებაა, მაგრამ შეიძლება თუ არა აქ ფარული გაფრთხილებაც ამოვიკითხოთ - გაფრთხილება, რომლის ადრესატები მოსკოვი და დნესტრისპირეთია?
პაველ ჰავლიჩეკი: ვფიქრობ, გზავნილიც სწორედ ეს იყო. და ეს არ იყო მხოლოდ მოლდოვის გზავნილი - 50 მდე ევროპელი ლიდერი ჩავიდა ამ სამიტზე, უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით გამართულ ღონისძიებაზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა გზავნილი მოსკოვისთვის: „კარგად შეხედეთ, სად ვართ. აქ ვდგავართ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, და უკან დახევას არ ვაპირებთ“. ეს იყო კრემლისთვის ნაჩვენები შუათითი. რაც შეეხება უშუალოდ დნესტრისპირეთს, თავდაპირველად მოლდოვის მთავრობა, მაგალითად, მათი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ, ხაზგასმით თავშეკავებას იჩენდა ამ იდეის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ უკვე მრავალჯერ, ღიად დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა, მოლდოვას დნესტრისპირეთიდან რუსების „გაწმენდაში“ დაეხმაროს. ეს ბოლო, ხაზგასმით უფრო ხმამაღალი განცხადებები კი მაფიქრებინებს, რომ კიშინიოვში ეს იდეა თანდათან ჭკუაში უჯდებათ.
რადიო თავისუფლება: სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სამიტი ერთგვარი სარეპეტიციო სცენის ფუნქციასაც ასრულებდა ნატოს მომავალი სამიტისთვის ვილნიუსში. „ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება“ - იმეორებს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე ბევრჯერ მოსმენილ ფრაზას. კარი ღიაა, მაგრამ ქვეყანა, რომელიც ომშია ჩაბმული, ვერ შემოაბიჯებს - ასეთი ჩანს საერთო კონსენსუსი. გონივრულად კი ჟღერს, მაგრამ რამდენად უნდა ეშინოდეთ კიევში 2008 წლის ბუქარესტის სამიტის სცენარის განმეორების? ბუნდოვანი დაპირება, რომელიც, ვინ უწყის, როდის შესრულდება..
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ, ყველაფერი იღონონ, რათა არ ვიხილოთ ბუქარესტი 2.0 უკრაინისათვის. მეორე მხრივ, ძნელია შეედავო ამერიკელებს, როდესაც ისინი ამბობენ: რომ არა ჩვენ, სად იქნებოდა დღეს უკრაინა, იარსებებდა კი ის საერთოდ?
ჰავლიჩეკი: აქ უკვე, ასე ვთქვათ, თხელ ყინულზე მივაბიჯებთ, და უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ იმის გარკვევისას, თუ რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ მხრივ ლიმიტებს, როგორც წესი, შეერთებული შტატები გვკარნახობს. ესაა ნატოს გამწევი ძალა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყოყმანობს, უჭირს გადაწყვეტილების მიღება. წინა კვირას, GLOBSEC-ის კონფერენციაზე ბრატისლავაში ცხარე დებატების მომსწრე გავხდით ერთი მხრივ ლიეტუველებისა და უკრაინელების დელეგაციასა და მეორე მხრივ ამერიკის უსაფრთხოების ისთებლიშმენტის წარმომადგენლებს შორის. ეს იყო ერთობ ემოციური, დაძაბული დისკუსია. თავისთავად ცხადია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ, ყველაფერი იღონონ, რათა არ ვიხილოთ ბუქარესტი 2.0 უკრაინისათვის. მეორე მხრივ, ძნელია შეედავო ამერიკელებს, როდესაც ისინი ამბობენ: რომ არა ჩვენ, სად იქნებოდა დღეს უკრაინა, იარსებებდა კი ის საერთოდ? რა მოხდებოდა, რომ არა ამერიკის სამხედრო დახმარება - 76 მილიარდი დოლარი? ეს შთამბეჭდავი ციფრია. რა მოხდებოდა, უკრაინას „პატრიოტები“ რომ არ მიეღო - რა ბედი ეწეოდათ უკრაინულ ქალაქებს, რომლებსაც პუტინი განუწყვეტლივ ბომბავს?
რადიო თავისუფლება: შეგვიძლია მოკლედ განვმარტოთ მიზეზები, თუ რატომ ითრევს ფეხს შეერთებული შტატები?
ჰავლიჩეკი: პირველი და მთავარი მიზეზი ვფიქრობ, დროის ფაქტორია, ისინი ფიქრობენ, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. ვფიქრობ, ისინი დიდი ხალისით დაუბრუნდებოდნენ ამ დისკუსიას ომის შემდეგ, და ეს ითქმის არა მარტო ამერიკელებზე - რეალურად, ეს იქნებოდა კომფორტის ზონა ალიანსის ყველა წევრისათვის. მეორე - ვფიქრობ, ისინი ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებენ. - მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, ასე ჟღერს: რა მოხდება, თუ უკრაინას მივიღებთ, მზად ვართ? , შევძლებთ კი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი გვაკისრებს? ამერიკას გააზრებული აქვს, რომ ის ნატოში ფაქტობრივად Primus Inter Pares (პირველი თანასწორთა შორის - რ.თ.) სტატუსით სარგებლობს, შესაბამისად, პირველი უნდა იყოს ამ ვალდებულებების აღებაშიც, და ამიტომაც ყოყმანობენ და ურჩევნიათ, ასე ვთქვათ, „სპექტაკლის დასასრულს“ დაელოდონ. მეორე მხრივ, ვიცი, რომ უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს დისკუსიები ვაშინგტონში და უსაფრთხოების სტრუქტურებიდან თანდათან იზრდება ზეწოლა თეთრ სახლსა და პრეზიდენტზე, რათა რაიმე კონკრეტული გზამკვლევი მაინც მიეცეს უკრაინას, თუნდაც იგივე მაპი, ან რამე ამდაგვარი.
რადიო თავისუფლება: ზემოთ ძალიან მგრძნობიარე თემას შეეხეთ - რომელიც ალბათ ნატოს ყველა წევრის მთავარი თავისტკივილიცაა: რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში შევა, ნატო კი ქარტიის მეხუთე მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს? იქნებოდა თუ არა ეს ნატოს, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ნატოს აღსასრული?
ჰავლიჩეკი: დიახ, ულაპარაკოდ ასეა. ნატო, როგორც სანდო, დასაყრდნობი ძალა, გაქრება. და მოგვიწევს დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რაზეც, სხვათა შორის, წინა კვირას ბრატისლავაში ემანუელ მაკრონმა ისაუბრა: მან გაიხსენა, როგორ უწოდა რამდენიმე წლის წინ ნატოს „ტვინმკვდარი ორგანიზაცია“ და თქვა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, რომ ნატომ ეს ეტაპი გადალახა. თუ ნატო თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, იგი იქცევა ჭეშმარიტად „ტვინმკვდარ“ ორგანიზაციად, ეს მისი აღსასრულის ტოლფასი იქნება.
“საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო მიიწევს თვით-იზოლაციისკენ, პრემიერი კი პარიად - გარიყულად იქცა”
რადიო თავისუფლება: ნატოდან ევროკავშირისკენ გადავინაცვლოთ. „უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში უნდა იყვნენ“ - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თბილისში ნამდვილად არ გამოპარვიათ საქართველოს გამორჩენა, ანაც გამოტოვება ამ წინადადებაში. რა ხდება? ასოცირებული ტრიო ასოცირებულ დუეტად გადაიქცა?
ჰავლიჩეკი: ვფიქრობ, თანდათან სწორედ ამისკენ მიდის საქმე. საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო მიიწევს თვით-იზოლაციისკენ, პრემიერი კი პარიად- გარიყულად იქცა. რატომ? მაგალითად იმის გამო, რაც ბრატისლავაში განგვიცხადა, როდესაც მოსკოვის მხრიდან ომის დაწყების მიზეზად ნატოს გაფართოება დაასახელა. ამით კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვის ნიშნები საქართველოს მთავრობის მისამართით, თუ რამდენად შეიძლება ენდო მათ? ამიტომაცაა, რომ ბრიუსელში საქართველოს უკვე ასოცირებული ტრიოდან განკვეთილად (ან განცალკევებით) აღიქვამენ. კლინიკურად რთული შემთხვევაა, დამბლადაცემული - ჩვენ კი თავს ვიფხანთ და არ ვიცით, რა ვიღონოთ.
რადიო თავისუფლება: ხელის მოკიდება არ გინდათ?
ჰავლიჩეკი: ასეა. არ გვინდა, საერთოდ შევეხოთ, იმიტომ რომ არ ვიცით, რა მოვუხერხოთ. რატომ? იმიტომ რომ ორივე პარტია - და აქ ვგულისხმობ ერთი მხრივ, ქართულ ოცნებასა და მეორე მხრივ ოპოზიციას, ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები, პოლარიზაცია იმდენად დიდია, რომ რაიმე წინსვლის, ამ სიტუაციიდან გამოსვლის პერსპექტივას არ ტოვებს.
ბრიუსელს არ სურს, საქართველო იქცეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფიასკოს მაგალითად
რადიო თავისუფლება: 100 ქულიან შკალაზე როგორ შეაფასებდით საქართველოს შანსს მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
ჰავლიჩეკი: ვიტყოდი, რომ 60-დან 70-პროცენტამდე. ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, მაგრამ არა მთავრობის დამსახურებით. ეს იქნება, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელის გაწვდენა, და მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს, საქართველო იქცეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფიასკოს მაგალითად. საერთო სურათს უნდა შევხედოთ, უნდა გავიაზროთ, რომ მთავრობისთვის კი არა, მოსახლეობისთვის მოგვიწევს ამის გაკეთება. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზეც, დაიწყება თუ არა ევროკავშირში მიღების მოლაპარაკებები დაიწყება უკრაინასა და მოლდოვასთან - თუ არა, მაშინ, თავისთავად, ვერც საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.. თუ პირველი მოხდება, ამას მეორეც მოყვება.
რადიო თავისუფლება: რამდენადაც ვიცი, ბრიუსელში აქვთ კიდევ ერთი მიზეზი ამის გასაკეთებლად: ფიქრობენ, რომ იმსახურებს თუ არა ამას დღევანდელი მთავრობა, სტატუსის მიცემა მაინც მოუწევთ, რადგან წინააღმდეგ შემთხევაში საქართველო კიდევ უფრო ღრმად შეიწევს რუსულ ორბიტაზე.
ჰავლიჩეკი: დიახ, ეს არგუმენტი ძალიან ხშირად ისმის ბრიუსელში, და სხვათა შორის, ისმის ოპოზიციისგანაც. ისინი ამბობენ: მოგვეცით სტატუსი - თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მაშინ ვშიშობთ, რომ საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირს და ეს კარგი სანახავი ნამდვილად არ იქნება, მათ შორის ბრიუსელისთვისაც. არც ბრიუსელში სურთ, ასეთი ფიასკოს მომსწრეები გახდნენ, ამიტომ, ვგონებ, მოგვიწევს ამ „მწარე აბის გადაყლაპვა“. და არის კიდევ ერთი არგუმენტი: თუ ბოსნია და ჰერცოგოვინამ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყანამ, რომელიც ბევრად უფრო ცუდადაა ამისთვის მომზადებული, რეფორმები იქნება თუ სხვა ევროპული ნორმები, მაშინ უსამართლობა იქნებოდა, თუ საქართველოს არ მივცემთ. და არის რისკი, რომ ამას, ჩვენს ამ უარს მერე საქართველოს მთავრობა ჩვენივე წინააღმდეგ გამოიყენებს, ანტი-ევროპული სენტიმენტების გასაღვივებლად, რაზეც, როგორც ვნახეთ, უკან სულაც არ იხევენ. ისინი არ იტყვიან - აი, კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ ჩვენ ვიქცევით ცუდად, პრო-რუსულ პოლიტიკას ვატარებთ - არა, ეს იმიტომ, რომ ბრიუსელი უსამართლო და მიკერძოებულია. ეს არ არის კარგი სცენარი.