მადლენ გობეი 24 წლისა იყო, როდესაც თავის მეგობრებს და, ამავე დროს, კერპებს, ჟან პოლ სარტრსა და სიმონ დე ბოვუარს უთხრა - ამერიკულმა „პლეიბოიმ“ სარტრთან ინტერვიუ დამიკვეთა და, აბა, რას ფიქრობთო. სიმონი წინააღმდეგი იყო - რა გასაკვირია, რომ ჰიუ ჰეფნერის გამოცემა გულზე არ ეხატებოდა. თუმცა, სარტრი, მადლენის გასაკვირად იოლად დათანხმდა. სიმონს აუხსნა - წარმოიდგინე, ამ ახალგაზრდა კანადელ გოგონას 4 ათას დოლარს გადაუხდიან, მაგ ფულით კი მთელი წლის განმავლობაში შეეძლება პარიზში ჩამოსვლაო.
„პლეიბოიში“ სხვა ფრანგი რესპონდენტებიც ჰყავდათ შეთვალიერებული. თავიდან ბრიჯიტ ბარდოც უნდოდათ, თუმცა, როგორც მადლენი იხსენებს, მალევე გადაიფიქრეს - დაბერდა უკვეო. (ბარდო მაშინ 30-ისა იყო). სანაცვლოდ მწერალ ჟან ჟენესთან ინტერვიუ დაუკვეთეს.
Your browser doesn’t support HTML5
ჟენე ინტერვიუებს რთულად იძლეოდა, მაგრამ მადლენს ისიც დათანხმდა. ოღონდ, ერთი პირობით - ჰონორარის ნახევარი მისთვის უნდა დაეთმო. მადლენ გობეი იხსენებს -ინტერვიუს წინ შემახსენა, ხომ იცი, ფულის ნახევარს მე მაძლევო. თავი რომ დავუქნიე, სიცილი აუტყდა - როგორ გგონია, მართლა გამოგართმევდიო? ეგ იმიტომ გითხარი, სიმონისთვის რომ ნერვები მომეშალაო.
მადლენ გობეი ნოელი დღეს 82 წლისაა და ბევრი მსგავსი ისტორიის გახსენება შეუძლია. ლაპარაკისას გაკვრით ახსენებს ნაცნობობას ჯონ სტაინბეკთან, მარგერიტ დიურასთან, ნატალი საროტთან... თავადაც უამრავი რამე გაუკეთებია -წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იუნესკოს ხელოვნებისა და კულტურული ცხოვრების განყოფილებას.
თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონება მაინც ალბათ სიმონთან და ჟან-პოლთან მეგობრობის ამბებია.
15 წლისა იყო, როდესაც, შორეულ და გაყინულ კანადაში სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესი“ წაიკითხა, მწერალში მონათესავე სული დაინახა და წერილი მისწერა. სიმონ დე ბოვუარმა, სრულიად მოულოდნელად, უპასუხა. ასე დაიწყო მეგობრობა, რომელმაც ორი მწერლის სიცოცხლის ბოლომდე გასტანა.
1967 წელს, მადლენმა სარტრისა და დე ბოვუარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მისი თანაავტორი ფრანგი ჟურნალისტი და რეჟისორ კლოდ ლანზმანი იყო - თავად ლეგენდარული და წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი და ჰოლოკოსტზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტური ფილმის ავტორი.
ბოლო წლებია მადლენ გობეი ნოელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დადის და ამ ფილმს აჩვენებს. ამბობს, რომ ზოგან სარტრის ფილოსოფია უფრო აინტერესებთ, ზოგან - დე ბოვუარის ნაწერები, ზოგან კი - მათი პირადი ცხოვრება.
თავად ყველაზე უფრო აკვირვებს, თუ როგორ შეიცვალა დრო. რომ, საქართველოშიც, ფილმის განხილვას უამრავი გოგონა ესწრება, რომლებიც სასწავლებლებში მშობლების თანხმობითა და აქტიური მხარდაჭერით მოხვდნენ. ეამაყება, რომ ამაში მცირე წვლილი თავადაც მიუძღვის - როგორც ერთადერთ გოგონას თავის ფაკულტეტზე ოტავის უნივერსიტეტში, როგორც „ოჯახის შემარცხვენელ“ ქალს, რომელიც ფრანგ ინტელექტუალებთან მეგობრობდა...