ერთპიროვნული მმართველობა, როგორც განვითარების მუხრუჭი

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტის“ რეიტინგში საქართველო „ჰიბრიდულ რეჟიმად“ არის მოხსენიებული. ამ მონაცემების მიხედვით, 2012 წლიდან საქართველოში წინა წლებთან შედარებით პოლიტიკური სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიად ჩათვლილიყო. Freedom House-ის რეიტინგში აღნიშნულია, რომ 2012 წლიდან თავისუფლების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა უმჯობესდებოდა, მაგრამ, ოლიგარქიული რეჟიმის არსებობის წყალობით, საქართველო ისევ „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნად არის ჩათვლილი.

ზემოთჩამოთვლილ ორგანიზაციებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ძალებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და იმის თქმა, რომ ისინი ოპოზიციის დაკვეთით წერენ ამ დასკვნებს, აბსურდი იქნებოდა. მათი შეფასებების გარეშეც ადვილია იმის დანახვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ისევე, როგორც წინა, ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს და შერჩევით სამართალს მიმართავს.

სხვანაირად ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენელები. მაგალითად, „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ 2018 წელს განაცხადა:

„ჩვენი ოპონენტები ხშირად ქილიკობენ ჩვენი ლიდერის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე, გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთო. ეს არ არის საქილიკო საკითხი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მართლაც ისეთი მაღალი დონის დემოკრატიაა, რომ თამამად და ღირსეულად შეგვიძლია ვამტკიცოთ ეს. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის და ამის თვალსაჩინო მაგალითია სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობა.“

ის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელების რიცხვმა იკლო, ავტომატურად ევროპული ტიპის დემოკრატიის დამყარებას არ ნიშნავს, მე მგონი, საკამათოც კი არაა. შესაბამისად, „ბატონი ბიძინა ივანიშვილის“ („ქართული ოცნების“ წევრები საკუთარ ერთპიროვნულ ლიდერს ყველაზე ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ) დაპირება „გასაოცარი დემოკრატიის“ შესახებ ცარიელ დაპირებად იქცა.

საქართველოს მოქალაქეები იმდენად შევეჩვიეთ იმას, რომ დემოკრატია არ გვაქვს და არც გვექნება, რომ ზოგჯერ უკვე ვეღარც წარმოგვიდგენია, რომ სხვანაირი ცხოვრებაც შესაძლებელია. არადემოკრატიული წესით ცხოვრება უკვე ჩვენი პოლიტიკური მენტალობის ნაწილად იქცა. მაგალითად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს იშვიათად უჩნდებათ პროტესტი იმის მიმართ, რომ მათივე პარტიებში შიდა პარტიული დემოკრატია, ფაქტობრივად, არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნული ლიდერები იღებენ. წინა ხელისუფლების დროსაც მხარდამჭერები ძირითადად ერთი ადამიანის გადაწყვეტილებების სხვადასხვა იდეოლოგიური ნიშნით გამართლებით იყვნენ დაკავებულნი.

ივანიშვილის მმართველობაც ასე მუშაობს: ერთპიროვნული ლიდერი იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო შემდეგ ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა იდეოლოგიური პრიზმიდან ამართლებენ. ვიღაც ამ გადაწყვეტილებაში ნეოლიბერალურ ეკონომიკურ რეჟიმზე დარტყმას ხედავს; ვიღაცისთვის ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არდაბრუნებას უზრუნველყოფს და ქვეყნის დესპოტური მმართველობისგან გადასარჩენად არის საჭირო; ვიღაც მიიჩნევს, რომ „წესრიგის დამყარება“ მთავრობის უპირველესი მოვალეობაა და ივანიშვილიც სწორედ ამისთვის ირჯება; ვიღაცისთვის ეს ქართველობის დასაბრუნებლად და „ღირსების აღსადგენად“ კეთდება; ვიღაცისთვის ეს ყველაფერი საერთოდ ღმერთის ნებაა და ა.შ. ლიბერალი-კონსერვატორი, მემარცხენე-მემარჯვენე თუ ცენტრისტი თავისებურ ინტერპრეტაციას უძებნის ამ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს, რომელთა უკანაც, სავარაუდოდ, სულ სხვა პოლიტიკური გათვლები დგას.

თავად ივანიშვილს პრობლემა არ აქვს იმასთან, რომ ითანამშრომლოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებთან. მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იდეოლოგიური საფარველით შეინიღბება მისი გადაწყვეტილებები, თუკი ასეთი შენიღბვა მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტზე ზეგავლენას მოახდენს.

ასეთ პირობებში იდეები და იდეოლოგიები შინაარსს კარგავენ. ქვეყნის განვითარებაზე მსჯელობასაც აზრი ეკარგება. რა აზრი აქვს ხელისუფლებასთან რაიმეზე სერიოზულად მსჯელობას, თუ ეს ყველაფერი სინამდვილეში შირმაა და ერთი ადამიანის ძალაუფლების შენიღბვას ემსახურება? და თუ გაგვიმართლა და რაიმე დარგში მართლა მივაღწიეთ რამე წარმატებას, რა გარანტია გვაქვს, რომ ერთი კაცის ნებით ყველაფერი ისევ პირვანდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება?

იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას „შინაარსი“ დაუბრუნდეს, საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ასეთ ინსტიტუტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ავაშენებთ, თუკი ერთპიროვნული ძალაუფლების სისტემა მოიშლება. სათავეში ვინ იქნება, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს - ივანიშვილი, სააკაშვილი, თუ ვინმე სხვა. მმართველობის ამგვარი ფორმა ვერასდროს მიგვიყვანს იქამდე, სადამდე მისვლაც ასე ძალიან გვინდა - ევროპულ, „გასაოცარ“ დემოკრატიამდე.

ასეთ „გასაოცარ“ დემოკრატიაში მთავრობის მადლიერები კი არ უნდა ვიყოთ, იმის გამო, რომ მან უფლებები (ან თავისუფალი სივრცეები) „გადმოგვიგდო“, არამედ ეს უფლებები იმთავითვე სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტად უნდა იყოს ქცეული; მთავრობის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული ის, თუ რამდენად თავისუფალად ვიგრძნობთ თავს (მმართველის ნება მარტივად შეიძლება შეიცვალოს, როგორც ამას ივანიშვილის გამეტებული რეპრესიების მაგალითზე ვხედავთ), არამედ ეს ყველაფერი მყარი ინსტიტუტებით და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს გამყარებული. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ჯერ ამ მარტივ ჭეშმარიტებამდე ვერ მივიდა. ის თემებიც, რასაც ახლა განვიხილავთ, ალბათ განსაკუთრებით პრიმიტიულად მოჩანს იმ ევროპის გადმოსახედიდან, რომელსაც ასე ძალიან შევნატრით.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებმა გარკვეული იმედი გააჩინა, რომ შესაძლებელია ახლა თუ არა, მომავალში მაინც ქართულმა საზოგადოებამ დაიწყოს ისეთი პოლიტიკური წყობის ჩამოყალიბება, რომელიც ერთი ადამიანის ნებაზე არ იქნება ჩამოკიდებული. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, საჭიროა პოლიტიკური მენტალობის რადიკალური ცვლილება, რასაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ. სხვანაირად, მუდმივად წრეზე ვიტრიალებთ, მხოლოდ მთავარი გმირების სახელები შეიცვლება.