ფოტო: ერთიანობა მშვიდობის კათედრალში

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში ღვთისმსახურება ზუსტად 12 საათზე დაიწყო.

კათედრალი ჩაბნელდა და უკრაინული ეროვნული სამოსით შემოსილმა ახალგაზრდა ქალმა ტაძარში ანთებული სანთელი, როგორც ქრისტესშობის, ანუ სინათლის შემოსვლის სიმბოლო შეიტანა.

ღვთისმსახურება ზუსტად 12 საათზე დაიწყო.

წუხელ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. პატარა ტაძარში, კოვიდპანდემიის შემდეგ პირველად, შობის სიხარულის გასაზიარებლად, უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მრევლის გარდა საზეიმო ღვთისმსახურებას მიწვეული სტუმრები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის და რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიტურგიის დროს ანგელოზთა საგალობელი თავ-თავიანთ ენაზე წაიკითხეს.

ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა საშობაო ქადაგების დიდი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომს დაუთმო და ისაუბრა მშვიდობის არსზე, როგორც ჰარმონიაზე, რომელიც უნდა სუფევდეს არა მხოლოდ ადამიანთა შორის, არამედ ადამიანსა და ბუნებას, ცხოველებსა და გარე სამყაროს შორის.

ყოველ შობას მშვიდობის კათედრალი საზოგადოების წარმომადგენლებს აჯილდოებს და მათ გაწეული წვლილისა და ღვაწლის გამო მადლობას უხდის. ტრადიცია არც წელს დაირღვა და საზოგადოებიდან ექვს გამორჩეულ ადამიანს გადაეცა სამადლობელი ჯილდო.

მშვიდობის ამაგდარის ჯილდო გადაეცათ სასულიერო პირს ზაზა თევზაძეს და ასევე - მოქანდაკე და არქიტექტორ გიორგი სონღულაშვილს.

თანასწორობისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს მწერალ თამთა მელაშვილს, ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და აქტივისტ მიშა მშვილდაძეს.

რელიგიური თანასწორობის, თავისუფლებისა და ტოლერანტობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მშვიდობის კათედრალში ბექა მინდიაშვილი დააჯილდოვეს.

შარშან საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ ქრისტესშობა, კოვიდპანდემიის გამო, მრევლისგან ცარიელ ტაძარში აღნიშნა. მსახურება ონლაინ გადაიცა.

საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს და მიწვეულ სტუმრებს ჩაით, გლინტვაინით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას 25 დეკემბერს ზეიმობს.

საშობაო სუფრა მშვიდობის კათედრალში.

სამზადისი ღვთისმსახურების დაწყების წინ.

ტაძარში მისულ მრევლს და სტუმრებს საშობაო ბარათები და სანთლები დაახვედრეს.

ჩვილი იესოს ბაგაში უკრაინის დროშის ფერებით შექმნილი ვარდების თაიგული მოათავსეს.