ბრუნდება კანონპროექტი, რომელსაც დასავლელი პარტნიორები და, მათ შორის - თავად ევროკავშირი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდ წინაღობად განიხილავდა.
პროტესტი უკვე დაიწყო, მათ შორის - პარლამენტშიც.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ "რუსული კანონის" ხელმეორე გამოტანით „ოცნებამ“ ევროპას „მკაფიო უარი“ უთხრა.
„ოცნება" აცხადებს, რომ ყველაფერი გამჭვირვალობისთვის კეთდება და გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს.
„პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის - საპატიო თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი] საქმის კურსშია დეტალურად და იზიარებს ამ განცხადების პათოსს - სიტყვასიტყვით ყველანი ვართ ერთ აზრზე “, - თქვა „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, 3 აპრილს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მეორე მცდელობა
2023 წლის მარტის შემდეგ, როცა ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მასშტრაბური აქციების შემდეგ იძულებით ჩააგდეს, „ოცნების“ ლიდერები მუდმივად იმეორებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ დაუბრუნდებოდნენ.
თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში - კანონპროექტს ხშირად ახსენებდნენ, ამართლებდნენ, მის საჭიროებაზე ლაპარაკობდნენ და ექსპერტებს რჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ მას კვლავ დააბრუნებდნენ.
ერთ-ერთი ინდიკატორი „ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ მოწოდებები და მინიშნებები იყო.
- 2023 წლის დეკემბერში, პარლამენტის სხდომაზე, აშშ-ის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) ანალოგის შექმნაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
- 2024 წლის მარტში, როცა „ხალხის ძალა“ პარტიად გარდაიქმნა, ახალმა თავმჯდომარემ - სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აუცილებელი იყო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის“ [ე.წ. აგენტების შესახებ კანონი] მიღება და რომ ეს დროც აუცილებლად დადგებოდა.
პირობის დარღვევასა და კანონის ხელახალ ინიციირებას მამუკა მდინარაძე იმით ხსნის, რომ - უცხოურმა დონორმა ორგანიზაციებმა არ შეასრულეს დაპირება და არ გაზარდეს გამჭვირვალობა.
„ოცნების აღმასრულებელი მდივანი არ აზუსტებს - კონტერულად როდის, ვისგან და რა დაპირება მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციებიც და უცხოელი დონორებიც, შარშან თუ წელს, მუდმივად აცხადებდნენ, რომ - მათი ფინანსები სრულიად გამჭვირვალეა და მესამე სექტორს თავიანთი პროექტების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებსაიტებზეც აქვს გამოქვეყნებული.
„პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩათვლით, ვირჩევთ სრულად ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში; რაც, როგორც წესი, მოიცავს USAID-ის საჯარო განაცხადს პოტენციური პარტნიორებისთვის, თუ როგორც შეძლებენ ისინი დაფინანსების მიღებას USAID-ის დახმარების იმპლემენტაციისთვის“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას აშშ-ის საერთშორისო განვითარების სააგენტო USAID-ში, 2023 წლის მიწურულს.
უკვე არაერთი თვეა, „ქართული ოცნების“ მთავარ სამიზნეს სწორედ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წარმოადგენს. სწორედ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში დაინახა ხელისუფლებამ „ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადება“ - CANVAS-ის "ტრეინინგების საქმის" გამოძიება დაიწყო სუს-მაც.
USAID-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ორგანიზაცია CANVAS-ი ეხმარება ქართველებსა და მათ ოჯახებს, მშვიდობიანად დაიცვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები", როგორიც არის, მაგალითად - ჯანმრთელობა თუ კულტურული მემკვიდრეობა.
ორგანიზაცია CANVAS-ი 3 აპრილს, ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემაც ახსენა - როგორც უცხო ქვეყნის დამაზიანებელი ინტერესების გამტარებელი საქართველოში.
"რუსული კანონი"
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს დაფინანსების გამჭვირვალობა პრობლემად საერთოდ არ მიაჩნია, როცა ორგანიზაციებში ფინანსების მოძრაობის ყველა დეტალი ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი საგადასახადო ორგანოებისთვის და „კონტროლი ამ გზითაც თავისუფლად შეუძლია სახელმწიფოს“.
შარშანდელის მსგავსად, კონსტიტუციონალისტი წელსაც ლაპარაკობს ხელისუფლების სურვილზე - „ლაგამი ამოსდოს“ კრიტიკულ არასამთავრობო სექტორსა და მედიას, ხოლო შემდეგ - "გადაუკეტოს ფინანსები".
„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანონპროექტი მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის წარდგენას ითვალისწინებს.
ექსპერტებს კი, ეჭვი თითქმის არ ეპარებათ, რომ თუკი საწყისი ვარიანტი დამტკიცდება, კანონის მოთხოვნების თანდათან დამძიმება საქართველოშიც ისევეა მოსალოდნელი, როგორც ეს რუსეთში მოხდა.
„რატომ არის ეს კანონი რუსულიო - კითხულობენ ["ოცნებაში"]... იმიტომ არის რუსული, რომ ასეთი კანონი თავის დროზე მიიღო რუსეთმა და შემდეგ თანდათან გაამკაცრა - აგენტის სტატუსი იქ ჯერ მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდებოდა, შემდეგ გაავრცელეს ფიზიკურ პირებზეც.
თანდათან დამძიმებული რეგულაციებით რუსეთში ბევრი ორგანიზაცია დაიხურა. რაზე დაყრდნობით უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იგივე არ მოხდება აქაც?! ეს ამერიკაში მოქმედი კანონის [FARA] მსგავსიაო - რომ ამბობენ, არა, ბატონებო, არ არის ეს ასე“, - ეუბნება ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებას.
"ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობისთვის, როგორც ამბობენ, მიუღებელია ტერმინი - „რუსული კანონი“.
გაცოცხლებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს სწორედ „რუსულ კანონს“ არქმევენ პარლამენტში, სადაც დაპირისპირებაც იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდანაც კი გააძევა.
„ბატონო შალვა, იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას შეურაცხყოფაა და ამ ქვეყნის...ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! წერტილი არა, ძახილის ნიშანი! და ნუ აკეთებთ ამას... ერთი-ერთში გაქვთ ნათარგმნი“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა ელისაშვილმა.
მისი ეს სიტყვები შალვა პაპუაშვილმა "ანტიქართულ პროპაგანდად“ შეაფასა და თქვა, რომ ამის უფლებას არავის მისცემდა.
დეპუტატებმა დააანონსეს ბრძოლა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ ოპოზიციის დეპუტატების თქმით, საჭიროა ბრძოლა, რომ პარლამენტმა „რუსული კანონი“ არ მიიღოსე.წ. აგენტების შესახებ კანონი „რუსული კანონია“ პრეზიდენტისთვისაც.
სალომე ზურაბიშვილმა ეს სიტყვები არაერთხელ გაიმეორა, 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. თქვა ისიც, რომ „ოცნებამ“ საბოლოოდ გამოაჩინა ნამდვილი სახე - ევროპას „არა“ და „მკაფიო უარი“ უთხრა.
პრეზიდენტი გამოსავალს მომავალ არჩევნებში, ხალხის ერთიანი ევროპული დროშის ქვეშ გაერთიანებაში ხედავს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დროშა ბოლომდე თავად ეჭირება, მაგრამ არ აკონკრეტებს - ნიშავს თუ არა ეს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი: ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ
"ოცნებას" იმედი აქვს, რომ ამჯერად ხალხის პროტესტი არ იქნება.
3 აპრილს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ შარშან ხალხი შეცდომაში შეიყვანეს "არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა ლობისტებმა", ხოლო "ოცნებამ" ხალხთან სწორი კომუნიკაცია ვერ მოახერხა. ახლა კი - ამ შეცდომის გამოსწორებასა და კანონის მშვიდად დამტკიცებას გეგმავენ.
თუმცა პროტესტი უკვე სოციალურ ქსელებშიც იკვეთება. 3 აპრილს, აქცია გამართეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს უჭირს თქმა - რა რეაქცია ექნება ხალხს ამჯერად და გამოვლენ თუ არა ადამიანები ქუჩაში; თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ „მეტად სარისკო“ გადაწყვეტილების განსახორციელებლად „ოცნებას“ იოლი გზა არ ელის.
ხმალაძე იხსენებს, რომ შარშან მარტში, ხალხის "მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი" იყო "კანონპროეტის დამტკიცების დროსთან დაკავშირებული ტყუილი - თქვეს დღეს არ იქნებაო და ზუსტად იმ დღეს გაიტანეს".
იმ პირობებში, როცა საქართველო ჯერ ისევ ევროინტეგრაციის გზის დასაწყისშია და მას წინ უსწრებენ უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ექსპერტები „რუსული კანონის“ გაცოცხლებას ევროპულ გზაზე შემაფერხებელ სახიფათო რისკად განიხილავენ.
ეს რომ ასეა, საქართველოს არაერთხელ უთხრეს ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან, ჯერ კიდევ შარშან.
„არ ვიცი, ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ პირადად მე - ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ვხედავ რაიმე შანსს იმისა, რომ დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან [კანდიდატის სტატუსის შემდეგი ეტაპი] , - ეუბნება ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებას.