ერთი დღე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში: შერჩევა

გორში, სასამართლოს დარბაზში დაძაბული მოლოდინის სიჩუმეა. უკვე საათზე მეტია, ადამიანები ხის უხეშ სკამებზე სხედან და მოსამართლეს ელოდებიან. არც ჩურჩული ისმის, არც ხმადაბალი გადალაპარაკება, - ეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, და არც მაინცდამაინც უნდათ, რომ გაიცნონ. ქურთუკსაც კი არავინ იხდის, უმეტესობას საერთოდ არ უნდა ყოფნა აქ, სადაც მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. თავს შინაურებად მხოლოდ პროკურორები და ადვოკატი გრძნობენ - ერთმანეთს მეგობრულად ემასლაათებიან ჯანმრთელობაზე, შვილებზე, გეგონება, მომდევნო საათების განმავლობაში ერთმანეთს კბილს არ მოუსინჯავენ, მათი „ცდისპირი“ კი სწორედ დარბაზში მსხდომი ხალხი იქნება.

დღეს ნაფიცი მსაჯულების შერჩევითი სხდომაა, განზრახ მკვლელობის საქმეზე.

რა საქმეებს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები

2010 წლიდან საქართველოში მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს 12 ადამიანისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ეს შეიძლება იყოს: განზრახ მკვლელობა, ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, ტრეფიკინგი - სულ 17 სხვადასხვა მუხლი. ბრალდებულს აქვს უფლება, უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე. ასეთ შემთხვევაში საქმეს მხოლოდ მოსამართლე განიხილავს.



დარბაზში არიან ტელეფონში თავჩარგული ახალგაზრდები, საშუალო ასაკის ხალხი, რომელთაგან ზოგი ხელში უხერხულად ატრიალებს კანდიდატის ნომერს, და მოხუცი ქალიც, რომელიც ფსალმუნებს კითხულობს.


ამ პროცესზე მე მხოლოდ დამსწრე ვარ, თუმცა აქ შეკრებილ 27 ადამიანში რამდენიმე „ჩემს თავსაც“ ვპოულობ, თითქოს მეტროს ერთი ვაგონის შემადგენლობა ვართ, ოღონდ იმის მაგივრად, რომ სამსახურში ჩვენ-ჩვენს საქმეებზე გავრბოდეთ, სხდომის დაწყებას ველოდებით. რამდენიმე საათში გაირკვევა, ვის მისცემენ უფლებას, გადაწყვიტონ, გაუშვან თუ არა ციხეში ბრალდებული, ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც აქვე, ჩვენგან განცალკევებით შუშის მიღმა ზის.

დარბაზში მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი შემოდის და ჩვენც ფეხზე ადგომას გვიბრძანებენ. შეიძლება სხვებსაც ჩემსავით ახსენდებათ, როგორ წამოვხტებოდით ხოლმე კლასში სკოლის დირექტორის შემოსვლისას. მოსამართლე სიტყვასაც მკაცრი მასწავლებელივით იწყებს, რომელსაც სურს, მოსწავლეებს განათლების მნიშვნელობა შეასმინოს:

ეს ძალაუფლებაა, როდესაც საზოგადოება თავად იღებს გადაწყვეტილებას. სამართლიანობის განცდას მოაქვს სხვა სიკეთეები, ეს არის სტიმული, რომ ქვეყანა განვითარდეს
მოსამართლე


„შეიძლება იფიქროთ, რა შუაში ვართ ჩვენ, კანონებში ვერ ვერკვევით, მაგრამ, ადამიანი ოდითგანვე ახერხებდა შავის და თეთრის გარჩევას. უნდა გასცეთ ერთადერთ კითხვას პასუხი - არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე. ეს ძალაუფლებაა, როდესაც საზოგადოება თავად იღებს გადაწყვეტილებას. სამართლიანობის განცდას მოაქვს სხვა სიკეთეები, ეს არის სტიმული, რომ ქვეყანა განვითარდეს. შეუძლებელია, ეკონომიკურად ან სხვაგვარად წავიწიოთ წინ, თუ ეს არ არის“.

ვის იძახებენ სასამართლოში

ნაფიც მსაჯულებს სრულწლოვანი მოსახლეობიდან, შემთხვევითი პრინციპით ირჩევენ. წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარეები ორნიშნა რიცხვებს ასახელებენ, მაგალითად, „10“ და „26“. პროგრამა დასავლეთ ან აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებთა სიიდან ყოველ 1026-ე ადამიანს აარჩევს, სულ 100-ს, 200-ს ან 300-ს, 18 წელს გადაცილებულ პირს.

ნაფიცი მსაჯული არ შეიძლება იყოს:
1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
2. პროკურორი;
3.გამომძიებელი;
4. პოლიციელი;
5. ადვოკატი;
7. მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
8. სასულიერო პირი;
9. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის პირდაპირი ან ირიბი მონაწილე;
10. ბრალდებული;
11. ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ჯარიმა დააკისრეს, და ამ მომენტიდან ჯერ კიდევ არ გასულა ერთი წელი;
12. ნასამართლევი.

ითვლება, რომ ეს პირები მიკერძოებულად იმსჯელებენ დაცვის თუ ბრალდების სასარგებლოდ.

კანდიდატებს ფოსტით 21-კითხვიანი ანკეტა მისდით, რომელშიც მოკლედ, მშრალად არის განმარტებული საქმის რაობაც. კანდიდატები კითხვარს შერჩევის პროცესის დაწყებამდე 20 დღით ადრე აგზავნიან. თავის არიდებაზე ჯარიმაა, 500-დან 1500 ლარამდე. პროცესამდე არაუგვიანეს 5 დღისა, შევსებული კითხვარები ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს.



მოსამართლე ნაფიცი მსაჯულების კანდიდატებს უყვება, როგორ მოაღწია ინგლისიდან ჩვენამდე ამ ინსტიტუტმა 2010 წელს, როგორ იბრძოდა ილია ჭავჭავაძე მის დასანერგად და როგორ დაარქვა მსაჯულს „რჩეული კაცი“, „რომელსაც ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი“ აბარია. სიტყვას კი იმით ასრულებს, რომ მათ, ვინც სამართალაღსრულებაში მონაწილეობის ვალს თავს არიდებს, არ აქვთ უფლება, სასამართლო სისტემა გააკრიტიკონ, და სიტყვას პილატეს ხელების დაბანის ამბით ასრულებს.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა მაინც თვითაცილების რამდენიმე თხოვნით იწყება. კანდიდატი 9 ამბობს, რომ წარმოების უფროსია და საქმეს ვერ მიატოვებს, კანდიდატ 18-ს სახლში მცირეწლოვანი შვილები და ონკოავადმყოფი ჰყავს, კანდიდატი 23 საბერძნეთში მიდის ემიგრანტ დედასთან.

მსაჯულების უფლება-მოვალეობები

● კანდიდატებს თვითაცილების საშუალება აქვთ. მათ მოსამართლეს უნდა დაუსაბუთონ, რატომ ვერ მიიღებენ პროცესში მონაწილეობას. ასეთი მსურველი ყოველთვის ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს როგორც სამსახურის განაცდურს, ასევე მგზავრობისა და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროსა და კვების ხარჯებს.

● თვითაცილების მიზეზი შეიძლება იყოს მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა-პატრონობა, საზღვარგარეთ გამგზავრება, სუსტი ჯანმრთელობა ან 70 წელს ზევით ასაკი, ან ისეთი საქმიანობა, სადაც კანდიდატი შეუცვლელია.

მხარეებთან მცირე თათბირის შემდეგ მოსამართლე ზოგ კანდიდატს ათავისუფლებს, ზოგს კი მაინც ტოვებს. შემდეგი ეტაპი მსაჯულების დაკითხვა იქნება, და გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ კითხვებს - დაკვირვებული ადამიანი, ასე საქმის ვითარებას გამოიცნობს.

თავიდანვე მეუცნაურა, რომ პროცესზე მარტო ერთი ადვოკატი და სამი პროკურორი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შერჩევით ეტაპზე ასეთმა დეტალმაც სულ შეიძლება დარბაზის განწყობა შეცვალოს.

შერჩევის პროცესი და მხარეების სტრატეგია, რომელსაც აქ ვაკვირდებოდი, მოგვიანებით ადვოკატ ანა ებანოიძესთან განვიხილე. ანა კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარია. ის 100-ზე მეტ შერჩევით სხდომაზეა ნამყოფი და ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მონიტორინგს უწევს.

ბრალდებულს თუ ერთზე მეტი დამცველი ჰყავს, მსაჯულებს შეიძლება შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ადვოკატის დაცვა სჭირდება, მართლაც დამნაშავეა.



არც ადვოკატი, არც პროკურორები და არც დამსწრეები არ შეიძლება ერთი ერთზე დარჩნენ კანდიდატებთან. ამას მანდატური უნდა აკონტროლებდეს. მაგალითად, მე ასეთი შესაძლებლობა შესვენებაზე მქონდა, რაც პროცესუალური დარღვევაა.

დარბაზში ათწუთიანი შესვენების შემდეგ ვბრუნდები. 18 დარჩენილი კანდიდატი უკვე ბრალდებულის პირისპირ ზის, მოსამართლესთან ახლოს, დამსწრეების სკამზე კი მხოლოდ მე და სტაჟიორი იურისტი ვრჩებით. ჩვენ წინ ღია სივრცე სცენას ჰგავს, რომელზეც პირველი ახალგაზრდა, თავდაჯერებული პროკურორი გამოდის.

„გსმენიათ ამ საქმეზე? გეცნობათ ბრალდებული?“ - არავის არ ეცნობა. ბრალდებულს თავი ხელებზე აქვს ჩამოყრდნობილი და სივრცეში იყურება, თითქოს არც არის აქ.

„არსებობს შემთხვევა, როცა გამართლებულია მკვლელობა?“ - უცებ კითხულობს პროკურორი.

მოულოდნელი კითხვისგან დამუნჯებულ დარბაზში ერთი ქალი ფრთხილად სწევს ხელს („ჯერ კანდიდატის ნომერი თქვით!“ - ახსენებს მოსამართლე):

კანდიდატი... 8. მე ქრისტიანი ვარ და გამიჭირდება, განვსაჯო ადამიანი“.

„ვერ დავეთანხმები კოლეგას!“ - მაშინვე ყვირის უკანა რიგებიდან კანდიდატი 15, კაცი, რომელმაც თვითაცილება სცადა, მაგრამ წარუმატებლად. მას მიკროფონს გადასცემენ. „გამართლებულია მხოლოდ როცა ომია!“ - ამბობს ხმამაღლა. მოსამართლე თვალს უსწორებს.

„ომის დროს სხვა ქვეყანა თავს გესხმით და თქვენ სამშობლოს იცავთ. და თქვენ, პირადად თქვენ რომ გესხმიან თავს და თავდაცვა გსურთ, მაშინაც გაუმართლებელია?“

კანდიდატი 15 ცოტა დაიბნა - სიტუაციას გააჩნიაო. ამასობაში კანდიდატი 26, წითელპალტოიანი ქალი, უფრო გაბედულად ითხოვს სიტყვას.

თავდაცვის მიზნითაც უნდა ისჯებოდეს. თუ ეს შეძელი, ესე იგი შენში პოტენციური მკვლელია, თუ არ ხარ პოტენციური მკვლელი, მაშინ ვერც მოკლავ“.

„და თქვენს შვილს ვინმე რომ შეეხოს?“ - უბრუნებს კითხვას მოსამართლე.

„არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ ადამიანის მოკვლას ვერ შევძლებ“.

„და ომში წასული ჯარისკაცები? დავით აღმაშენებელი - მკვლელი ზის მასში? თქვენს შვილებს თუ დაიცავთ და კაცს მოკლავთ, უნდა დაისაჯოთ?“

„კი“, - ამბობს ქალი.


„მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამთ ყველას, - ერთვება პროკურორი, - შურისძიების ნიადაგზე მკვლელობა გამართლებულია?“

„კი, კი...“ - თანხმობის ნიშნად თავს რამდენიმე ადამიანი აქნევს.

შვილის მკვლელს რომ ვაპატიოთ, უარესი იქნება...
კანდიდატი # 8

მოსამართლე ოდნავ გაკვირვებულია. მათ შორის, ვინც შურისძიების გამო მკვლელობას ამართლებს, ძირითადად შუა რიგში მსხდომი ქალები არიან. მიკროფონს ერთ-ერთ მათგანს გადასცემენ, სწორედ იმ კანდიდატ 8-ს, რომელიც ათი წუთის წინ ამბობდა, ადამიანს ვერ განვსჯიო.

„შვილის მკვლელს რომ ვაპატიოთ, უარესი იქნება საზოგადოებისთვის“.

„აფექტში არ ხართ, ქალბატონო. ისე წარმოიდგინეთ, რომ აი, ერთი წელი გავიდა და თქვენ იღებთ იარაღს და მიდიხართ იმ ადამიანთან და კლავთ. შეგახსენებთ, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებული გვაქვს ამ ქვეყანაში. ანუ შვილის მკვლელის მკვლელს გაამართლებდით?“

„სასჯელი მაინც რომ შევუმსუბუქოთ?“ - ამბობს სხვა ქალი, რომელმაც მანამდე თქვა, პატარა ძმისშვილები მყავსო.

„სასჯელი თქვენი პრეროგატივა არ არის. თქვენ უნდა თქვათ, დამნაშავეა თუ არა, უშვებთ ციხეში თუ არა“.

პირველი რიგიდან ახალგაზრდა ქალი, კანდიდატი 17, სწევს ხელს.


„ყველა ასე რომ მოვიქცეთ, სადამდე მივალთ? ვფიქრობ, შურისძიება არაა საკმარისი მოტივი, რომ მკვლელი გავამართლოთ“.

„მკვლელობა მკვლელობაა...“ - მაშინვე ისმის რამდენიმე ხმა თითქმის ერთდროულად.

ამ სხდომაზე შემდეგაც არაერთხელ დავრწმუნდები, რომ გაბედულად გაჟღერებული საპირისპირო აზრი ყოველთვის მოიპოვებს 2-3 თანამოაზრეს. ისიც შევამჩნიე, რომ გამოკითხვის განმავლობაში დაცვისა და ბრალდების მხარეები ასეთ კანდიდატებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ და ბლოკნოტში სულ რაღაცას ინიშნავდნენ.

გამართლებულია კი მკვლელობა, თუ იარაღი მოგიშვირეს, მაგრამ დაასწარით?
პროკურორი


პროკურორს დაკითხვის პროცესში ახალი დეტალი შემოაქვს - მკვლელობა თავდაცვის მიზნით. გამართლებულია კი მკვლელობა, თუ იარაღი მოგიშვირეს, მაგრამ დაასწარით? თუ არ არის მოშვერილი უშუალოდ? თუ უბრალოდ იცით, რომ ჯიბეში უდევს?

ამ რთული კითხვებით აწრიალებული კანდიდატები ორჭოფობენ და პირდაპირი, ცალსახა პასუხების გაცემისგან თავის დაძვრენას ცდილობენ - გააჩნია, ვინ, როგორ იარაღს მიშვერს, სახლშია თუ გარეთ ხდება, შემიძლია გავიქცე თუ არა - მაგრამ მოსამართლე ყოველ ჯერზე გზებს უჭრის, მას ნაფიცი მსაჯულების კანდიდატების მკაფიო პოზიციები სჭირდება. თან ცდილობს, ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებში გამოიჭიროს. მაგალითად, ასე:

„თქვენს მეზობელს აივანზე აქვს მიყუდებული თოფი, გემუქრებათ, მოგკლავო, თქვენ ამოიღეთ იარაღი და მოკალით. ეს თავდაცვაა?“ - პირდაპირ მიმართავს კანდიდატ 8-ს.
„არა, არ არის. მაშინ მე ვარ მკვლელი“.
„და თუ ქმარმა ცოლს უთხრა, დილით მოგკლავო, დაიძინა და იმ ქალმა ძილში მოკლა? ეს თავდაცვაა?“
„მაშინ... მაშინ თავდაცვაა“, - ამბობს კანდიდატი, თუმცა უკვე ნაკლებადაა დარწმუნებული საკუთარი პასუხის სისწორეში.

ანას გავუზიარე ჩემი დაკვირვებაც, რომ კანდიდატები ცდილობენ უპასუხონ ის, რაც „სწორია“, წინასწარ გამოიცნონ, რომელი პასუხი წარმოაჩენს მათ „კარგ მოქალაქეებად“.

„ადამიანები მაინც ფიქრობენ, რომ სასამართლო არის სადამსჯელო ორგანო, რომ იქ გაფასებენ და თუ რამეზე არასწორად უპასუხებ, ამას სასჯელი მოჰყვება. თუ დააკვირდით, როცა ზოგად კითხვას დასვამენ, ხშირად არის ფარული უარყოფა ან დათანხმება, მაგრამ, როგორც კი ვიღაცა განსხვავებულ აზრს იტყვის, ეგრევე სხვებსაც გული მიეცემათ, რომ თურმე შეიძლება განსხვავებული აზრის დაფიქსირება. ზოგიერთი არამყარია, ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ. ყოველთვის არის ნაფიც მსაჯულებში ერთი ლიდერი, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს და ხელში იყვანს სხვებს“.

"ენდობით თუ არა პოლიციელს და დაგაეჭვებდათ თუ არა პოლიციელის ჩვენება?''
პროკურორი

შემდეგი, რაც პროკურატურას აინტერესებს - რას ფიქრობენ კანდიდატები პოლიციაზე - ენდობით თუ არა პოლიციელს და დაგაეჭვებდათ თუ არა პოლიციელის ჩვენებაო. აქ ორჭოფობა ფაქტობრივად არ ყოფილა - კანდიდატები პოლიციას ან ცალსახად პატივს სცემენ, ან მკვეთრად არ ენდობიან. ერთმა ქალმა პოლიციასთან საქმის დაჭრის შემდეგ საკუთარი ცუდი გამოცდილების მაგალითი მოჰყვა, კანდიდატმა 17-მა კი, რომელსაც გონებაში „ჩემი წარმომადგენელი“ დავარქვი, რადგან ასაკითაც და მსჯელობითაც ერთმანეთს ვგავდით, ის შემთხვევაც გაიხსენა, რაც მეც თავში მიტრიალებდა - სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციელმა მეტროში მოზარდზე იძალადა. „ნაკლები ნდობა მაქვს ამ სისტემის მიმართ“, - შეაჯამა მან.

თუ პროკურორი პოლიციასთან დამოკიდებულებაზე კითხულობს, დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმეში მოწმე პოლიციელია, ან არის მტკიცებულება, რომელიც დაცვამ გაასაჩივრა. ხშირად იხსნებიან კანდიდატები, რომლებიც პოლიციას არ ენდობიან:

„მსგავსი დამოკიდებულება თუ აქვს კანდიდატს, ის ყოველთვის მიკერძოებული იქნება და ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული“, - ამბობს ანა ებანოიძე.


სხდომის დაწყებიდან მეოთხე საათი იწურებოდა, როცა პროკურატურის კითხვები თანდათან გართულდა და გავიფიქრე, რომ ბრალდება ირიბად არგებდა კითხვებს საკუთარ სტრატეგიას, საქმის დეტალების გაუმხელად. გარდა ამისა, ორივე მხარე ცდილობდა, გამოევლინა მერყევი, ემოციებს ამყოლი კანდიდატები, რომლებზეც სხვებს ადვილად შეეძლოთ გავლენის მოხდენა. დროსთან ერთად კანდიდატებში რამდენიმე ლიდერიც მკაფიოდ გამოიკვეთა.

კითხვების მომდევნო ხაზი საკუთარ სინდისთან კომპრომისს ეხებოდა და, სავარაუდოდ, უფრო მერყევი კანდიდატების ამოცნობას „უმიზნებდა“: შეიცვლით თუ არა აზრს, თუ მხოლოდ თქვენ ფიქრობთ განსხვავებულად? თუ დაგემუქრნენ, დაექვემდებარებით თუ მოსამართლეს აცნობებთ? და თუ საყვარელი ადამიანი გთხოვთ პოზიციის შეცვლას, მოსამართლესთან დაასმენთ მას?

მხარეები იკვლევენ იმ კანდიდატებს, ვისი ოჯახის წევრებიც შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ან პოლიციაში მუშაობდნენ. ნაფიც მსაჯულზე ზემოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ პროცესის დროს ცდილობენ, ასეთი კანდიდატები მოხსნან.

პროკურატურა ხშირად სვამს კითხვას - „წარმოიდგინეთ, ფაზლს აწყობთ და რამდენიმე ნაწილი აკლია, მაგრამ მთლიან სახეს ხედავთ, შეგიშლით თუ არა ეს ხელს დასკვნის გამოტანაში?“ - ეს კითხვა იმ შერჩევაზეც იყო, რომელსაც მე ვესწრებოდი. ანა ებანოიძის გამოცდილებით, ასე ხდება, როცა ბრალდებას სურს, გარკვეული მტკიცებულებების ნაკლებობა გაამართლოს.



ადვოკატს, რომელიც პროკურორზე უფრო ხნიერი იყო, ბევრი კითხვა აღარ დაუსვამს, ჩემი აღქმით, ძირითადად საქმესთან მიახლოებული დეტალების მიმართ კანდიდატების განწყობის გარკვევას შეეცადა. მაგალითად, იკითხა - ვიღაცა ქვით თუ იწევს ჩემზე, მე კი იარაღი ვესროლე, ამას აქვს თუ არა მნიშვნელობაო. ამ მომენტში ვივარაუდე, რომ მკვლელობის საქმეში, რომლის მოსმენაც ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ, ორი, სხვადასხვა იარაღი ფიგურირებდა. დაისვა კითხვა ორი ექსპერტის განსხვავებული მოსაზრების შესახებ, და სასულიერო პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რაზეც კანდიდატებმა თქვეს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაულს ვინ ჩაიდენსო.

როგორც იქნა, თითქმის რვა საათის შემდეგ, დაკითხვა დამთავრდა. მისავათებულმა კანდიდატებმა დარბაზი დატოვეს, თუმცა მხარეები ფხიზლად იყვნენ - მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი, დასაბუთებული აცილების ეტაპი დაიწყო.

პროკურორები და ადვოკატი სწრაფად შეთანხმდნენ იმ კანდიდატებზე, რომლებსაც ორივე მხარე ტოვებდა. იმ კანდიდატების „ჩაგდებაზეც“, ვინც აუცილებელ მოგერიებას [მკვლელობა თავდაცვის დროს-რ.თ] არ ამართლებდა, ან შურისძიებას ამართლებდა, ვინც ემოციების გამო დანაშაულს ჰპატიობდა, ვინც გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას გაურბოდა.


მხარეებმა, ძირითადად, იმ კანდიდატებზე იდავეს, რომლებიც ცალკეული შემთხვევების განზოგადების გამო პოლიციას არ ენდობოდნენ, დავას წერტილი მოსამართლემ დაუსვა, მხარი დაუჭირა ასეთი კანდიდატების მოხსნას - ყველას ერთ ქვაბში ვინც ხარშავს, ნაფიცი მსაჯული ვერ იქნებაო.

ადვოკატი მე-15 კანდიდატის მოხსნასაც ითხოვდა, იმის, რომელიც ყველა კითხვაზე დიდი მონდომებით პასუხობდა და ყოველთვის „კანონიერების“ მხარეს იყო, რადგან მის გულწრფელობაში ეჭვი შეეპარა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი და მოსამართლე ადვოკატს არ ეთანხმებოდნენ, მან დაუსაბუთებელი აცილების უფლება გამოიყენა და მაინც მოხსნა არასასურველი კანდიდატი. დაუსაბუთებლად კანდიდატის მოხსნა მხარეებს ყველა პროცესის განმავლობაში სულ ათჯერ შეუძლიათ.

ადვოკატი გადაწყვეტილებებს ბრალდებულთანაც ათანხმებდა, თუმცა ფორმალურად - ახალგაზრდა ბრალდებული მთლიანად დამცველს იყო მინდობილი.

საბოლოოდ, 9-საათიანი სხდომის შემდეგაც ვერ შეირჩა საჭირო რაოდენობის მსაჯულები - ორი სათადარიგო დააკლდათ. ამიტომ მხარეებმა ბიჯის ნომრები თავიდან გამოაცხადეს და შემდეგი შერჩევითი სხდომა ათ სამუშაო დღეში დაინიშნა.

„ჩვენ ვეძებთ გაბედულ, მოაზროვნე და ობიექტურ კანდიდატებს“
ადვოკატი

„ჩვენ ვეძებთ გაბედულ, მოაზროვნე და ობიექტურ კანდიდატებს“, - თქვა ადვოკატმა. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე გაბედულებიც დაიწუნეს - დარბაზი იმ კანდიდატებისგანაც დაიცალა, რომლებიც ყველაზე დიდხანს და თავდაჯერებულად მსჯელობდნენ.

ორივე მხარისთვის რისკია ძალიან თავდაჯერებული ტიპი“, - სასხვათაშორისოდ, შესვენებაზე უთხრა ასაკოვანმა ადვოკატმა ახალგაზრდა პროკურორს. „მე მყავდა ერთი ბიჭი პროცესზე, რომელმაც თქვა, ნებისმიერ ადამიანს დავუმტკიცებ ახლა, რომ ღია ფერის პიჯაკი გაცვიათო, როცა ლურჯი პიჯაკი მეცვა. აი, ახლა ეგეთი ტიპი იქ როგორ მოიქცევა, კაცმა არ იცის, და მოვხსენით“.

ორივე მხარე ფიქრობს იმაზე, როგორი ნაფიცი მსაჯულები სჭირდებათ, საქმიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ არის საქმე ოჯახურ ძალადობაზე, მაშინ ბრალდება ცდილობს მეტი ქალი შეარჩიოს, რადგან ქალებს უფრო მეტი თანაგრძნობა აქვთ დაზარალებულის მიმართ, განსაკუთრებით განქორწინებულ ქალებს, რომლებსაც ბრაზი აქვთ დაგროვებული. „მაინც ვცდილობთ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომელიც ჩვენს მდგომარეობას გაიზიარებს. ეს ხომ მაინც ემოციებზე თამაშია“, - ამბობს ანა ებანოიძე.

გამოცხადდა შერჩეული კანდიდატების ნომრებიც. ჩემ წინ ორი ქალიდან ერთმა მეორეს მიულოცა - შენ აგირჩიესო. არადა, თავიდან, დიდად არავის უნდოდა მსაჯულობა.

რჩეულები, სხდომის დასაწყისშივე გააფრთხილეს, რომ ეკრძალებათ სისხლის სამართლის ამ საქმეზე დეტალების კვლევა-მოძიება. თუმცა, ამას არავინ გააკონტროლებს. ისედაც, დაკვირვებული ადამიანისთვის საქმის ერთგვარი „გასაღები“ შერჩევისას დასმული კითხვები გახდებოდა.

ვისი ბედის გადაწყვეტა მოუწევთ ნაფიც მსაჯულებს - მკვლელობის საქმე

2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, 1986 წელს დაბადებულ ანტონ მაისურაძესა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლევან ნამგალაძეს შორის კონფლიქტი მოხდა. ლევან ნამგალაძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ანტონ მაისურაძემ მას ცივი იარაღით არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანტონ მაისურაძე მალევე დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, ის წალკის მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, რომელიც მონასტრის გარეთ ცხოვრობდა, რაც საპატრიარქომაც დაადასტურა. სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებულმა ანტონ მაისურაძემ შინაპატიმრობა ითხოვა, თუმცა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ის პატიმრობაში დატოვა.
ამ საქმეზე არჩეული 12 მსაჯული პირველ არსებით სხდომას 25 თებერვალს დაესწრება.

რედაქტორი და კონტრიბუტორი: ნინო ჯაფიაშვილი