2020 წელი ერეკლე II-ის საიუბილეო წელია. 300 წელი სრულდება იმ კაცის დაბადებიდან, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ომებსა და მტრების მოგერიებაში გაატარა, რომელსაც მთავარმა მოკავშირემ სიცოცხლეშიც უღალატა და გარდაცვალების შემდეგაც, როცა ტრაქტატის პირობები დაარღვია. სწორედ ერეკლე მეორემ მოწყვიტა საქართველო იმ კულტურულ წრეს, რომელსაც ის მანამდე ეკუთვნოდა და, როგორც გერონტი ქიქოძე წერდა, „დაამსგავსა განმარტოებულ კუნძულს, რომლის სანაპიროებს მღელვარე და მტრულად განწყობილი ოკეანის ტალღები ეხეთქებიან“. „ღერკულესი, უძლეველი მეფე“ - ასე უწოდა ერეკლეს მისმა ერთგულმა თანამებრძოლმა სოლომონ ლიონიძემ. ერეკლე II - ის სამასი წლისთავისადმი მიძღვნილ პირველ წერილში ვიხსენებთ „ღერკულესის“ დაბადებასა და სიჭაბუკეს.
დაბადება
დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს თელავის სასახლეში, თუმცა, ლეკების შიშით, სამეფო ოჯახის წევრებს ხან თელავში უხდებოდათ ყოფნა, ხან მანავში და ხანაც სოფელ მაღაროში... კახეთისთვის ამგვარი ვითარება უცხო არ ყოფილა. ერეკლეს დაბადებამდე ბევრად ადრეც დიდი უბედურება ტრიალებდა. შაჰ-აბასის იმ ცნობილი შემოსევების შემდეგ თურმე ისეთ დღეში ჩავარდნილა კახეთის სამეფო, ისე გაღატაკებულა, რომ მეფის ქვეშევრდომებს ძლივს მოუყრიათ თავი 30 ურმისთვის, რათა რუსეთის მეფის, მიხაილ ფიოდოროვიჩის გამოგზავნილი ელჩები და მათი ამალა მეფის სადგომამდე მიეყვანათ. სადგომიც რას წარმოადგენდა? ეს იყო შუამთის ტყეში ჩადგმული წნული ფაცხა, რომელიც ტალახით ყოფილა შელესილი, სახურავად კი ჩალა ჰქონია...
ბიჟინას სიკვდილი
თურქებისა და ლეკების თარეშის გამო კახეთის სამეფო ოჯახი იძულებული გახადა ფშავში გახიზნულიყო. 4-5 წლის უფლისწულ ერეკლეს უწევდა გვერდიგვერდ ცხოვრება გლეხებთან, მწყემსებთან.
ერთხელ ნადირობის დროს ერეკლეს შვლის ნუკრი დაუჭერია, შინაური თხის რძით გაუზრდია და ბიჟინა დაურქმევია. როცა მეფის ოჯახი თელავში დაბრუნდა, ბიჟინამ ხტუნვითა და სირბილით დიდი შეაწუხა ერეკლეს მასწავლებლები ალავერდელი, ბოდბელი და ნეკრესელი ეპისკოპოსები. ამიტომ დრო შეურჩევიათ და როცა ერეკლე შინ არ ყოფილა, დიაცთა სამსჯავროს განჩინების მიხედვით დაუკლავთ. ამის შესახებ წერს გერონტი ქიქოძე ერეკლეს შესახებ დაწერილ მონოგრაფიაში, სადაც ასევე მოხმობილია ერეკლეს მამის, თეიმურაზ II--ის სახუმარო ლექსი „ბიჟინას სიკვდილი“:
„ჩიოდა ამას ბიჟინა, როს ხდომა ჰქონდა სულისა:
„სად მყავს ამ ჩემი ბატონი, ჩემი ამგები ხულისა?
უმისოდ მომკლეს დიაცთა, არ მყვანდა მტკენი გულისა“.
და აწ თქვენ შეგკადრეთ უგრძნობლად სიკვდილი მის ბედკრულისა“.
პირველი გამარჯვება
ერეკლეს პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ლეკებთან ბრძოლას უკავშირდება. როგორც მდივანბეგი ომან ხერხეულიძე წერს, ამ დროს ერეკლე 15 წლისა ყოფილა:
„წელსა 1735 მოვიდნენ ლეკნი და ქისიყი მოარბივეს. მაშინ იყო ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი წლისა თხუთმეტისა, რომელმაც შემოიბარა სოფლებიდან ჯარი, ეწია ნეიშინის მინდორში და ძლიერად შემოებნენ ლეკნი. გარნა თვით ეს ყმა, ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი, მეორედ შევიდა შინაგან ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი; და ამის მხილველთა კახთა ერთპირად მიმართეს ყივილით და წინაწარიქციეს ჯარი ლეკისა, აჰყარეს ტყვენი და საქონელი და მოწყვიტეს უმრავლესნი“.
გერონტი ქიქოძის შენიშვნით, ამ ბრწყინვალე გამარჯვებით გამოვიდა ახალგაზრდა ერეკლე სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის სარბიელზე.
პირველი არჩევანი: ნადირ-შაჰი!
ერეკლე მეორემ ირანელი პოლიტიკოსის და მხედართმთავრის, ნადირ-შაჰის სკოლა გაიარა, რამაც ხელი შეუწყო მისი სტრატეგიული ნიჭის გაშლას და პოლიტიკური ჰორიზონტის გაფართოებას.
ერეკლე და თეიმურაზი მაშინვე მიემხრნენ ნადირს, როგორც კი ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოჩნდა. მამა-შვილს იმედი ჰქონდათ, თუ ნადირი თურქებზე გაიმარჯვებდა, ის ალაგმავდა თურქეთის მოკავშირე ლეკების თარეშსაც.
თეიმურაზმა ჯარი შეაგროვა და თავს დაესხა თბილისში მჯდომი ფაშის ჯარს. ქართველების დახმარებით ნადირმა თბილისის ციხეც აიღო.
ნადირის მოკავშირეობამ საქართველოში მართლაც საგრძნობლად შეამსუბუქა თურქებისა და ლეკების თარეში, მაგრამ, ცხადია, ნადირ-შაჰმა არც ქართველები დაინდო.
მაგალითად გივი ამილახვარს აიძულა მიეთხოვებინა ქალიშვილი,რომელიც ვახტანგ VI-ის ძმისწულ თეიმურაზზე იყო დანიშნული. სოფელ ჭალაში, ამილახვრების სასახლეში ნარდს თამაშობდნენ დანიშნულები, როცა ნადირის ჩაფრები მივიდნენ და ქალი ჰარამხანაში წაიყვანეს. თეიმურაზი გარეჯის უდაბნოში წავიდა და ბერად შედგა. საქართველოს ისტორიაში თეიმურაზ ბაგრატიონი ცნობილია კათოლიკოს ანტონ პირველის სახელწოდებით.
ლაშქრობა ინდოეთში: შახჯანაბადის აღება
სამშობლოში დაბრუნებისას ნადირ-შაჰმა თან გაიყოლა ერეკლეს მამა, თეიმურაზი, რომელიც ასევე იახლა ავღანეთის ლაშქრობაში, მაგრამ შემდეგ მისცა საქართველოში დაბრუნების უფლება, თუ კი უფლისწული ერეკლე ირანში ჩავიდოდა.
„სასურველო ძეო ჩემო!“ - წერდა თეიმურაზი ერეკლეს, - „სადაც ბოროტი შეგვემთხვის, იქ სიკეთეც მოველის. იძულებითა მოგიწერ ესრეთ, რომ შაჰსა სურს განთავისუფლება ჩემი ტყვეობისგან, გარნა მხოლოდ ითხოვს მოსვლას შენსა და რათა თანა წამოიყვანო ასული ჩემი და დაი შენი ქეთევან. მხოლოდ მოსვლაი შენი აქა, სპარსეთად, მომანიჭებს მე განთავისუფლებასა ტყვეობისგან. ესრეთა ნება შაჰისა“.
ყანდარის ციხის აღების შემდეგ ნადირმა საქართველოში გამოაბრუნა თეიმურაზი, 18 წლის ერეკლე კი თან გაიყოლა ინდოეთის ექსპედიციაში, სადაც მონაწილეობა მიიღო შახჯანაბადის ანუ დელის აღებაში.
ერეკლე თავის დას, ბატონიშვილ ანას სწერდა:
„ის ჯანაბათი დაიქცა. მას უკან ჩვენც წამოვედით თავიანთ სახლებში. მესამე ღამეს ერთი თქრიალი და თოფის სროლა მოხდა. თურმე გვიღალატეს. ხელმწიფე შეჯდა და ერთი ოქროს მეჩითი იყო, ჩარდახი ჰქონდა და იქ დაბრძანდა და ყათლანი (ამოხოცვა) ბრძანა იმ ქალაქისა. ღმერთმა იმდენი ღვთის წყალობა მოგცეს, რამდენი კაცი, დედაკაცი და ყმაწვილი იქ მოკლეს... რაც კი უნდოდათ, ჯავაირი (ძვირფასი ქვა), ფლური, ოქრო, ვერცხლი, თუ კი რაც კაცს უნდა, ყოვლისფრით აივსნენ. 4 მაისს ხელმწიფე გამოდგა , ხუთასი სპილო შიგ დარჩეული წამოასხა და ხაზინა რაღა მოგახსენო... დადგა სიცხე, დიაღ ნამეტნავად შეგვაჭივრა; მე ჩქარა გამოვიარე და ურდოში რომ შემოველ, დამიწყო გულის სუსტობა და ერთი ბეწვი გამიწყდა, რომ ცხენიდამ არ გადმოვარდი და ჩემთან ჯიმშერის მეტი არავინ იყო. მას უკან ათეგის წყალზე მივედით. ჯერ იმ მანილზე ალი მირზას ასი თუმანი უბოძა და მეც ორმოცდაათი თუმანი მიბოძა და მას უკან ჩვენი ხანიც ნახა და თითო ცხენიც კიდევ გვიბოძა“.
სამშობლოში დაბრუნება
ხანგრძლივი და მძიმე ლაშქრობის დროს ერეკლე გვერდით ახლდა ნადირ-შაჰს.
„ერეკლე დარწმუნდა, რომ მხედართმთავარი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს უბრალო ჯარისკაცის ერთგულებასა და სიყვარულს, თუ მის ლხინსა და ჭირს გაინაწილებს; მან დაინახა აგრეთვე, როგორც შეიძლება შედარებით მცირე ძალებით მრავალრიცხოვანი მტრის დამარცხება“, - ვკითხულობთ გერონტი ქიქოძის „ერეკლე მეორეში“.
ინდოეთ-სინდეთის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ნადირ-შაჰმა უხვად დაჯილდოებული ერეკლე და მისი მცირე ამალა საქართველოში გამოისტუმრა. ექვსი თვის მოგზაურობის შემდეგ კახეთის უფლისწული ერეკლე 1739 წლის დეკემბერის 13-ს, ღამის ოთხ საათზე, ალავერდში მოვიდა.
ინდოეთის მწველი მზისგან მიღებული რუჯი მთელი ცხოვრება დარჩება ერეკლეს სახესა და ხელებზე, ისევე, როგორც დარჩება ჯიღიანი თავსაბურავი სპარსული მოდის მიხედვით, რაც სიმბოლურად გამოხატავდა იმ ქანაობას, რომელიც კახეთის სამეფოს და მის მფლობელებს უხდებოდათ მაჰმადიანურ აღმოსავლეთსა და ქრისტიანულ ჩრდილო-დასავლეთს შორის.
[გაგრძელება იქნება]
ასევე ნახეთ
გეორგიევსკის „ლეღვის ფოთოლი“ჩვენი „11 სექტემბერი“ - კრწანისის ბრძოლაერეკლე მეფის წერილები პატარა ქალიშვილისადმირატომ „არ ჰყავდა“ ერეკლეს მეზარბაზნეები?ღალატობდა ერეკლეს ცოლი თუ Fake News-ი XIX ს-ში?რა ახსოვს დარეჯანის სასახლეს?