ერგნეთის ტექნიკური შეხვედრა:  ტირიფონის სარწყავი არხით როგორც ქართული, ისე ოსური სოფლები ისარგებლებენ

ტირიფონის სარწყავი არხი (2013).

ერგნეთში  “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის”  ფარგლებში გამართული ტექნიკური შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.  

მხარეების წარმომადგენლებმა განიხილეს მავთულხლართების ორივე მხარეს არსებული სოფლების წყალმომარაგების საკითხი. როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა აქვთ.

ტირიფონის სარწყავ სისტემაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზონკარის წყალსაცავიდან მარაგდება, წყლის დეფიციტია. გუშინ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ამ მიმართულებით თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები უკვე არსებობს, როცა ქართული მხარე წყალს აწვდის სოფელ იკორთას, ხოლო ოსური მხარე წყლით ქართულ სოფელ დვანს ამარაგებს. ამჟამად ოსური მხარე სოფელ წინაგარისთვის წყლის მიწოდებას ითხოვს, თუმცა უკეთეს მდგომარეობაში არც ქართული სოფლების მოსახლეობაა.

ზაფხულის სეზონზე გასარწყავების პრობლემები როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს ყოველწლიურად ექმნება, რადგან ტირიფონის სარწყავი სისტემა გადის როგორც ოსურ, ისე ქართულ სოფლებში. ქართული მხარე ამ სისტემის ზონკარის წყალსაცავიდან მომარაგებას ითხოვს. 2008 წლის ომის შემდეგ ზონკარის წყალსაცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და დე ფაქტო ხელისუფლება მას საკუთარი სურვილის მიხედვით ხან ხსნის და ხან კეტავს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა.

„განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საირიგაციო სეზონზე წყალმომარაგებისუ ზრუნველყოფის საკითხი. მოგეხსენებათ, არის ირიგაციის სეზონი, არის სიცხე. შესაბამისად, წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები სარწყავი წყლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების განხილვა. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ირაკლი ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ საირიგაციო წყლით სოფლების მომარაგების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია ორი წლის წინ.

„ეს შეთანხმება მოქმედებს და, რა თქმა უნდა, ძალაშია, თუმცა პერიოდულად, განსაკუთრებით როდესაც არის ცხელი დღეები, მდინარეში წყლის დონეს ახასიათებს გარკვეული ფლუქტუაცია, რა დროსაც სოფლებს წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება. სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ დღეს, რომ განგვეხილა საკითხები ამ პრობლემის გადასაჭრელად და მინიმუმადე დასაყვანად“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს. ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხს დღევანდელ შეხვედრაზეც შეეხნენ, მაგრამ დეტალური განხილვა სამშაბათს მოხდება.

„მოგეხსენებათ, მომავალ სამშაბათს არის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ასევე მთავარი განსახილველი თემა იქნება კვლავ ჩვენი თანამოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის საკითხი.

საუბარი გარკვეულწილად შეეხო ამ თემასაც. მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ შეხვედრიდან შეხვედრამდე, არამედ კონსულტაციები წარმოებს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 101-ე შეხვედრა ერგნეთში 13 ივლისს გაიმართება.