ეპიდემიის დროს გადამდგარი მერები

გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, 8 აპრილს გამოაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა. რამდენიმე დღის წინ მან პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტიც დატოვა.

არჩეულმა მერმა ქალაქს ფეისბუკით აცნობა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან, თუმცა მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას - თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს“, - წერია გიორგი ჭიღვარიას განცხადებაში.

ქუთაისის მერად 2017 წლის ნოემბერში არჩეული გიორგი ჭიღვარია იმასაც წერს, რომ გუნდთან ერთად ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და დაასრულა და „ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა“.

მერის თანამდებობიდან ჭიღვარიას წასვლის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ, და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. შუშანია ეჭვობს, რომ ჭიღვარია აიძულეს:

„ჩავარდნილი პროექტებისა და ცნობილი სკანდალების შემდეგ, რაც მოჰყვა მისი პორტრეტის დახატვას და გამოფენას იტალიის ერთ-ერთ ქალაქში და არამარტო, დიდი ხანია, განიხილება ჭიღვარიას თანამდებობიდან გაშვება. უბრალოდ, არ უნდოდათ, რომ ჩვენი ფრაქციისა და, ზოგადად, ოპოზიციის მოთხოვნით განხორციელებულიყო და ახლა გადაწყვიტეს. რადგან მთელი მოსახლეობის ყურადღება მიმართულია პანდემიისკენ, დადგა გადაწყევტილების განხორციელების დრო. ჩემი ინფორმაციით, ამ პროცესს სერიოზული დაპირისპირება უძღოდა და მას არ სურდა წასვლა და აიძულეს“.

ასევე ნახეთ გოგი წულაიამ ქუთაისის მერი "სახელოვან მოგზაურად" გამოაცხადა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიგა შუშანიასავე შეფასებით, გიორგი ჭიღვარიას მერობის ორწლიან პერიოდს არაერთი წარუმატებელი და განუხორციელებელი პროექტი უკავშირდება, მათ შორის „თეთრი ხიდის“ დაუსრულებელი რეკონსტრუქცია.

ქართულმა ოცნებამ დაიწყო არჩევნებისთვის მზადება უფრო სწრაფი ტემპით და დაიწყო იმ „რიგების“ დალაგება, რომელიც საარჩევნოდ სჭირდება. მეორე საკითხია დემოკრატიული ფასეულობები, რომ ჩვენ, მოქალაქეებს, სრულიად არ გვაინტერესებს, თუ რა პოლიტიკური ინტრიგები და წიაღსვლები არსებობს პარტიებში.
ნუგზარ კოხრეიძე

სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს მერი უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი სოციალურ პროგრამებზე, ამიტომ გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილება არასწორია, მით უფრო მაშინ, როცა დასაბუთებული არ არის: „რაც განცხადებაში წერია, ეჭვს იწვევს, რომ მისი განცხადებაა. სჭირდება დასაბუთება ფაქტებით, თუ რატომ იღებს მერი მსგავს გადაწყვეტილებას, ასეთ კრიზისულ დროს“.

ის ფაქტი, რომ გიორგი ჭიღვარია გადადგომის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, ეჭვებს უჩენს არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ წამომადგენელს, ნუგზარ კოხრეიძეს, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანიცაა. მისი თქმით, როცა არჩეული მერი მიზეზს არ განმარტავს, ეს დემოკრატიის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. ნუგზარ კოხრეიძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის მერის თანამდებობის გამოთავისუფლება საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მზადებას უკავშირდება: „ქართულმა ოცნებამ დაიწყო არჩევნებისთვის მზადება უფრო სწრაფი ტემპით და დაიწყო იმ „რიგების“ დალაგება, რომელიც საარჩევნოდ სჭირდება. მეორე საკითხია დემოკრატიული ფასეულობები, რომ ჩვენ, მოქალაქეებს, სრულიად არ გვაინტერესებს, თუ რა პოლიტიკური ინტრიგები და წიაღსვლები არსებობს პარტიებში. ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად დაცულია დემოკრატიული პრინციპები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული არჩეული მერის მიერ დამოუკიდებლად“.

გიორგი ჭიღვარია იმერეთის რეგიონში მეოთხე მერია, რომელმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში თანამდებობა დატოვა თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემაც, თუმცა მას განცხადება ფეისბუკითაც კი არ გამოუქვეყნებია. სოფრომაძის გადადგომის შესახებ ცნობილი გახდა 31 მარტს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ, მერის ახალი მოადგილე, ლაშა გოგიშვილი, წარადგინა და თქვა, რომ სწორედ გოგიშვილი შეასრულებს მერის მოვალეობას.

ასევე ნახეთ დროშის ნაჩუქარი დგარის მოსაწყობად ქუთაისში შესაძლოა, 36 ათასი ლარი დაიხარჯოს

ერთი დღით ადრე, 30 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ, მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს პროდუქტი მიუტანა, მეორე დღეს კი გაირკვა, რომ ორივემ თანამდებობა დატოვა.

2019 წელს ზესტაფონის მერის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა კახაბერ მახათაძემ. მიზეზი არც მას დაუსახელებია.

იმერეთის რეგიონში პირველი მერი, რომელმაც თანამდებობა არჩევიდან, დაახლოებით, ათ თვეში დატოვა, ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე იყო, რომელმაც პოსტზე ყველაზე ცოტა დრო, 10 თვე, დაყო. მოგვიანებით ნადირაძემ ფეისბუკზე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები.

ნადირაძის განცხადებით, მას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან პარლამენტში, სულხან მახათაძესთან, საკრებულოს გარკვეულ წევრებთან, პოლიციის უფროსთან და, როგორც თავად წერდა, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან დაპირისპირება ჰქონდა. მისი თქმით, ამ ადამიანებს მისი საქმიანობის გაკონტროლება სურდათ და, რომ ვერ აღწევდნენ, პრობლემებს უქმნიდნენ. ამ დროისთვის პაატა ნადირაძის პოსტი ფეისბუკზე არ იძებნება. როგორც ჩანს, მოგვიანებით წაშალა, თუმცა იგი შემონახულია საინფორმაციო პორტალის - „თვითმმართველობის დროა“ - გვერდზე.

სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, წარმომდგენელი ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ პირდაპირი წესით არჩეული მერების თანამდებობიდან გადადგომა იმის ერთგვარი ნიშანია, რომ ისინი თავისუფალი და დამოუკიდებელი არ არიან : „ეს არის მესიჯი, რომ დღეს არც ერთი არჩეული მერი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, რომ ისინი უნდა იყვნენ მორჩილებაში, რომ მათ ყოველთვის უნდა გაიხედონ ცენტრალური ხელისუფლებისკენ, „დედა“ პარტიისკენ და ა.შ., მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული მოსახლეობასთან. ყველა ის განცხადება, რომელიც მერებმა გააკეთეს, არ შეიცავდა ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის მიმართ“.