10 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია - „ქართული ხელნაწერი“. ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, ვენის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ლექტორი, პროფესორი ემილიო ბონფილიო და პროექტის კოორდინატორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირინა გოგონაია„დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ.
ემილიო ბონფილიო აღნიშნავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელობას და მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმს:
“თბილისში ქართული ხელნაწერების ყველაზე დიდი კოლექციაა. როცა ისტორიაზე ვლაპარაკობთ, არის ფაქტების რეკონსტრუქციისა და ნარატივების შექმნის პრობლემა. შეიძლება იყოს წინააღმდეგობები იმაზე, თუ როგორ იქმნება ეს ნარატივები. მაგრამ როცა მატერიალურ კულტურასთან გაქვს შეხება, განსაკუთრებით ხელნაწერებთან და ეპიგრაფებთან, დოკუმენტებთან, რომლებიც დათარიღებულია, ასეთ დროს ისტორიის შესწავლა იძენს მატერიალურობას (ხორცს ისხამს) და ბევრად რთულია მონაცემებით მანიპულაცია, სხვაგვარი ისტორიის შექმნა.
ასე რომ, შუა საუკუნეების დოკუმენტებზე წვდომა არის პირველი, ფუნდამენტური ნაბიჯი ისტორიის ნარატივების შესწავლამდე. ამის ერთადერთი გზა არის ასეთ ცენტრში ჩამოსვლა, სადაც არიან ექსპერტები, რომლებიც გეხმარებიან ხელნაწერთა წაკითხვაში, გასწავლიან როგორ დაათარიღო, მაგალითად, წიგნი, რომელსაც არ აწერია თარიღი, მაგრამ შეგიძლია დაადგინო მისი ასაკი ყდის, ორნამენტების, ან ხელნაწერის მინაწერი კოლოფონების მეშვეობით. ამრიგად, აგურ-აგურ აშენებქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ კედელს“.
ქართველოლოგიის ზაფხულის საერთაშორისო სკოლა ეწყობა ხელნაწერთა მემკვიდრეობით დაინტერესებული ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. ირინა გოგონაიას თქმით, ინტერესი ღონისძიების მიმართ ძალიან დიდია:
„ცენტრის ავტორიტეტი, სტატუსი და სკოლის თემატიკა იმდენად საინტერესოა, რომ ყოველწლიურად ვღებულობთ არანაკლებ 70 განაცხადა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნიდან. წელს 20 ქვეყნიდან შემოვიდა. შერჩევისას უპირატესობას ვანიჭებთ წამყვანი უნივერსიტეტების ჰუმანიტარული მიმართულების აპლიკანტებს.
კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს მხოლოდ სკოლის მონაწილეების პრეზენტაციებს. ანუ, უშუალოდ სკოლის მსმენელები არიან ლექტორები. ჩვენი იდეა იყო, რომ წამოსულიყო ახალი იდეების გენერირება კონფერენციის დისკუსიების ფარგლებში, რომ შემდეგ დავსახოთ სასწავლო პროექტები ისე, რომ გავიდეთ ევროპულ საგრანტო კონკურსებზე. შემოსული თეზისები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“.
ემილიო ბონფილიო „ქართული ხელნაწერის“ ზაფხულის სკოლაში 2016 წელსაც მონაწილეობდა:
„მივიღე საკმაოდ დიდი ცოდნა შუა საუკუნეების ქართულ კულტურაზე. მნიშვნელოვანია, რომ ის შევისწავლე მატერიალური მონაცემების საფუძველზე, გავიარე ტრენინგი ხელნაწერებში, აგრეთვე ეპიგრაფიკაში, ლიტერატურაში და ზოგიერთ სხვა დაკავშირებულ მიმართულებებში. ამის შემდეგ დავინტერესდი გარკვეული საკითხებით და როცა ვენაში დავბრუნდი, ეს დამეხმარა მესწავლებინა ქართული ისტორია და კულტურა. აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ამას ვერ შევძლებდი“.
Your browser doesn’t support HTML5