დიდ ბრიტანეთში მყოფი სტუდენტის, ანა ქობულიას თქმით, ლონდონში მდებარე მე-18 საარჩევნო უბანზე ამ წუთამდე ასობით ამომრჩეველი დგას.
“უბანზე სულ სამი რეგისტრატორი მუშაობს და ეს რესურსი არასაკმარისია ამომრჩეველთა ნაკადის სწრაფად გასატარებლად”, - ეუბნება ანა ქობულია რადიო თავისუფლებას. ანას თანახმად, უბანზე შესვლის პროცესი უკიდურესად ნელია.
რიგში მდგომ ადამიანებს განუმარტეს, რომ 20:00 საათამდე მისულ ამომრჩევლებს, უკლებლივ ყველას, ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.
ასევე ნახეთ არჩევნებისთვის შორ გზაზე - ემიგრანტები მგზავრობის შესაძლებლობებს ეძებენ
ხალხმრავლობა იყო პარიზშიც. იქ ემიგრანტებს სტრასბურგიდანაც მოუწიათ ჩასვლა, თითქმის 500 კმ-იან გზაზე. მანამდე ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ სტრასბურგში საარჩევნო უბანი გახსნილიყო, იმართებოდა საპროტესტო აქციები, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. „მიეცი ხმა ემიგრანტო 2024“-მა მგზავრობის ორგანიზება ითავა. ახლა ეს ჯგუფები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით უკან ბრუნდებიან.
“მართალია, სტრასბურგში საარჩევნო უბანი არ გაგვიხსნეს, მაგრამ მაქსიმალური მობილიზება იყო. ვისაც მივწვდით, მაქსიმალური კოორდინაცია გავუკეთეთ, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულიყო. ემიგრანტებმა ერთმანეთის მოტივაციით შეძლეს ის, რომ ევროპაში არც სოფელი დარჩა და არც ქალაქი - ქუდზე კაცი რომ არ გამოსულიყო”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტრასბურგში მცხოვრებმა მარი კაიშაურმა.
გვიყვება, რომ სტრასბურგიდან ჩასულებმა თადარიგი დაიჭირეს და გათენებისას, 4 საათზე, უკვე საარჩევნო უბანთან იდგნენ. სხვები კი - ახლაც დგანან რიგში. “იქ უბნები კარგა ხანს კიდევ ვერ დაიხურება”, - გვეუბნება მარი კაიშაური.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საზღვარგარეთ - 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა - 42 ქვეყნის 53 ქალაქში.
საარჩევნო უბნები საქართველოში საღამოს 20:00-ზე დაიხურება. კანონმდებლობით, თუკი ამომრჩეველი 20:00 საათამდე რიგში ჩადგომას მოასწრებს, მას ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება.
კანონმდებლობით, გარეთ უნდა გამოვიდეს საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, აღრიცხოს რიგში მდგომი ადამიანები და ყველა მათგანს უნდა მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.