ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხების მიზეზზე თქვა, რომ: „ემიგრანტები საკუთარი თვალით ვერ ხედავენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება“.
„ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი. იცით, რა ნიაღვარია დეზინფორმაციის და პროპაგანდის, და თუ საკუთარი თვალით ვერ ხედავ, რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის ქვეშ“, - ასე უპასუხა მედიის შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა არჩევნების მეორე დღეს გამართულ პირველსავე ბრიფინგზე.
ჩვენს ვიდეოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მაიკო ჩიტაია, რევაზ დოლიძე, სოფო ჭანიშვილი, მაია კაციტაძე და ხატია კირთაძე გვიყვებიან, რა იგრძნეს და რა გაიფიქრეს, როცა მათი და კიდევ ასობით ათასი ქართველი ემიგრანტის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამი მოისმინეს.
Your browser doesn’t support HTML5
„გამეცინა, რადგან დღევანდელ გლობალურ სამყაროში ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბარი სასაცილოა. ასეთ კომენტარებზე გაბრაზებას აზრი არა აქვს. ჯობს, ჩვენი საქმე ვაკეთოთ და დეზინფორმაციას სიმართლით ვებრძოლოთ“, - მითხრა რევაზ დოლიძემ, რომლის ოჯახი, მეგობრები და ახლობლები საქართველოში ცხოვრობენ.
„მეც ჯერ გამეცინა, მაგრამ მერე ძალიან გავბრაზდი. ასე მგონია, ამას იგრძნობდა ბევრი სხვა ემიგრანტიც, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ არა კეთილდღეობისთვის, არამედ იმიტომ, რომ თავიანთი ახლობლებისთვის შეექმნათ საარსებო პირობები“, - ამ სიტყვებს კი ლონდონში მცხოვრები სოფო ჭანიშვილი გვეუბნება.
ათენში მცხოვრებ ხატია კირთაძეს, პირველი, რაც ირაკლი კობახიძის განცხადების მოსმენის შემდეგ თავში მოუვიდა, იყო ის, რომ პრემიერი ემიგრანტებს დასცინოდა და აბუჩად იგდებდა:
„აღარ ვიცოდი სიმწრისგან რა მექნა. როგორ შეიძლება, ემიგრანტმა არ იცოდეს მის ქვეყანაში რა ხდება, როცა ჩვენი ყველა დილა იწყება საქართველოში ვიდეოზარით საკუთარ ოჯახთან, მეზობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც არნახულ სიღარიბეზე ჰყვებიან. როცა აქ ჩამოსული ყველა ქართველი, ვინც დალაგებით, ვიღაცის მოვლით ნაშოვნ ფულს, ლამის ბოლო თეთრამდე აგზავნის საქართველოში. გადასახადებს იხდის, სესხს ფარავს, ოჯახის წევრების მობილურების ბალანსს ავსებს. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს უთხრა, რომ საქართველოში კარგი მდგომარეობაა და თქვენ ამას ვერ ხედავთო?!“
მაია კაციტაძე, რომელიც მესამე წელია ნიუ-იორკშია ემიგრაციაში, იხსენებს, როგორ ეწყინა ამ სიტყვების მოსმენა, თუმცა მეუბნება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამს ის ვერასოდეს მიიღებს საკუთარ თავზე და, რომ ასე ფიქრობს სხვა ათასობით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი.
„ჩვენ ყველაფერი ვიცით. ყველაფერს ვუყურებთ და ვკითხულობთ, რაც კი საქართველოს ეხება, რადგან აქ არაფერი გვაქვს ინფორმაციის გარდა. ჩვენი ყველა დღე საქართველოთი იწყება“.
შეიძლება არავის ისე არ უჭირავს ქვეყნის პულსზე ხელი, როგორც ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს, - ეს სიტყვები კი აშშ-ში მცხოვრებ კიდევ ერთი ქართველს, მაიკო ჩიტაიას ეკუთვნის:
„პირიქით, ჩვენი მთავრობაა მოწყვეტილი რეალობას და არ იცის, რა ხდება იმ ადამიანების გულსა და გონებაში, ვის სახელმწიფოსაც მართავენ. გავბრაზდი, მაგრამ ეს განცხადება იმაზე გასაბრაზებელი არ იყო, რაც არჩევნებზე გაგვიკეთეს - გვაწამეს. დიახ, არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ნიუ-იორკში იყო წამების ტოლფასი“.
ემიგრანტები უსასრულო რიგში
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველები, იმის გამო, რომ საარჩევნო უბნები მხოლოდ დიდ ქალაქებში გახსნეს, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან დაიძრნენ, ზოგმა მთელი დღეც კი იმგზავრა და შემდეგ მთელი დღე იდგა რიგში ხმის მისაცემად.
ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაზე ოპოზიციამ გაიმარჯვა. მაგალითად:
- აშშ-ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%.
- დიდ ბრიტანეთში - 11.5%
- გერმანიაში 5.3 %
- საბერძნეთში 22.2%
- საფრანგეთში - 10.7%
და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ მაღალი მაჩვენებლები აქვს მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის:
- თურქეთში - 44%
- აზერბაიჯანში - 89.5%
- სომხეთში - 59.7%
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ჩვენც ვთხოვეთ მოეთხროთ საარჩევნო რიგში გატარებული საათებსა და, ზოგადად, არჩევნების დღეზე - მიუხედავად იმისა, რომ რიგში დგომაზე არავინ ჩივის, ყველა თანხმდება, რომ პროცესი იყო მოუწესრიგებელი და დამღლელი. ყველამ რიგში დგომას ვერც გაუძლო.
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები„ეს იყო წამება, მიზანი კი ჩვენი დაღლა იყო“ - ნიუ იორკი
მაიკო ჩიტაიამ ხმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანზე მისცა. ნიუ-იორკამდე ორი საათის სავალი გზა გაიარა, საარჩევნო რიგში კი იდგა დილის თორმეტიდან საღამოს ცხრა საათამდე. ერთ ადგილას 4 უბანი იყო გახსნილი, მაგრამ ამ ოთხი უბნის რიგს არავინ არეგულირებდა - ამიტომ აღმოჩნდა, რომ ოთხსაათიან რიგში დგომის შემდეგ ადგილზე მისულს, უთხრეს, რომ მთელი ეს დრო არასწორ რიგში იდგა და ხელახლა უნდა ჩამდგარიყო:
„იქ არავინ წუწუნებდა და ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა, ამერიკული პოლიციაც კი, მაგრამ ის, რაც ჩვენ მაგ დღეს გავიარეთ, იყო არაადამიანური მოპყრობა“, - ამბობს მაია ჩიტაია და ამ ვიდეოში დაწვრილებით იხსენებს 26 ოქტომბრის გრძელ დღეს.
Your browser doesn’t support HTML5
„მივხვდით, რომ ხმები მოგვპარეს“ - ფრანკფურტი
გერმანიის ქალაქ მიუნსტერში მცხოვრებმა რევაზ დოლიძემ, მეგობრებთან ერთად მანქანით ოთხი საათი იმგზავრა, ფრანკფურტის #14 საარჩევნო უბნამდე რომ მისულიყო და ხმა მიეცა.
კიდევ ოთხსაათ-ნახევარი რიგში იდგა. მას უფრო გაუმართლა, ვიდრე მის მეგობარს, რომელმაც იმავე რიგის მეორე ნაკადში ხუთსაათ-ნახევარი გაატარა. უბანზე სულ სამი რეგისტრატორი მუშაობდა. პროცესი მიდიოდა ნელა და, როგორც რევაზ დოლიძე იხსენებს, ქაღალდის ორივე მხარეს დაბეჭდილ სიებში ამომრჩევლების ძებნა უსასრულოდ იწელებოდა.
შედეგები უკანა გზაზე, მანქანაში წამოეწიათ. რეზი იხსენებს, რომ ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს ვერ იჯერებდნენ. უცებ ყველა იმედგაცრუებამ მოიცვა და მერე ბრაზმა, როცა მიხვდნენ, რომ მათი ხმები მოიპარეს:
Your browser doesn’t support HTML5
რევაზ დოლიძე, რომელიც პროფესიით სამშენებლო ინჟინერია, ფიქრობდა, სამშობლოში დაბრუნდებოდა და თავის გამოცდილებას ქვეყანას მოახმარდა. ახლა დაბრუნების თარიღმა ისევ გაურკვეველი ვადით გადაიწია.
„ადამიანები იდგნენ ჩემოდნებით, ბავშვებით“ - ლონდონი
სოფო ჭანიშვილის დღე 26 ოქტომბერს დილის ექვს დაიწყო და მეორე დილის ექვსზე დასრულდა - ის ლონდონის უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი იყო. იხსენებს, რომ ამომრჩევლების აღრიცხვის პროცესი მიდიოდა ძალიან ნელა. იყო ჩოჩქოლი, ხმაური და რკვევა, ვინ რომელი იყო რიგში. ხალხი ხუთსაათიან რიგში იდგა ჩემოდნებით, ბავშვებით, არ იყო ტუალეტები, უბრალოდ უნდა გაგეძლო, - გვიყვება სოფო.
Your browser doesn’t support HTML5
„ერთი ქალი იმ ბებოსთან ერთად მოვიდა, რომელსაც უვლიდა და ვერ დატოვა“
კატო მიქელაძე ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე რიგში იდგა ზუსტად 7 საათი. როცა საღამოს 7 საათზე ხმის მიცემა შეძლო, გარეთ ისევ იმხელა რიგი იდგა, რამხელაც იქ მისულს დახვდა. რაღაც მომენტში რიგმა მოძრაობა საერთოდ შეწყვიტა და ვიღაცამ ამბავი გამოიტანა, „შუალედური დათვლის პროცესი მიდისო“. ორი საათი ხმის მიცემა შეწყდა.
„დამრჩა განცდა, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ხალხი უბრალოდ დაღლილიყო, თან უკვე ძალიან ციოდა და სახლში წასულიყვნენ. საღამოს შვიდზე ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რიგში დგომას ჰქონდა აზრი თუ უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ“.
კატო მიქელაძის ზოგიერთი მეგობარი უბანზე დილის ხუთ საათზე იმ იმედით მივიდა, რომ ხმას მალე მისცემდნენ და სამსახურებში დაბრუნდებოდნენ, რადგან თუნდაც შაბათ-კვირას დასვენების ფუფუნება, როგორც კატო ამბობს, ბევრ ემიგრანტს არა აქვს. მაგრამ დილის ხუთ საათზეც იდგა უზარმაზარი რიგი.
იყო ორი რიგი, თუმცა თითო რიგში იდგა კიდევ ორ-ორი უბნის ამომრჩეველი, ოღონდ ყველა შედიოდა ერთ შესასვლელში.
„ერთი ქალი იყო მოსული ხმის მოსაცემად, რომელსაც თან ჰყავდა მოყვანილი ბებია ეტლით, რომელსაც უვლიდა, რადგან ფიზიკურად ვერ დატოვა მარტო. ხალხს შიოდა, სწყუროდა, ტუალეტში უნდოდათ გასვლა, მაგრამ მაინც იდგნენ. ერთი 19 წლის გოგო მოვიდა, რომელმაც რიგი დაიკავა, გვთხოვა, რომ „დალაგებაზე“ გაიქცეოდა სამსახურში და მობრუნდებოდა. ოთხი საათის მერე მობრუნდა და მერე კიდევ დიდხანს იდგა ჩვენთან ერთად“.
კატო მიქელაძე იხსენებს, რომ ყველაზე რთული რიგში დგომისას იყო უკვე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები. ისინი ჯერ კიდევ რიგში იდგნენ, ცესკოს გამოცხადებული შედეგებით კი „ოცნება“ იგებდა.
ხმის მიცემის პროცესი ნიუ-იორკში ღამის ორ საათამდე გაგრძელდა. კატო მიქელაძის რამდენიმე მეგობარი ისევ რიგში იდგა და არც თვითონ წასულა სახლში.
„ვამხნევებდით. თან იმედიც გვქონდა, რომ იქნებ ჩვენს ხმებს შეეცვალა რამე... და ამ გაყალბებული არჩევნების მერე კობახიძის განცხადება, რომ თურმე, ჩვენ არ ვიცით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგაზე მეტი ირონია რა შეიძლება იყოს? ვის ეუბნება მაგას, ჩვენ, ვინც სამსახურები დავტოვეთ და წამოვედით მუდმივი წნეხის გამო? ჩვენზე კარგად მართლა არავინ იცის, რა ხდება საქართველოში. ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა ჩინოვნიკისგან ამის მოსმენა“.
ყვირილი, არეულობა და უწყვეტი რიგი ათენში
ხატია კირთაძემ ხმა ათენში მისცა - ის თან ათენის 38-ე უბნის საარჩევნო კომისიის წევრი იყო და იხსენებს, რომ მთელი დღე ამ უბანზე ხმაური და არეულობა იყო. ხან დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, ხან რეგისტრატორმა გადაწყვიტა ბიულეტენი გაეცა ამომრჩეველზე, რომელიც სიებში საერთოდ არ იყო. ხალხი კი მთელი დღე იდგა რიგში უწყვეტად.
Your browser doesn’t support HTML5
ცხრა საათი რიგში - ნიუ-იორკი
მაია კაციტაძე დილის რვის ნახევარზე უკვე ნიუ-იორკის საარჩევნო უბანთან იდგა. მაგრამ უკვე იმხელა რიგი იყო, რომ შესასვლელი არ ჩანდა - ხალხი დილის ექვს საათზე იყო მისული - „ოთხ რიგად იდგნენ ჩახუტებული ქართველები, რადგან მეტი ადგილი არ იყო, გზას ხომ ვერ გადაუკეტავდი ნიუ-იორკის მოსახლეობას“.
ამ ვიდეოში მაიაც ჰყვება ათი კვადრატული მეტრის საარჩევნო უბანზე, სადაც მობრუნებაც კი რთული იყო, ფარულობის პრინციპზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, თუ როგორ იდგნენ შვიდ, რვა, ცხრასაათიან რიგში კალიფორნიიდან ხუთსაათიანი ფრენის შემდეგ მისული ადამიანები, რომლებიც უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ. როგორ დასჭირდა თავად მაიას ორი დღე რეაბილიტაციისთვის.
Your browser doesn’t support HTML5
„ეს იყო ჩვენი გამოცდა, გავჩერდებოდით თუ ვიტყოდით, რომ აღარ შემიძლია, წავედი სახლში“, - მითხრა მაია კაციტაძემ.
ასევე ნახეთ რატომ ქრებიან საკონსულო აღრიცხვიდან საქართველოს მოქალაქეები არჩევნებამდე 4 თვით ადრე?26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს გადალახული.
თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად არის გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების მიერ და ისინი ახალი არჩევნების გამართვას ითხოვენ, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. „ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ როგორ შემოუშვა სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი საქართველომ საარჩევნოდ და რა დაწერა მან