“როქეთმენი” (Rocketman) რეჟ. დექსტერ ფლეტჩერი)
საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი ნარკოლოგიურ კლინიკაში შეიჭრება და თავისი ცხოვრების შესახებ უამბობს აქაურებს - ჰყვება, როგორ დაანება თავი ნარკოტიკებს თითქმის 30 წლის წინ, როგორი ბავშვობა ჰქონდა, როგორ გადალახა ტკივილი, რომელსაც მშობლების გულგრილობა იწვევდა, როგორ დაეუფლა მუსიკას და როგორ გახდა ელტონ ჯონი
ავტორები - რეჟისორი დექსტერ ფლეტჩერი, რომელმაც “ბოჰემური რაფსოდია” დაასრულა) და სცენარისტი ლი ჰოლი, “ბილი ელიოტის” სცენარის ავტორი, მიმართავენ რა მუსიკოსის ბიოგრაფიის ეკრანიზაციას, თავიდანვე ცდილობენ ელტონ ჯონის ისტორია გადააქციონ ყოველი ჩვენგანის, უბრალოდ, ადამიანის ისტორიად, ადამიანისა, რომელმაც არსებითად თვითონ, მხოლოდ თვითონ შექმნა თავისი ცხოვრება. კონკრეტულისა და ზოგადის ამგვარ გაერთიანებას ავტორები აღწევენ არა სადღაც ფინალისკენ (როგორც სხვა ბიოგრაფიულ ფილმებში - მათ შორის ზედაპირულ, სწორხაზოვან “ბოჰემიურ რაფსოდიაში”), არამედ თავიდანვე, როცა ელტონ ჯონს “გაორებული” სახის სამოსში წარმოგვიდგენენ - თან ანგელოზია და თანაც ეშმაკი. მომდევნო ეპიზოდებში კიდევ უფრო თამამდებიან და აღიარებენ, რომ მათი გმირი არა იმდენად ელტონ ჯონია, რამდენადაც ადამიანი, რომელიც თამაშობს ელტონ ჯონს - თანაც, როგორ თამაშობს: არსად, არც ერთ სცენაში არ მიმართავს მის კოპირებას. კინოში ელტონ ჯონის მოსასმენად თუ წახვედით, გული უნდა გაგიტეხოთ: მომღერლის ხმას ვერ გაიგონებთ - მთავარი როლის შემსრულებელი ტერონ ეჯერტონი თავად მღერის ამ სიმღერებს. უფრო მეტიც, გარეგნობითაც კი დიდად არა ჰგავს მუსიკოსს. მგონი, არც ცდილობს ჰგავდეს. ელტონ ჯონი - ის მუსიკოსი, რომელსაც ყველა ვიცნობთ, რომელიც ზოგს გვიყვარს და ზოგს არა, მხოლოდ და მხოლოდ “არქეტიპია” ამ ფილმში, მხოლოდ მასალაა იმისათვის, რომ გვიჩვენონ, როგორ ინახავს კინო ადამიანის ცხოვრებას და კიდევ იმისათვის, რომ დაგვარწმუნონ - არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის გადალახვას ვერ შევძლებთ, თუკი ჩვენი ცხოვრებით ცხოვრების არ შეგვეშინდება. ამაში შეიძლება არ დავეთანხმოთ ავტორებს, მაგრამ, ვაღიაროთ, სასიამოვნოა, როცა გვაიმედებენ - მაშინაც კი, როცა არ გვჯერა, არ გვჯერა, რომ ჩვენი ცხოვრებიდან რამე გამოვა.
“როქეთმენი” არ ჰგავს “ბოჰემურ რაფსოდიას”, სადაც სიმართლე შელამაზებული და გამოტოვებულია. ელტონ ჯონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სცენარზე მუშაობის დროს მას არაფერი დაუმალავს ავტორებისთვის, თავისი ცხოვრების ყველაზე პიკანტური ეპიზოდებიც კი. უფრო მეტიც, ფილმის მსვლელობის პროცესში მაყურებელი ხვდება, რომ მთელი ეს ექსცენტრიკა, ეს ჭრელ-ჭრელი კოსტიუმები, ეს ხმაური მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია სიმარტოვის დასამალავად. ანდა სიმარტოვისგან გასაქცევად. კი, ელტონ ჯონმა მოიწყო თავისი ცხოვრება, მთელ მსოფლიოში ჰყავს თაყვანისმცემლები, მათ შორის გამოუსწორებელი ჰომოფობებიც კი. თითქოს არ გამართლდა დედამისის სიტყვები, მარტო დარჩები, არავის ეყვარებიო, თითქოს ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, ფილმში, რომელიც ასე გამოდის, ცოცხალი ადამიანის ცხოვრების ნაწილია და არა მისი ბიოგრაფია, ერთგვარი მუსიკალური ზღაპარი მოზრდილებისთვის - ფერადი, ჭრელ-ჭრელი, მხიარული.
როცა გმირი კვდება, როგორც “ბოჰემურ რაფსოდიაში”, ფილმის ფინალი მზადაა. როცა სიცოცხლე გრძელდება, ფინალი არ არსებობს მაშინაც კი, როცა ფილმი სწორედაც რომ ფინალური ტიტრებით სრულდება: “ელტონ ჯონმა შექმნა ოჯახი საყვარელ ადამიანთან ერთად და ზრდის ორ შვილს”.
ბედის ირონიით, რუსულ და ჩინურ კინოგაქირავებაში ცენზორებმა ეს ტიტრი ამოჭრეს და დატოვეს მხოლოდ ერთი - “ელტონ ჯონმა შექმნა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”. დაასრულეს არა “ბედნიერი ოჯახით”, არა იმით, რომ წარმატებული ცხოვრება გრძელდება, არამედ შიდსით, ერთ დროს, “პედერასტების დაავადებას” რომ უწოდებდნენ ჩვენში. თუმცა, როგორც იტყვიან “მტრის ჯინაზე”, აღარც შიდსია დღეს სასიკვდილო დაავადება... ჩინეთშიც და რუსეთშიც, რამდენი ტიტრიც უნდა ამოჭრან და როგორც უნდა დაასახიჩრონ ფილმი, მშვენივრად იცის ყველამ, რომ ელტონ ჯონი დიდი ხანია თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და სულაც არაა “დოყლაპია”, როგორც ამას მამამისი ეუბნებოდა ბავშვობაში.
“როქეთმენი” მიუზიკლია, უფრო სწორად, მუსიკალური ფანტაზია, - ელტონ ჯონის ცხოვრების ყველა ეტაპი გაფორმებულია ერთი მისი სიმღერით, - თუმცა მთლიანად ფილმი არანაირად არაა კლიპების თაიგული, არც კოლაჟი. უფრო მეტიც, გადასვლა ეპიზოდიდან ეპიზოდზე იმდენად ორგანულია, რომ ძალიანაც რომ გინდოდეთ, ვერ მიხვდებით, სად გადის საზღვარი ცხოვრების ამ ეტაპებზე. აქ კვლავ ჩნდება “ბოჰემურ რაფსოდიასთან” შედარების სურვილი - იმ ფილმის მთავარი ნაკლი სწორედ წყვეტილობა, ფრაგმენტულობა იყო. “ბოჰემური რაფსოდია” უფრო მეტად ჰგავდა ფრედი მერკურის ცხოვრების სურათებით გაფორმებულ წიგნს და არა კინოს. “როქეთმენში” მუსიკოსის ცხოვრების ყოველი ეტაპი იბადება წინაში, ერთიანი ჯაჭვია - კი, ნახტომებით, “სტოკატოებით” (ელტონ ჯონს რომ უყვარს თავის მუსიკაში, ისეთებით), მაგრამ მაინც მთლიანი და ორგანული. როგორც ვხვდები, ეს ორგანულობა ფილმის ავტორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია: თუკი ცხოვრების, იდენტობის “მშენებლობაზეა” ფილმი, მაშინ პროცესი უწყვეტად უნდა გრძელდებოდეს, ნახტომების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ელტონ ჯონის ცხოვრებაში ღალატიც ბევრი იყო, შურიც, უმადურობაც.
დროის თანდათან მოახლოება გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან “ჩვენკენ”, დეტალების (ინტერიერების, მანქანების, კოსტიუმების, თმის ვარცხნილობის) ცვლილება, განახლება, ანუ ბიოგრაფიის, როგორც პროცესის ჩვენება, იმდენად სასიამოვნო სანახავია, რომ რაღაც მომენტში ხვდები, რომ “როქეთმენში” არც მუსიკაა მთავარი და არც ის, თუ როგორ სრულდება ელტონ ჯონის მუსიკა. მთავარი აქ კინოა - კინო, როგორც დროის დარაჯი, როგორც მოდისა და დიზაინის საცავი და, რაც მთავარია, კინო, როგორც სიცოცხლის საცავი.
ცხადია, დამთხვევაა, რომ “როქეთმენი” ივნისში გამოვიდა ჩვენს ეკრანებზე - მაშინ, როცა აქტივისტები, ვისაც სურს “იცხოვროს თავისი ცხოვრებით” და არა იმ ცხოვრებით, რომელსაც მათ მშობლები, კულტურა, ეკლესია, მედია... დასავლეთი და აღმოსავლეთი... რა ვიცი, კიდევ ვინ უკარნახებს, ეს სასოწარკვეთილი ხალხი მთელ კვირეულს იგონებს იმისთვის, რომ ქვეყანას უთხრან: ისინი დოყლაპიები არ არიან, მათ არ ეშინიათ! მიუხედავად იმისა, რომ არავინ, აი, მართლა არავინ იცავს.
ერთს მივაღწიეთ უკვე - რუსეთისგან განსხვავებით, “როქეთმენი” კუპიურების გარეშე გამოვიდა თბილისის კინოთეატრებში. “ელტონ ჯონმა შექმნა ოჯახი და ორ ბავშვს ზრდის”. სიცოცხლე გრძელდება!