ელიზბარის დაბრუნება გურიაში

Your browser doesn’t support HTML5

32 წლის ელიზბარ ოქროპირიძე რუსეთიდან საქართველოში 2022 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში.

ერთი წლით ადრე ელიზბარმა მიწა იყიდა გურიაში, სადაც მისი წინაპრები დიდი ხნის წინ გადასახლდნენ ქართლიდან, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფელ დისევიდან. გურიაში დაბრუნების იდეა ელიზბარს ჯერ კიდევ კოვიდის პანდემიის დროს გაუჩნდა, თუმცა ომმა მისი წამოსვლა დააჩქარა.

ამ დროს მას უკვე შექმნილი ჰქონდა სამხატვრო ონლაინგალერეა - KARTLI'S ART GALLERY, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება ხოლმე და იყიდება. ახლა ელიზბარი სოფელ ბოხვაურში სახლს აშენებს, რომელიც მხატვრების თავშეყრის ადგილად უნდა აქციოს.

ქართველ მხატვრებზე წერა და მათი ნახატების პოპულარიზაცია მან მას შემდეგ დაიწყო, რაც დარწმუნდა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და ზოგადად, ქართველების მიმართ რუსეთში არსებული განწყობების საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელებში კამათს და კრიტიკული ბლოგების წერას შედეგი არ მოჰქონდა.

2006 წელს, როცა რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოხდა, ელიზბარი მხოლოდ16 წლისა იყო - პირველი პროტესტი მაშინ გაუჩნდა. მერე იყო 2008 წლის ომი. ამბობს, რომ უნივერსიტეტიდანაც მას შემდეგ გარიცხეს, რაც იქ სტუდენტებთან შეხვედრაზე მისულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვას აგვისტოს ომზე კრიტიკული შეკითხვები დაუსვა.

როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მიხვდა, რომ იმ სიჩუმის ნაწილი უნდა გამხდარიყო, რა სიჩუმეშიც თითქმის მთელი რუსეთი ჩაიძირა - ხმამაღლა პროტესტს უპირობო პატიმრობა მოსდევდა. ელიზბარი საქართველოში დაბრუნდა - მისი ბრძოლა, როგორც თავად ამბობს, რა ხერხებითაც მას ეს შეუძლია, ახლა აქ გრძელდება.