"შსს-ს აქვს მობილური აპლიკაციის ინსტალაციის საშუალება, რომ მსხვერპლმა მოახერხოს შეტყობინების გაგზავნა ძალადობის ფაქტის შესახებ"

ელენე რუსეცკაია, "ქალთა საინფორმაციო ქსელის" ხელმძღვანელი

COVID-19-ის გავრცელების შენელების მიზნით დაწესებული შეზღუდვები და იზოლაცია ადამიანების ნაწილს კიდევ უფრო დაუცველს ხდის ოჯახური ძალადობის წინაშე. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილის ვრცელი მასალა გამოაქვეყნა: კარანტინში მოძალადესთან ერთად: მიშველეთ, ვერსად გავრბივარ! .

არაერთი უფლებადამცველი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობები ძალადობის მსხვერპლს ურთულებს როგორც სამართალდამცავ ორგანოებთან, ისე უფლებადამცველებთან კომუნიკაციას, რადგან მათ დიდ ნაწილს ახლა უფრო მეტი დროის (თუ 100%-ის არა) გატარება უწევს ოჯახის მოძალადე წევრის/ების გარემოცვაში.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით დაიწყო საინფორმაციო კამპანია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სლოგანით: „დარჩი სახლში! იგრძენი თავი უსაფრთხოდ! დაიცავი თავი ძალადობისაგან!“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მისი სურვილია, კამპანია საქართველოს სხვა რეგიონებშიც წარიმართოს, რომ ყველას - მსხვერპლსა თუ პოტენციურ მსხვერპლს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობაზე, რასაც შსს-ს აპლიკაცია იძლევა:

„ხშირად ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ პრობლემებს და განსაკუთრებით ამ იზოლაციის პირობებში ცოტა დაბნეულია საზოგადოება, მათ შორის - ჩვენც, სამოქალაქო სექტორი რაღაც საკითხებზე ცოტათი გვიან ვახდენთ რეაგირებას.

ჩვენ კარგად დავინახეთ რა ზიანი მოაქვს კორონავირუსს, მაგრამ დავინახეთ აგრეთვე, რომ დღის წესრიგში დადგა ბევრი მოწყვლადი ჯგუფის საკითხი. თუმცა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და არამარტო ქალები, სავარაუდოდ სხედნენ სახლებში და ფიქრობენ იმას, ვის სცალია ახლა ჩემთვის, როცა მთელი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაზეა გადასულიო.

ჩვენს ორგანიზაციაში, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებში, შემოვიდა შეტყობინებები, რომ ვერ გვირეკავენ, რადგან რეალურად კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან მოძალადე ფაქტობრივად გვერდით არის და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მით უფრო, რომ ქალების უმრავლესობა რეგიონებში დასაქმებული იყო და დარჩა უმუშევარი, განსაკუთრებით ბაზრებში, საცალო ვაჭრობის ობიექტებზე და ა.შ.. ეკონომიკურმა ფონმა კიდევ უფრო გაამძფრა მათი მდგომარეობა და მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ეს ადამიანები და თუნდაც ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავების დროს უნდა იყვნენ გათვალისწინებული ეს ქალებიც, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ და უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შეუწყდათ.

როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადდა კარანტინი, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოთ მათ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. თუმცა, ვდგებით იმ პრობლემის წინაშე, რომ ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ელექტრონული კომუნიკაციის უნარებს ქალები შეიძლება ნაკლებად ფლობდნენ რეგიონებში და სოფლებში. ამიტომ ჩვენი მიდგომა იყო ასეთი: პირველ რიგში ჩაგვერთო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოები, რომ დაგვხმარებოდნენ ინფორმაციის გავრცელებაში და მეორე - ახალგაზრდობის მობილიზება, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ქალებს, ან ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლებს.

შსს-ს აქვს მობილური აპლიკაციის ინსტალაციის საშუალება, რაც, ჩემი აზრით, ასეთ ვითარებაში არის ყველაზე ეფექტიანი გზა, რომ მსხვერპლმა მოახერხოს შეტყობინების გაგზავნა ძალადობის ფაქტის შესახებ. ამ აპლიკაციის დაინსტალირების შემთხვევაში, ადამიანს შეეძლება, საჭიროების მომენტში ჩუმი შეტყობინებით გააგზავნოს SOS მესიჯი, სადაც ავტომატურად ფიქსირდება ამ ადამიანის ადგილსამყოფელი, შსს გავა ადგილზე და მოახდენს რეაგირებას.

ჩვენი კამპანიის ძირითადი აქცენტი არის ამ მობილური აპლიკაციის დაყენება, რათა ამ ვითარებაში ადამიანებმა შეძლონ რეაგირება“.

Your browser doesn’t support HTML5

ელენე რუსეცკაია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხზე COVID-19-ის კრიზისის ფონზე