"არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) სპეციალურ ანგარიშში.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ელენე ნიჟარაძე "დილის საუბრებში" ამბობს:
„სამინისტრომ არ მოგვაწოდა განმცხადებლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით. თუმცა, ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა განმცხადებლის სახელი და გვარი - ვინმე ლავრენტი ქირია. ჩვენი შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ასეთი პირი საერთოდ არ არსებობს. იძებნება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც არის 7 წლის ბავშვი და ის ვერ იქნებოდა განცხადების წარმდგენი. ჩნდება კითხვის ნიშნები, რომ განცხადება შეიძლება იყოს ანონიმური. თუ განცხადება ანონიმურია, სამინისტროს კანონმდებლობით არ ჰქონდა უფლება დაეწყო ინსპექტირება".
ელენე ნიჟარაძე ხსნის, რატომ გადაწყვიტა ISFED-მა სპეციალური ანგარიშის მომზადება ია კერზაიას საქმეზე:
"ეს იყო ყველაზე ტრაგიკული ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. ძალიან მძიმე წინასაარჩევნო კამპანია იყო. განსაკუთრებით ბევრი დარღვევა იყო პირველ და მეორე ტურებს შორის. თავიდანვე, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ქალბატონმა იამ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სთხოვდნენ ხელმოწერების შეგროვებას, თანამშრომლების ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში, მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ და შემდგომ ეს მოვლენები ასე განვითარდა და დასრულდა ძალიან ტრაგიკულად, თავისთავად განაპირობა ის, რომ ჩვენი ინტერესის არეალში მოექცა და ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ამ საქმის შესწავლას".
დოკუმენტზე მუშაობის პერიოდში ორგანიზაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, გაესაუბრნენ ზუგდიდის მე-6 სკოლის რამდენიმე თანამშრომელს. საჯარო ინფორმაციის ნაწილის მიღება სასამართლოს გზით მოუხდათ, რამაც დიდი დრო წაიღო. სამინისტრომ არ გასცა ინფორმაცია ია კერზაიას დისციპლინური პასუხისმგებლობის ისტორიაზე, თუმცა, ISFED-მა მოახერხა იმის დადგენა, რომ ია კერზაიას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ 2018 წელს სამინისტრომ საჯარო სკოლის ინსპექტირების შესახებ 7 გადაწყვეტილება მიიღო და აქედან 6 ინსპექტირება ჩატარდა არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში. ინსპექტირების მოთხოვნით 200-ზე მეტი განცხადება იყო შესული:
"ჩნდება კითხვა - ხომ არ იყო გარკვეული ინტერესი ამ სკოლების მიმართ?".
ISFED-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს სამინისტროში შევიდა სამი განცხადება, მათ შორის - მე-6 სკოლის შესახებ. სამივე განცხადებაზე იმავე დღეს არის მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ელენე ნიჟარაძე ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ეს არის ამ სამი წერილის შინაარსი და სტილი:
"სამი განცხადება, რომელზეც სამინისტრომ ერთ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან ჰგავს ერთმანეთს სტილისტურად, შინაარსით, ვიზუალურად. თბილისის 124-ე სკოლასთან დაკავშირებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „შესყიდვის წესი რა არის, არ იცის და არც არად დაგიდევთ“. თბილისის 245-ე სკოლასთან დაკავშირებულ განცხადებაში: „ყიდვის წესი რა არის, არ იცის და არც არად დაგიდევთ“ და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკაშირებით განცხადებაში: „შესყიდვის წესებსა და ამოცანებს არაფრად დაგიდევთ“".
ISFED-ი აპირებს გამოითხოვოს დანარჩენი ორი წერილის ავტორების შესახებ ინფორმაციაც.
Your browser doesn’t support HTML5