“აგირე, ღვთის რისხვა” (რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი, გფრ, 1972 ”Aguirre, der Zorn Gottes”
"შვილო, ზრდილობა ისწავლე!", — ასე მიმართა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. ეს ”შვილო”, მგონი, რაღაც ახალია. ზრდილობის მითითება თითქოს ძველია, მაგრამ 20 ივნისის ღამის კონტექსტში მაინც ახალ მნიშვნელობას იძენს. ამ ”შვილოს” ჯერ თვალი დასთხარეს, ახლა აჩუმებენ კიდეც და კითხვის დასმის უფლებას აღარ აძლევენ. და თუ მაინც მოასწრო და რაღაც იკითხა, ამცირებენ და მასხრად იგდებენ.
17 ივლისს ბათუმში ბიძინა ივანიშვილი ბედნიერი და მხნე მომეჩვენა. ამოისუნთქა თითქოს კაცმა. გარეთ, ”დასავლეთსა და აღმოსავლეთში”, მისივე სიტყვებით, 200-200 კაცი დარჩა მხოლოდ საპროტესტო პლაკატებით და საქართველოს დროშებით ხელში. სამაგიეროდ, შერბილდა მოსკოვის ტონი. ისევ ბიძინა ივანიშვილის ციტირებას რომ მივმართოთ: ”იმენა რუსი ტურისტები საჭიროა სამეზობლოსთან ნორმალური ურთიერთობისთვის”.. მერე კი თავისი ”პანორამა” ახსენა, აი ის, ხომ გახსოვთ? გოლფის მოედნებით და საბაგიროებით.
„აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას“.
ივანიშვილი ახლა ბათუმის ”რივიერას” იცავს. ”პანორამას” აღარაფერი ემუქრება. კლდეები დაინგრა, ხეები მოიჭრა. უფრო მეტიც, მილიარდერი თავის საყვარელ საქმიანობას აგრძელებს - ხეები გადმოაქვს ფესვებიანად, ბარჟით გადმოაქვს თავის რეზიდენციაში. თითოეული ხის გადატანის პროცესში ასეულობით ადამიანი ჰყავს ჩართული. რაღაც აბსურდი ხდება. მაგრამ თვალდათხრილ ახალგაზრდას ახლა კითხვის დასმის უფლებაც აღარ აქვს.
აგირე მახსენდება სულ, ვერნერ ჰერცოგის ფილმის გმირი, მეამბოხე ოფიცერი, რომელმაც მითოლოგიური ელდორადოს გზაზე 1560 წელს გადაწყვიტა გამხდარიყო ინკების ოქროს ერთადერთი მფლობელი და ამ გზით მოეპოვებინა ძალაუფლება. აგირე ინტრიგებს ხლართავს. ჯერ ამბოხებას აწყობს ექსპედიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ და მერე მის ადგილზე ნიშნავს მორჩილ და გაუმაძღარ ფერნარდო დე გუსმანს. აგირე მოხერხებულად ქმნის ინტრიგების ჯაჭვს, მაგრამ ძალაუფლების ეჭვით დაბრმავებული, ვერც ატყობს, რომ კარგავს ყველაზე ერთგულ თანამზრახველებს. არსებითად მას თანამზრახველები აღარც სჭირდება. ოქროს ქალაქთან შეხვედრის პერსპექტივა მას სულ უფრო მეტად აღაგზნებს. ადამიანების დამორჩილების შემდეგ ახალი ვნება უჩნდება - მდინარის დამორჩილება, ბუნების მბრძანებლობა. ესაა ძალაუფლების ანატომია. ძალაუფლების სიყვარულმა ზომა არ იცის! ტოტალიტარული რეჟიმები კი ბოლოს ბუნებასა და ბუნებრივზე გადადიან, პირველქმნილზე ძალადობენ, რადგან ყველა და ყველაფერი დასუსტებული და დამორჩილებული ჰყავთ უკვე.
”აგირე, ღვთის რისხვა” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიკოლონიური ფილმია კინემატოგრაფის ისტორიაში. ყოველთვის ასე აღვიქვამდი ამ სურათს. ამას ვხედავდი, რადგან ეს მაღელვებდა - როგორ ჩაგრავს ძლიერი სუსტს, ახალი ტექნიკით შეიარაღებული - ”ველურსა” და ”განუვითარებელს”. აქ ევროპული ეკლესიაც კი მჩაგვრელის როლში გვევლინება. ”ეკლესია ყოველთვის იყო ძლიერის მხარესო”, ამბობს ჰერცოგის ფილმში ბერი, რომელმაც დახმარების ხელი არ გაუწოდა ძალადობის მსხვერპლს.
მაგრამ ბოლო დროს ისეთ საქართველოში მიხდება ცხოვრება, რომ ჰერცოგის ამ გენიალურ ფილმში ჩემთვის მთავარი არა კოლონიალიზმის თემა, არამედ თავად აგირე გახდა, კლაუს კინსკის შესრულებით.
ვისაც გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ადამიანის ირაციონალური ვნება განიმტკიცოს ძალაუფლება, აუცილებლად ნახეთ დიდი გერმანელი რეჟისორის ეს, მართლაც რომ, ძალიან ლამაზი ფილმი (ვერნერ ჰერცოგი, შეიძლება ითქვას, ”პირველად სამოთხეს” გვიხატავს, ველურ ბუნებას, რომელსაც ცივილიზაცია ჯერ არ შეჰხებია). მთავარი აქ ისაა, რომ ძალაუფლების ვნება საბოლოოდ ანგრევს ადამიანს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავისი ინსტინქტების მძევლად აქცევს. აგირე, რომელიც ყველას იშორებს მიზნის მიღწევის გზაზე, მარტო რჩება, მაგრამ მას ეს მარტოობა სიამოვნებასაც კი ანიჭებს, რადგან თავს ხედავს მესიად, რომელმაც არა მარტო უნდა მოიპოვოს სანუკვარი ოქრო, არამედ უნდა იმეფოს ამ სამყაროში. ეგაა, რომ განდიდების მანია მას ასუსტებს. განდიდების მანია მას რეალობის შეგრძნებას უკარგავს. დროისა და სივრცის შეგრძნებას უკარგავს. აგირე აქამდე აჩუმებდა და აბრმავებდა ადამიანებს, მაგრამ, საბოლოოდ, ის თავად დადუმდება და ვეღარაფერს დაინახავს სამყაროში, რომელზედაც თითქოსდა აქამდე მბრძანებლობდა.
განდიდების მანიით შეპყრობილი შეშლილი, რომელმაც უფსკრულში გადაჩეხა ადამიანები და თავიც დაინგრია - ესაა აგირე. ვერნერ ჰერცოგი და კლაუს კინსკი შექსპირისეული ვნებების სამყაროს ქმნიან. ეგზოტიკური, პირველქმნილი გარემო, აღბეჭდილი თითქოს როგორც დოკუმენტი, როგორც ქრონიკა და როგორც კოშმარული სიზმარიც - ესაა სივრცე, რომლის არსებობა საკუთარ თავში უნდა ვიგრძნოთ ყველამ. საკუთარ თავში უნდა დავინახოთ მონა, რომელიც მანიაკს მიჰყვება. შემთხვევითი არაა, რომ ჰერცოგს აგირესთან ერთად აინტერესებს ხალხი, რომელიც თავდაპირველად ბრმად მიჰყვება შეშლილ დიქტატორს, ხალხი, რომელიც ვერაფერს ხედავს და ხალხი, რომელსაც აღარაფერი ესმის. ოქროს დანახვას ეგ ხალხი ვეღარც მოითხოვს. მთავარია, რომ არსებობს დაპირება - ამ ოქროს აუცილებლად დაინახავენ მტანჯველი და სისხლიანი გზის ბოლოში. სწორედ ეს დაპირება აღაგზნებს ხალხს. მეტი მას არც არაფერი უნდა უკვე.
ვერნერ ჰერცოგის მუშაობის სტილი უნიკალურია. ეს რეჟისორი აბსოლუტური ბუნებრიობის მისაღწევად პირდაპირ მოითხოვს გადამღები ჯგუფისგან გაიაროს ზუსტად ის გზა, რომელიც გაიარეს მისმა გმირებმა. ჰერცოგის ფილმების გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევები ხდებოდა და ადამიანები იღუპებოდნენ კიდეც. მაგრამ მას არასდროს უთქვამს უარი რეალობასთან მაქსიმალური მიახლოების ამ ვნებაზე, ისტორიასთან მიახლოების ამ ვნებაზე. როცა იმდენად ახლო ხედით უჩვენებ ისტორიას (”აგირეში” დროის ზუსტი ცვლა საგანგებოდაა მითითებული), რომ ბოლოს ფარდას ხდი მის საძირკველს, მის სტრუქტურას და, შესაბამისად, ძალაუფლებისგან გაგიჟებული ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურასაც.
ფრთხილად იყავით, მეგობრებო! როცა თქვენი ბელადი უკვე ყოველ მეორე წინადადებაში იმეორებს სიტყვებს: ”მოღალატე”, ”ხალხის მტერი”, ”ქვეყნის მტერი”, ”მავნებელი”... ნუ დაიმშვიდებთ თავს და ნუ ახსნით ამას მხოლოდ იმით, რომ თქვენს ბელადს სიტყვების მარაგი, უბრალოდ, ღარიბი აქვს. თქვენი ბელადი ღარიბი არაა, იცოდეთ ეს. და გახსოვდეთ, რომ ”ხალხის მტრების”, ”მავნებლების”, ”მოღალატეების” რიცხვში ერთ მშვენიერ დღეს თქვენც აღმოჩნდებით.
ეს ისტორიის კანონია. იმ პირველქმნილის და პირველყოფილის სტრუქტურაა, რომელიც ვერნერ ჰერცოგმა გამოიკვლია და დაგვანახვა.