ეკუთვნის თუ არა კომპენსაცია მათ, ვინც ვირუსის საფრთხის გამო შემოსავლის გარეშე დარჩა?

„იმ პირებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის ან მისი თავიდან აცილების დროს მიადგათ მატერიალური ზარალი, სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზარალი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი და იშველიებს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მეცამეტე მუხლს.

ამ მუხლში წერია: „საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს, სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას".

ზურაბ ჯიბღაშვილის თქმით, მეცამეტე მუხლში მოყვანილი ფრაზა „უნაზღაურებს მიყენებულ ზარალს“, არის უნივერსალური განმარტება და მას აქვს ფართო დაფარვა. სიტუაციის განსამარტად, კონსტიტუციონალისტს მარტივი მაგალითი მოჰყავს:

„ადამიანმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დახურა სილამაზის სალონი, საიდანაც მას აქვს ყოველთვიური შემოსავალი. სახელმწიფოს ეკისრება ამ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. გარდა ამისა, თუ სალონის მეპატრონე, წელში ვეღარ გაიმართა და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ვეღარ აამუშავა სალონი, მაშინ, სალონში დასაქმებულ სტილისტს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სამუშაოს მოძებნაში“.

ზურაბ ჯიბღაშვილის თქმითვე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზარალი, მაგალითად, ბაზრობებზე დასაქმებულებსაც, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, დარჩნენ შემოსავლის გარეშე: „ზარალის ობიექტია როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, დაწესებული შეზღუდვების წყაროა სახელმწიფო და ის ანაზღაურებს მიყენებულ ზარალსაც. სწორედ ამ საკითხებს მოიაზრებს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მეცამეტე მუხლი”.

20 მარტის მდგომარეობითა და უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად არ გამოცხადებულა, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები: შეჩერებულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, გაცემულია პირდაპირი რეკომენდაცია დაიხუროს ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა.

თუკი ზურაბ ჯიბღაშვილის სიტყვებს დავეყრდნობით, ქვეყანაში დღეს შექმნილი სიტუაცია, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ობიექტები დახურულია საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, რაც „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მეცამეტე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს ობიექტებზე დასაქმებულთათვის ზარალის ანაზღაურებას.