კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო მიმართავს ზომებს, რომელთა თანმდევი ეფექტი მზარდი უმუშევრობაა, რასაც სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა საშუალებით ცდილობს გაუმკლავდეს.
რიცხვები შემზარავია, კორონავირუსის პანდემიისას სიკვდილიანობის მზარდ რიცხვზე ბევრად მეტი.
მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ გაუმკლავდნენ იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე აისახება და რომელთა დიდი ნაწილი ეკონომიკაზეა დამოკიდებული.
მსოფლიო სამუშაო ძალის ნახევარი, გამაოგნებელი რაოდენობა - 1,6 მილიარდი ადამიანი, საარსებო საშუალებების დაკარგვის პირასაა 2020 წლის პირველ ნახევარში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უკანასკნელი შეფასების მიხედვით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, უპრეცედენტოდ შემცირდება სამუშაო საათები, რომელთა ჯამიც 305 მილიონი სამუშაო ადგილის სრული სამუშაო საათების ტოლია. ეკონომიკური აქტივობა დაეცემა, შედარებითი სიღარიბე გაიზრდება მათ შორისაც, ვინც დასაქმებულია. ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს საცალო ვაჭრობა, წარმოება, სატრანსპორტო საშუალებათა შეკეთების სფერო, საცხოვრებელი და კვების მომსახურება და, ასევე, უძრავი ქონება.
ვითარება, დაახლოებით, ერთნაირად ცუდია მთელ მსოფლიოში - ამერიკაში სამუშაო საათების დაკარგვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 12 პროცენტზე მეტი. მას მოსდევს ევროპა და ცენტრალური აზია, 11.8 პროცენტით, და მსოფლიოს დანარჩენი რეგიონები - 9.5-ზე მეტი პროცენტით.
ქვეყნები სხვადასხვაგვარად ცდილობენ თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის და, ასევე, ეკონომიკური ცხოვრების დაცვას - მიმართავენ სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ, გზებს.
ამერიკის შეერთებული შტატები - პრობლემის ფულით გადაწყვეტა
მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა უკიდურეს უმუშევრობას განიცდის, რაც იწვევს სოციალური სამსახურებისა და სასურსათო ბანკების ინტენსიურ მუშაობას და, აგრეთვე, მოწოდებებს, კვლავ გაიხსნას ეკონომიკა იმის მიუხედავადაც კი, რომ კორონავირუსი თავისი მძვინვარების პიკშია.
უმუშევრობამ აპრილში 14.7 პროცენტს მიაღწია, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის მერე, და, კონგრესის საბიუჯეტო განყოფილების პროგნოზის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 12 პროცენტზე ნაკლები იქნება წლის განმავლობაში.
მოელოდნენ, რომ ქვეყანაში ინფექციურ დაავადებათა მთავარი სპეციალისტი, ანტონი ფაუჩი, სენატის მოსმენაზე 12 მაისს გამოვიდოდა გაფრთხილებით: აშშ-ის მოქალაქეები გადაიტანენ "არასაჭირო ტანჯვასა და სიკვდილს", თუ ქვეყანა ზედმეტად ადრე გაიხსნება. მან მოუწოდა ცალკეულ შტატებს გაითვალისწინონ სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმაში - "ამერიკის კვლავ გახსნა“ - არის ჩამოყალიბებული.
მაგრამ ტრამპის მრჩევლებმა ეკონომიკის საკითხებში განაცხადეს, რომ ვითარება გაუარესდება, უმუშევრობა 20 პროცენტს გადააჭარბებს მაისსა და ივნისში, და (დაჟინებით) მოითხოვეს ეკონომიკის მალევე გახსნა ამ ტემპის შემცირებისა და მუდმივი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით.
რაც შეეხება დაუყოვნებლივ დახმარებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო დახმარების რამდენიმე პაკეტი 3 ტრილიონი დოლარის ოდენობით, რამაც ბიუჯეტის გაზრდა გამოიწვია. ის, რომელიც მარტში მიიღეს, 2 ტრილიონი დოლარის ოდენობისა, უმსხვილესი დახმარების პაკეტია აშშ-ის ისტორიაში, რომლისგანაც 500 მილიარდი დოლარი გამოიყო მოქალაქეებისთვის პირდაპირ გადასახდელად, 200 მილიარდი დოლარი მრეწველობის მსხვილი დარგების კრედიტებისა და 300 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის კრედიტებისთვის.
ახლა კანონმდებლები განიხილავენ დახმარების კიდევ ერთი პაკეტის საჭიროებას: დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში აყალიბებენ კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს, დააფინანსებს ბიზნესებს, მხარში ამოუდგება გადატვირთულ შტატებსა და ქალაქებს და ასევე დახმარებას აღმოუჩენს სტუდენტებს კრედიტების, საარენდო და ჰიპოთეკის გადასახადების გადახდაში.
თუმცა ეს ზომები პოტენციურად აწყდება რესპუბლიკელთა წინააღმდეგობას და ზოგიერთმა დემოკრატმაც გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ ფიქრობენ, ეს ზომები ვერ იქნება ხელფასების სრულად გაცემის გარანტია.
ესპანეთი ფინურ „უნივერსალური ძირითადი შემოსავლის“ მოდელს მისდევს
უკანასკნელ ხანებში საყოველთაო „უნივერსალური ძირითადი შემოსავლის“ კონცეფცია ძალას იკრებს. პოლიტიკოსები მთელ მსოფლიოში შეისწავლიან ამ იდეას და რომის პაპმაც აღნიშნა სააღდგომო ქადაგებაში, "შესაძლოა, დროა" ამის განხილვისაო.
ეს იდეა მჭიდროდაა დაკავშირებული ფინეთთან, რომელმაც ის 2017 და 2018 წლებში პრაქტიკულად განახორციელა 2 000 შემთხვევითი პრინციპით შერჩეული უმუშევარი ადამიანისთვის, დაახლოებით, 600 დოლარის რეგულარული თვიური შემოსავლის გადახდით. თანხის მიმღებნი არ იყვნენ ვალდებული ეძებნათ სამუშაო და არ უმცირდებოდათ დახმარება, თუ იმუშავებდნენ.
ორწლიანი კვლევის შედეგებმა, რომლებიც ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ (კვლევის) მონაწილეთა ფსიქიკური და ფინანსური კეთილდღეობა გაუმჯობესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, მთლიანობაში, უფრო ბედნიერები იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, სამუშაოს მოძებნის შანსი აღარ ჰქონდათ.
მაგრამ კორონავირუსის პანდემიასთან ერთად კვლავ გამოჩნდნენ საყოველთაო „უნივერსალური ძირითადი შემოსავლის“ მოდელის მომხრეებიც.
ესპანეთი, კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარებული ქვეყანა მსოფლიოში, ამბობს, რომ ამ თვეში აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად შემოსავალს 3 მილიონამდე ყველაზე ღარიბი მოქალაქეებისთვის.
ესპანეთის ოჯახების, დაახლოებით, მეხუთედს 270 დოლარზე ნაკლები აქვს თვეში და ევროპის მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 14.4. პროცენტს მიაღწია წელს, პირველ კვარტალში.
სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ხოსე ლუის ესკრივამ, განაცხადა, რომ ამ იდეის არსია, ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაოს ძიების სტიმული, გარკვეული დროის განმავლობაში თვიური დახმარებისა და ახალი სამუშაოსთვის მიღებული ხელფასის შეთავსების სახით.
"სამსახურის მოსაძებნად სტიმული თუ არ იქნება, არსებობს ცდუნება, რომ დახარჯონ დახმარება და აღარ ეძებონ სამუშაო შრომის ბაზარზე" , თქვა ესკრივამ აპრილში.
გერმანია კრიზისს „კურცარბაიტით“ - „ხანმოკლე სამუშაოს“ პროგრამით - ებრძვის
ბევრი გერმანიას, ევროპის უმძლავრეს ეკონომიკას, რჩევისთვის მიმართავდა. მისი ეს „კურცარბაიტი“, „ხანმოკლე სამუშაოს“ პროგრამა, სამთავრობო სუბსიდიებს სთავაზობს ბიზნესს და შესაძლებლობას აძლევს მას შეამციროს სამუშაო საათები, მაგრამ თანამშრომლებს ხელფასის სულ მცირე 60 პროცენტი მაინც გადაუხადოს.
ხელფასებზე ასეთი დახმარებით გერმანიამ შეძლო უმუშევრობის დონის შეჩერება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს მოსალოდნელია უმუშევრობის დონე 3,9 პროცენტამდე ავიდეს, ანუ ოდნავ მაღალი იყოს, ვიდრე შარშან, როცა ეს რიცხვი 3,2 პროცენტს უდრიდა.
გერმანიის ამ მიდგომამ ქება დაიმსახურა. მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს ქვეყანა სანიმუშოდ დაასახელა და მთელ მსოფლიოს მოუწოდა მიბაძოს გერმანიას, სადაც ამ პროგრამამ პროცესებისა და ორგანიზაციათა მუშაობის უწყვეტობა უზრუნველყო.
მას მერე, რაც გერმანიამ „კურცარბაიტი“ საფინანსო კრიზისიდან გამოსვლის წარმატებულ შესაძლებლობად გამოიყენა 2008-2009 წლებში, მას მიბაძეს სხვა ქვეყნებმა - დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, ნიდერლანდმა - და „კურცარბაიტის“ გერმანული ფორმის თავიანთი ვერსიები აამოქმედეს.
თუმცა ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ეს საშუალება ახლა კი მოქმედებს, მაგრამ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება.
მიუნხენის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის თანახმად, გერმანიის ფირმების ნახევარმა შეიტანა განაცხადი თავისი ყველა თანამშრომლის ან მათი ნახევრის ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ, ეს კი 10 მილიონ დასაქმებულს ნიშნავს.
ამ კონცეფციის თანახმად, ადვილად ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა გამზადებულია იმ დროისთვის, როცა ბიზნესი კვლავ ზრდას დაიწყებს, მაგრამ ეს თუ არ მოხდა, გარდაუვალი იქნება კიდევ უფრო მაღალი უმუშევრობა.
გამოთვალეს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 6,5 პროცენტით შემცირდება, რაც ღრმა რეცესიას ნიშნავს და უკვე არის იმის ნიშნები, რომ მანქანათმშენებლობაში, სასტუმროებისა და ასევე ტურიზმის სფეროში დაიწყეს თანამშრომლების დათხოვნა.
გერმანიის ფირმების მესამედი ფიქრობს, რომ ისინი მხოლოდ სამ თვეს გაძლებენ, თუ კორონავირუსის გამო შეზღუდვები ძალაში დარჩა.
რუსეთში დასვენების დღეს მუშაობას აღარ აანაზღაურებენ
რუსეთი კორონავირუსის გამო დიდი პრობლემების წინაშეა. ამ ეტაპზე ეს ქვეყანაა აშშ-ის შემდეგ მეორეა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა აღნუსხული რაოდენობის მხრივ მსოფლიოში. ეს რიცხვი მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ნამდვილი მონაცემების დამალვას აბრალებენ. და, ამასთან ერთად, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს წყლის ზედაპირზე თავისი ეკონომიკა, რომელიც ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული, ამ ნედლეულის ფასი კი, მოთხოვნის შემცირების გამო, დაეცა.
მიუხედავად შეშფოთებისა, რომ ეკონომიკის გახსნას შეიძლებოდა ინფექციის აფეთქება მოჰყოლოდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 11 მაისს გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს შემოღებული „არასამუშაო უქმე დღეები,“ რომლებიც არსებითად სამუშაო ძალას შინ ტოვებდა, ძალადაკარგულია.
ამის აუცილებლობა იმიტომ გაჩნდა, რომ ბევრ დახურულ საწარმოს თანამშრომლებისთვის სრული ხელფასის გადახდა გაუჭირდა, ოფიციალური უმუშევრობა კი მთელ ქვეყანაში გაორმაგდა და 1,4 მილიონ ადამიანს მიაღწია.
საწარმოებისა და ორგანიზაციების კვლავ ამოქმედების შემდეგ, ანუ, როცა ეკონომიკა „გაიხსნებოდა“, პუტინის თქმით, ყურადღება გადავიდოდა პანდემიის შემდგომ საფეხურზე და ეკონომიკური შეღავათების სხვადასხვა ფორმები ამოქმედდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა დაასახელა სხვადასხვა დახმარების ფორმები ოჯახებისთვის, ასევე ილაპარაკა კომპანიებისთვის გადასახადების შემსუბუქებაზე, კრედიტების გაცემაზე, რაც მათ გადახდის შესაძლებლობას გაუიოლებდა. მაგრამ არ არის ნათელი, საიდან მოვა ეს ფული.
მთავრობამ ადრე გამოაცხადა, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა იყო მისი პრიორიტეტი, მაგრამ დახმარება განსაზღვრულია მხოლოდ ხელფასების სუბსიდირების სახით. ეს არის მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი პირდაპირი საფინანსო დახმარების ფორმით, ის 160 მილიარდი დოლარი კი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობის ფონდში ინახება, მიუწვდომელია. ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა, გასულ კვირაში საქმიან გაზეთ „ვედომოსტის“ უთხრა, ამ თანხის „გაფლანგვა“ ახლა არასწორი იქნებოდაო.
თავის გამოსვლაში პუტინმა მშენებლობა გამოყო, როგორც ეკონომიკის სექტორი, რომელიც უნდა გაფართოვდეს. ეს იდეა პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.
ყაზახეთი - უარი საგანგებო მდგომარეობას
ყაზახეთი, შუა აზიის უდიდესი ეკონომიკა, რომელშიც კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა უდიდესია რეგიონში, რუსეთის მაგალითს მიჰყვა და 11 მაისს საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა განაცხადა, რომ აუქმებს ათპროცენტიან საერთო გადასახადს და მის ნაცვლად შემოღებული იქნება კერძო საშემოსავლო გადასახადი, რაც მდგომარეობას შეუმსუბუქებს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ხოლო მდიდრებს უფრო მაღალ გადასახადს დააკისრებს.
ახალი წესებით, რეგიონები და ქალაქები, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა სტაბილურად დაბალია, ერთი კვირის განმავლობაში შეძლებენ კვლავ აამოქმედონ გარკვეული მცირე ბიზნესერთეულები: მცირე მოვაჭრეებს, საოფისე შენობებს და გარე მოვაჭრეებს უფლებას მისცემენ კვლავ იმუშაონ.
ამ წესების ძალაში შესვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს განიმარტოს, თუ როგორ დაიხარჯა 13 მილიარდი დოლარი, რომლის თაობაზეც პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქების შედეგების დასაძლევად გამოიყო.