რუსთაველი ეკოაქტივისტების ჯგუფმა „გავიგუდე“ მოქალაქეებთან ეკოლოგიურ პრობლემებზე სასაუბროდ კომუნიკაციის უჩვეულო ფორმას მიმართა. აქტივისტები მიკროავტობუსებს ქირაობენ, თბილისიდან რუსთავისკენ და პირიქით მგზავრები უფასოდ გადაჰყავთ და იმ 40 წუთის განმავლობაში, რაც ორ ქალაქს შორის მანძილის გავლას სჭირდება, მგზავრებს დაბინძურებულ ჰაერზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, რუსთავის გამწვანების აუცილებლობასა და გარემოს დასაცავად მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ელაპარაკებიან. რადიო თავისუფლება ეკოაქტივისტებს დაემგზავრა იმ მიკროავტობუსში, რომელშიც „გავიგუდეს“ ლიდერი, ნიკოლოზ მუსერიძე, და სამოქალაქო ატივისტი გივი შანიძე იმყოფებოდნენ.
„ერთი წლის განმავლობაში [2020 წელს] პიკის დროს დაფიქსირდა 77- პროცენტიანი ჰაერის დაბინძურება. რას ნიშნავს ეს ციფრი? ეს ნიშნავს, რომ 365 დღის განმავლობაში ჩვენს ქალაქში 80 დღე იყო ნორმალური ჰაერი“.
ასე უხსნიდა ეკოლოგიურ პრობლემებს „გავიგუდეს“ ლიდერი, ნიკოლოზ მუსერიძე, რუსთავისკენ მიმავალი თითქმის სავსე მიკროავტობუსის მგზავრებს. ვერ ვიტყვით, რომ ეკოაქტივისტს ყველა მგზავრი გულდასმით უსმენდა, თუმცა უმეტესობა შეკითხვებსაც სვამდა და მეტის გაგება სურდა. მაია თევდორაშვილმა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა, ჩასვლის წინ გვითხრა, რომ ასეთი აქციები მნიშვნელოვანია:
„კიკვიძის ქუჩაზე ვცხოვრობ. საშინელი სუნია. ჩემი აივნიდან კარგად ჩანს, რა ფერია ჰაერი...ადამიანების ყურამდე უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი“.
მეორე მიკროავტობუსში მგზავრებს აქტივისტები გოგა ჯმუხაძე და თიკო მაგედანი ელაპარაკებოდნენ. გოგა ჯმუხაძის თქმით, მათ კომუნიკაციის ასეთი ფორმით სურთ ეკომოძრაობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ:
„’გავიგუდეს’ წევრებმა, ზოგმა საერთოდ დაანება სამსახურს თავი და გადაეშვა კანონების შესწავლაში, ზოგმა სამსახურში პროექტები არ აიღო და გაიმესამედა ხელფასი. ადამიანური რესურსიც ამოწურვადია. გვჭირდება ადამიანები, მოხალისეები, რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან, კვირაში ერთ ან ორ საათს ეკოაქტივიზმს დაუთმობენ და გვერდში დაგვიდგებიან“.
ჯგუფი „გავიგუდე“ კიდევ ერთ აქციას გეგმავს - ტურებს უშუალოდ ქარხნებთან. ჯგუფის ლიდერ ნიკოლოზ მუსერიძის თქმით, ერთია, როცა ადამიანი ფოტო ან ვიდეოკადრში ხედავს მხრჩოლავ ქარხანას და სულ სხვაა, როცა მავნე გამონაბოლქვს საკუთარი თვალით უყურებს.
„ფოტოსა და ვიდეოში ჩანს კონკრეტული საწარმო. წარმოიდგინეთ, როცა ადგილზე მივლენ და საკუთარი თვალით ნახავენ, რა ხდება იქ [საწარმოებში], როგორ მოდის გამონაბოლქვი, ასეთ დროს ფაქტის აღქმა ემოციურად სხვანაირად ხდება, ვიდრე ფოტოს ნახვისას. მგონია, რომ ასეთი აქციებით მოსახლეობა უფრო მეტს გაიგებს და უფრო აქტიურად ჩაერთვება ეკოლოგიურ მოძრაობაში“.
აქტივისტები დაინტერესებულ რუსთაველებს მიიყვანენ დასახლებულ ადგილებთან ყველაზე ახლოს მდებარე არმატურის მწარმოებელ „ჯეოსთილთანაც“, საიდანაც, როგორც ნიკოლოზ მუსერიძე ამბობს, მავნე გამონაბოლქვი ღრიჭოებიდანაც კი გამოდის. მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად წამოწყებულ კამპანიაში აქტივისტებს „ბიოლის ფონდი“ ეხმარება.
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავში არსებულ საწარმოებს პერიოდული მონიტორინგისთვის საექსპერტო კომპანია „გამა კონსალტინგი“ ჰყავთ დაქირავებული, რომლის ანგარიშები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგზავნება. კომპანიის წარმომადგენელ გურამ რიჟვაძის ინფორმაციით, „ჯეოსთილში“ ფოლადის ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესი მთლიანად დარღვეულია.
„[„ჯეოსთილის“] საჩამომსხმელო საამქროში არსებული ვენტილატორის სიმძლავრე და გამონაბოლქვის შემკრები ქოლგის მოცულობა არ შეესაბამება ერთმანეთს. [ღუმელში] ჟანგბადის შებერვის დროს, რაც აუცილებელი ტექნოლოგიური პროცესია, საამქროს ყველა კუთხიდან, ყველა ფანჯრიდან, ყველა ნახვრეტიდან ბოლი გამოდის. ეს მოსახლეობისთვის სახიფათოა“.
ასევე ნახეთ „ჯეოსთილს“ ახალი საწარმო სჭირდება, რუსთავის საკრებულოს კი ეკოლოგიური უსაფრთხოება„გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლის თქმით, უკეთესი მდგომარეობა არც სხვა საწარმოებშია. მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ხუთტონიანი წარმადობის არც ერთ ღუმელს ფილტრი არ უყენია. გურამ რიჟვაძის ინფორმაციით, ქარხანა ამ ღუმელების დემონტაჟს აპირებს.