ეკლესია, მთელი სოფელი გაანადგურეს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ რეგიონის დაბრუნების შემდეგ

აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა ჯალა აჰმადოვამ 2021 წლის ივლისში ტვიტერით გამოაქვეყნა შუშის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში წირვის დროს გადაღებული ფოტო იმ “ეთნიკური და რელიგიური შემწყნარებლობის” საჩვენებლად, რომელიც სუფევდა აზერბაიჯანის მიერ შუშის დაკავების შემდეგ. სომხები შუშას შუშის უწოდებენ.

დღეს, ეს ეკლესია, რომელიც სომხებმა მე-19 საუკუნეში ააშენეს, აღარ არსებობს.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შუშაში, მთიან ყარაბაღში. ფოტო გადაღებულია 2018 წელს. ამ ეკლესიას სომხები ქანაჩ ჟამს უწოდებენ.

ახლახან სამეთვალყურეო ორგანიზაციის Caucasus Heritage Watch-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ეკლესია შუშაში, რომელიც ხარაჩოებში იყო მას მერე, რაც ქალაქი აზერბაიჯანმა დაიბრუნა, 2023-24 წლების ზამთარში დაანგრიეს.

ბაქომ შუშაზე კონტროლი აღადგინა 2020 წლის ნოემბერში ომით, რომელიც ამ, საერთაშორისოდ მისად აღიარებული ტერიტორიისთვის გააჩაღა.

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე, რომელიც Caucasus Heritage Watch-მა გაავრცელა 2024 წლის აპრილში, ჩანს, რომ იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დანგრეულია, ისევე როგორც მიმდებარე შენობები.

სატელიტიდან გადაღებულ იმავე ფოტოებზე, რომლებიც აპრილში გამოქვეყნდა, ჩანს, რომ დანგრეული ეკლესიის ადგილიდან ორ კილომეტრში მთელი სოფელია წაშლილი პირისაგან მიწისა. ახლა იქ, სადაც სომხურად ქარინტაკად და აზერბაიჯანულად დასალთიდ წოდებული დასახლება იყო, დიდი მეჩეთი შენდება.

ფოტოებზე ჩანს სოფელი დასალთი/ქარინტაკი განადგურებამდე და მას მერე. მიმდინარეობს დიდი მეჩეთის მშენებლობა. მეჩეთის სამხრეთით მდებარე შენობები ალბათ იქ დასაქმებული ადამიანების საცხოვრებელია.

ჰუსიკ ღულიანი Caucasus Heritage Watch-ის წამყვანი მკვლევარია. მან გამოაქვეყნა დასალთი/ქარინტაკის სატელიტიდან გადაღებული ფოტოები. ღულიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება: ვფიქრობ, აზერბაიჯანის მიზანი იყო სრულიად გაენადგურებინა დასახლებული პუნქტი, რათა ახალი სოფელი აეშენებინა ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირებისა და და სხვა ახალმოსახლეებისთვის”.

მკვლევრის თქმით, ეკლესია სოფელში, რომელიც მეჩეთიდან მარჯვნივ მოჩანს, „მემკვიდრეობის კანონით დაცული შენობაა თვით აზერბაიჯანის სამართლით”, რის გამოც, მისი თქმით, “ის ხელუხლებელი დატოვეს”.

ფოტო გადაღებულია დასანთი/ქარინტაკში კანადელი პროფესორის და ფოტოგრაფის, ადამ ჯონსის მიერ. მან 2015 წლის ივნისში იმოგზაურა რეგიონში და იქაური კლდეების შემადგენლობას სწავლობდა.

დასანთი/ქარინტაკი “კლდის ქვეშ” ნიშნავს აზერბაიჯანულად და სომხურად და ეს დასახელება მოდის სოფლის გარშემო აღმართული კლდოვანი მთებიდან. სოფელში რამდენიმე ბუნებრივი წყარო იყო და ადგილობრივები მისდევდნენ სოფლის მეურნეობას.

ერთი მოგზაური, რომელიც ამ არეალს 1890-იანი წლების ბოლოს სტუმრობდა, სოფელს აღწერს როგორც ადგილს, სადაც „მიწა ნოყიერია, მაგრამ მოსავალი არაა უხვი და ნაკლებპროდუქტიულია“.

ადგილობრივ მოსახლეობას, მოგზაურის თანახმად, „მოჰყავდა ხორბალი, ქერი, ფეტვი და სხვა კულტურები“. საბჭოთა პერიოდში სოფელში მუშაობდა აბრეშუმის საფეიქრო ფაბრიკა და ელექტროკომპონენტების საწარმო.

2015 წლის ივნისში გადაღებულ ფოტოზე ჩანს დასანთი/ქარინტაკში მცხოვრები ქალი

მთიანი ყარაბაღისთვის მეორე ომის დროს, 2020 წელს, ეს სოფელი იქცა შუშისთვის ბრძოლის საკვანძო ადგილად. 2021 წელს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს შენობებზე ნატყვიარები. სოფელი დაცარიელდა მას მერე, რაც ეთნიკურმა სომხებმა აზერბაიჯანის არმიის იერიშის წინ დატოვეს იქაურობა.

დასალთი/ქარინტაკის სკოლის შენობა (წინა პლანზე) ნატყვიარებით. 2021 წლის დეკემბერი

ბოლო ფოტოები დასალთი/ქარინტაკში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის იქ სტუმრობის დროსაა გადაღებული, როცა მან მეჩეთის მშენებლობა მოინახულა. ალიევის ოფისის მიერ, მისი ვიზიტის შესახებ 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ფოტოებზე სოფელში სახლები ჯერ კიდევ დგას. მაგრამ უკვე დეკემბერში ალიევის სტუმრობის დროს ფოტოები ფართო პლანით არ გადაიღეს, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ შენობების ნგრევა დაწყებული იყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (მარჯვნივ) მეჩეთის მშენებლობაზე სოფელ დასალთი/ქარინტაკში, 2023 წლის დეკემბერი

ალი მოზაფარი, ირანელი აზერბაიჯანელი მკვლევარი, ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში სომხური მოსახლეობის ფიზიკური კვალის აშკარა მოსპობის მცდელობა პრობლემაა, რომელიც შეიძლება სცილდება ბაქო-ერევნის კონფლიქტის ჩარჩოებს. “თურქეთის მეთაურობით ძლიერი ზეწოლაა იმ იდეის განხორციელების მიზნით, რომელსაც ჰქვია ერთიანი და შეკავშირებული თურქული სამყარო, რომელიც გადაჭიმულია ჩინეთის საზღვრამდე”, - უთხრა მოზაფარიმ რადიო თავისუფლებას. “მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ გეოსტრატეგიული ხედვის გამართლებისთვის”.

მკვლევარი ამბობს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ეწევიან კულტურულ ფასეულობათა კარგად დოკუმენტირებულ განადგურებას, მაგრამ ბაქო ამას „უფრო ფართოდ და სისტემატურად აკეთებს“.

მეორე მსოფლიო ომის მემორიალი დასალთი/ქარინტაკში, გადაღებული 2015 წლის იანვარში

ლორი ხაჩადურიანი, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი და Caucasus Heritage Watch-ის თანადამაარსებელი, ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ, ამ დროისათვის, სამეთვალყურეო ჯგუფმა აღნუსხა მემკვიდრეობის ათი ობიექტის განადგურება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ახლა ჯგუფი იწყებს მემკვიდრეობის ასობით ობიექტის ახალ კვლევას. ხაჩადურიანი მიუთითებს ნახიჩევანის, აზერბაიჯანის ექსკლავის პრეცედენტზე, სადაც პრაქტიკულად მთლიანად მოისპო სომხური მემკვიდრეობა, რაც შესაძლოა იმის მაგალითია, თუ რას უნდა მოველოდეთ მთიან ყარაბაღში.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შუშაში. შენობა მთლიანად დაანგრიეს ბოლო თვეებში

“ერთ-ერთი უმთავრესი გაკვეთილი, რაც ნახიჩევანის მაგალითზე ვისწავლეთ, ისაა, რომ კულტურის განადგურებას დრო უნდა”, უთხრა რადიო თავისუფლებას ხჩადურიანმა.

“სომხური კულტურული გარემოს განადგურება რეგიონში ათწლეულებია ხდება, 1997 წლიდან დაწყებული, გრძელდებოდა ლამის 2009, შეიძლება 2011 წლამდეც”.

მკვლევრის თქმით, მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში „ეს სამწუხარო ისტორია ალბათ გაგრძელდება ბევრი წლის განმავლობაში“.

რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 23 აპრილს, მაგრამ ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის პასუხი არ მიგვიღია.