ეკატერინე და ილია - „მტრობა“ წამებული

ეკატერინე გაბაშვილი და ილია ჭავჭავაძე... ასაკში საგრძნობი სხვაობის მიუხედავად, ხშირად გადაკვეთილა მათი გზები როგორც ყოფით ვითარებაში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე. შესაბამისად, მოსაგონარი და გასახსენებელიც ბევრი ჰქონდათ, თუმცა ეკატერინე გაბაშვილს ნაწილი მოგონებისა „ილია ჭავჭავაძის პირად ცნობისა“, თავისი „სიბელეშით და უთაურობით“, დაუკარგავს. „მაინც და მაინც ბევრის თქმა რისმე არც შემეძლოო“, - ამბობს მწერალი ქალი 1936 წელს საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის თხოვნით დაწერილ მოგონებებში, - „მე საზოგადოთ ძალიან გაუბედავი და მოკრძალებული ხასიათის ადამიანი ვარ და თვით ილიაც თავისის მკაცრი თუ ჩემ გვარათვე, მოკრძალებული და გაუბედავი თვისებებით არ მაძლევდა ნებას შინაურულად დავახლოებულვიყავ იმასთანო“.

შინაურულად, ალბათ, მართლაც ვერ დაახლოვდნენ და ამის მიზეზი მხოლოდ ეკატერინეს გაუბედაობა და ილიას სიმკაცრე არ ყოფილა. ეკატერინე, მართალია, ეთაყვანებოდა ილიას, კარგად იცოდა მისი - მწერლის, რედაქტორისა და საზოგადო მოღვაწის - ფასი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერში ეთანხმებოდა, რომ ვერ ამჩნევდა ილიას ადამიანურ სისუსტეებს. ეკატერინე გაბაშვილის მოგონებები ილიაზე იმითაც არის ფასეული, რომ მასში აღწერილია ადამიანი და არა იდეალური, უხინჯო კერპი.

ტალახში ილიას და აკაკის გამო

მხატვარ პ. ჩელიშჩევის ერთ-ერთი ნახატი გრაფიკული სერიიდან "გასეირნება ავლაბარში" კარგად აღწერს, თუ რა ვითარება იყო XIX საუკუნის ტფილისის ქუჩებში. ალბათ, ცოტა უცნაური სანახავია, როცა ერთ ზრდასრულ ადამიანს მეორე ზრდასრული ადამიანი ზურგით გადაჰყავს.

"გასეირნება ავლაბარში", მხ. ჩელიშჩევი

რაშია საქმე?

მტვერი და ბუღი - დარში! ტალახი და ტლაპო - ავდარში! - ასეთია ძველი თბილისის ქუჩების მოკლე აღწერილობა.

ნიკოლოზ გაბაონის "აივნიან ქალაქში" არის ეპიზოდი, მეჯლისზე მიმავალი ქალები რომ ქირაობენ მეკურტნეებს, რათა მათ ზურგებსა თუ ბეჭებზე შემოსკუპებულებმა, ქოშების და კაბების დაუსვრელად, მიაღწიონ წვეულებამდე.

როცა გაავდრდებოდა, ან ასე უნდა გევლო, ან ფაეტონი უნდა დაგექირავებინა, არადა მოგიწევდა მუხლებამდე ტალახში დგაფუნი...

ერთხელ ეკატერინე გაბაშვილმაც შესცურა თბილისის ქუჩების უკიდეგანო წუმპეში და, იცით, ვისი მიზეზით? ირიბად აკაკი წერეთლის და უშუალოდ ილია ჭავჭავაძის გამო! ისეთი გაცეცხლებული იყო, რომ წყენა სიკვდილამდე არ დაივიწყა და ქართული ლიტერატურის მუზეუმის შეკვეთით დაწერილ მოგონებებში დეტალურად აღწერა ეს ამბავი.

ეკატერინე გაბაშვილი ამბობს, რომ არ ახსოვს, რომელი წელი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ საქმე ეხება ძალიან ცნობილ ამბავს - არტურ ლაისტის პირველ სტუმრობას ილიასთან ["გერმანიიდან ჩამოვიდა ერთი ყმაწვილი მწერალი, სახელად ლეისტი და სურს გაიცნოს ქართული საზოგადოება, ქართული მწერლობა და სცადოს თარგმნოს ქართული ლიტერატურული საუნჯე "ვეფხისტყაოსანი"] , - თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდგა 1884 წელი!

ეკატერინე გაბაშვილი

ამ დროს ეკატერინე გაბაშვილი 33 წლისაა, ილია - 47-ის, აკაკი - 44-ის!

როგორც ვთქვით, ილია პირველად მასპინძლობს არტურ ლაისტს. ეკატერინეც, ოლღა გურამიშვილის მიწვევით, სტუმრობს ილიას ოჯახს. თან აღფრთოვანებულია ამ პატივით, თან შეცბუნებულია იმის გამო, რომ წვეულთა შორის ერთადერთი ქალია [„დარბაზში დავინახე: გოგებაშვილი, ცხვედაძე, მიქელაძე, ჭყონია, ალ. სარაჯიშვილი, თაყაიშვილი და არც ერთი ქალი! დიახ, არც ერთი ქალის ჭაჭანება!“]. ყოველივე ამას დაემატა ის, რომ აკაკი შეეგება თავის "დემონიური ღიმილით" და ყველას გასაგონად შეჰყვირა: "ოჰ! პერჩატკები, იასამანი, კაბა, არშიები, ბრილიანტი! რა ცვლილებაა!"

აკაკის ამ მასხრობაზე ეკატერინე - ცნობილი "ნიგილისტკა" - ამბობს, რომ მზად იყო ატირებულიყო, მაგრამ, ბედად, დიასახლისი გამოჩნდა და ყველანი სუფრასთან მიიწვია.

ილია თამადობდა, აკაკი ოხუნჯობდა, დასცინოდა ყველას, მათ შორის სტუმარსაც:

აკაკი წერეთელი

"ვინ იცის, თავის ქვეყანაში მეჩექმის თანაშემწეა ან აფთიაქის ყოფილი ფარმაცევტი და ეჩოთირება კიდეც, რომ ამდენი დარბაისელნი, ლიტერატურის და პოეზიის წარმომადგენელნი ახვევია გარს. აი, ილიამ თქვენც უთუოთ, მოგიწვიათ ერთადერთი მანდილოსანი, რომ ეჩვენებინა, გაეკვირვებინა ნემენცი იმით, რომ განა თუ მარტო კაცები, ქალებიც კი დანავარდობენ ჩვენს პოეზიის პარნასზეო. თქვენ კი, როგორც ახალი გლეხის პატარძალი, თვალებდახრილი შესცქერით ვიღაც მაჩანჩალასო".

სხვათა შორის, არტურ ლაისტსაც დაამხსოვრდა ილიასთან გამართული ეს საღამო.

„ჩამოსვლის მეორე დღესვე ილია ჭავჭავაძესთან გავიცანი აკაკი წერეთელი და რაფიელ ერისთავი. აკაკი სხარტი იყო, როგორც ნამდვილი იმერელი. ისიც [ილიასავით] მაგარი აგებულებისა იყო, მაგრამ შედარებით სუსტი ნებისყოფის. მისი ლაპარაკი ილიაზე უფრო სწრაფად მოსჩქეფდა... ჩვენი გაცნობის პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს ორი მწერალი - ილია და აკაკი - საქართველოს მთელ მაშინდელ გონებრივ ცხოვრებას განასახიერებდა“, - დაწერს („საქართველოს გული“ ) წლების შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულად მთარგმნელი.

არტურ ლაისტი

აკაკი წერეთელი მთელი საღამო არ გაჩერებულა, სულ ოხუნჯობდა და ცალკე მიზიდულობის ცენტრს ქმნიდა სუფრაზე, რაც, როგორც ჩანს, არ მოსწონდა მასპინძელს. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საპატიო სტუმარიც ხვდებოდა, რომ აკაკის ოხუნჯობის ადრესატი ის იყო...

ამასობაში დასრულდა სადილი. დარბაზიდან გამოსულებმა შეამჩნიეს, რომ ქარი ამოვარდნილიყო და თავსხმა წვიმა მოდიოდა.

მოსამსახურეს ფაეტონი ფაეტონზე მოჰყავდა, სტუმრებს კი პირადად ილია აცილებდა.

ეკატერინემაც ილიას სთხოვა, მოსამსახურეს მისთვისაც გამოეძახებინა ფაეტონი. ილიამ გაიკვირვა და მკვახედ უთხრა, განა, თქვენ და აკაკი ერთი ფაეტონით არ მობრძანდითო?

აი, აქ კი აევსო მოთმინების ფიალა ეკატერინეს და მასპინძელს, როგორც ჭეშმარიტ ნიგილისტკა-ფემინისტკას შეეფერებოდა, წარბშეკრულმა მიაძახა:

"რა გნებავთ მაგით სთქვათ? ნუ თუ თქვენს თვალშიც დედაკაცი გასაკიცხია, როცა ის კაცთან თავისუფლად ლაპარაკობს!.."

ილია ჭავჭავაძე

მერე ეკატერინე ჰყვება, როგორ შეცბა ილია, როგორ სცადა მდგომარეობიდან გამოსვლა, როგორ ჩაილაპარაკა, "არა, რას მიქვიან"-ო თუ რაღაც მსგავსი, მაგრამ ეკატერინემ აღარ დააცალა თავისმართლება და აღშფოთებული გავარდა გარეთ...

...გარეთ კი ის ამბავი დახვდა, რაც წვიმის დროს ტფილისის ქუჩებში ხდებოდა. მუხლებამდე ტალახში ტოპვით, ძლივს მივაღწიე ჩემ სახლამდისო, ამბობს ეკატერინე გაბაშვილი.

„ილიას ნათქვამმა გული გამიპო“

ეკატერინე გაბაშვილმა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1937 წელს, „ლიტერატურულ გაზეთში" გამოაქვეყნა მცირე ზომის მოგონება სათაურით „ჩემი ლიტერატურული მუშაობის ეპიზოდი“, რომელშიც კარგად ჩანს ეკატერინეს ხასიათი.

"ილიამ რომ ყოველდღიური „ივერიის“ გამოცემა დაიწყო, რამდენჯერმე შევიტანე რედაქციაში მოთხრობა, ლექსი ან რაიმე აზრი საზოგადო მოვლენათა შესახებ, მაგრამ მთელი ორი წლის განმავლობაში არ დამიბეჭდესო", - იხსენებს მწერალი, - მინდოდა მიზეზი გამეგო, მაგრამ თავმოყვარეობა ნებას არ მაძლევდაო, არადა ქალებიც სულ მეკითხებოდნენ სიჩუმის მიზეზს და არ ვიცოდი რა მეთქვა, ალბათ ღირსი არ ვიყავი და ამის გამო გული მტკიოდაო.

ერთხელ ოლღა გურამიშვილთან შეიარა რაღაც საქმის გამო, ისარგებლა შემთხვევთ და მას სთხოვა ეკითხა ბატონ ილიასთვის, რა იყო მიზეზი ლიტერატურიდან მისი ასეთი განაპირებისა.

"ლიტ. გაზეთი". 1937 წ.

ეკატერინეს აბნევდა ის გარემოება, რომ, ადრე, როცა „ივერია“ ჟურნალი იყო, უპრობლემოდ იბეჭდებოდა. არასოდეს ილია წინააღმდეგი არ ყოფილაო, ამბობს ის.

ოლღამ, სადილზე გვეწვიე და თვითონ ჰკითხეო.

მივიდა ეკატერინე მეორე დღეს სადილზე. ისე ძალიან ნერვიულობდა სუფრასთან, რომ, ოლღას გულუხვი შეთავაზებების მიუხედავად, ვერაფრით გაიხსნა კრიჭა. ბოლოს, როცა სუფრა აალაგეს და ყავა ჩამოარიგეს, ეკატერინემ, ძალა მოვიკრიბე და შევხედე ილიასო.

„როგორც ვატყობდი, ილიასაც ეძნელებოდა სიმართლის თქმა, მაგრამ აუცილებლად უნდა თქმულიყო. ილიამ თავისებური მკვეთრი ხმით მითხრა:

„მე ველოდი, რომ თქვენ გააგრძელებდით თქვენგნით არჩეულს გზას წერისას გლეხთა ცხოვრებიდან. მოგიწონესთ, მწერლობაში თქვენი საკუთარი ალაგი დაიჭირეთ, მომბაძველებიც კი გამოგიჩნდნენ და ეს ალაგი საპატიოც იყო თქვენთვის, თქვენი ნიჭის ძალისთვის და საკმარისიც. სხვა მიმართულების წერისთვის თქვენი კალამი, ჩემის აზრით, სუსტი იქნება და უმნიშვნელო... მე გირჩევთ, ნაცად გზას არ ასცდეთ“.

ასეთი იყო ილიას მოკლე და გასაგები განაჩენი, რამაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა ქალზე. გული გამიპოო, წერს ის.

„სიტყვა დამაჯერებელი და ნათელი იყო. როგორც ყოველთვის მისი სიტყვა“, - იხსენებს ეკატერინე, მაგრამ იქვე დასძენს, „მე უძლური აღმოვჩნდი ჭეშმარიტი რჩევის ასასრულებლადო“.

„ზედ არც შემომხედა“

ეკატერინე გაბაშვილი უფრო ადრინდელ ამბავსაც იხსენებს, როგორ მიიტანა რომანი დიდხევში“ სერგეი მესხის ცოლ კეკესთან „ივერიაში“ გადასაცემად.

ეს ის დროაო, ამბობს ეკატერინე, როცა „ივერია“ და „დროება“ გაერთიანდა და ვანო მაჩაბელი რედაქტორობს, რედაქცია მუხრანსკის სახლში მდებარეობს და იქვე ცხოვრობს მესხის იჯახიცო.

მოთხრობის ბედის საკითხავად მისულ ეკატერინეს კეკე ეტყვის: „ნეტა ერთი საათით ადრე მოსულიყავი და შენი ყურით გაგეგონა, რას ლაპარაკობდნენ შენზე ილია და სერგეიო. დიდი კომპლიმენტებით შეაქეს შენი „რომანი დიდხევში“. ილიამ სთქვა: „უთუოდ მაგ ქალს ზეპირად აქვს დასწავლილი ვიკტორ-ჰიუგოს რომანები, რომ მაგგვარათ მიუღწევია იმის სტილის მომზგავსებაო და დაუმატა, ამ „რუსინკების“ გამრავლების დროს ეგ რა მანქანებით გადარჩენილა მაგგვარ უბედურობასა. ქართულის ცოდნა არ დაუთურგმნიაო“.

ეკატერინე გაბაშვილი

ეკატერინე სიხარულისგან ცას ეწია. ამ დროს ოთახის კარი იღება და შემოდის ილია, რომელიც დარჩენილი ქაღალდების წასაღებად დაბრუნებულა. აიღო და წავიდაო, ჰყვება ეკატერინე:

„მეც უკან ავედევნე, ვითომ უნდა მეკითხა, თუ მართალი იყო, რაც მითხრა კეკემ და მეტიც, მაგრამ იმან თითქოს არც კი დამინახა და ტალანში პალტოს ჩაცმა დაიწყო. მე ხელი შევაშველე ჩაცმაში, ჯოხიც მივაწოდე, მაგრამ ზედაც არ შემომხედა და თავჩაღუნული ჩაიარა კიბეზე. დამბლა დაცემულივით ვიდექ კიბის თავზედ და ვწყევლიდი ჩემ ქალად გაჩენის დღეს, თუ მართლა ქალების დანახვა უკრავდა კრიჭას იმ დიდებულ მეტყველებას, რომელიც ქალებს ზედმეტად ესაჭიროებოდათ მოსასმენად, შესასუნთქათ, იქნებ ასაყვავებლადაც... მაგრამ.. ბედი მუხთალი...“

ფიასკო "დიდებულის კაცისგან"

ეკატერინე გაბაშვილს ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ილიას ცოლთან, ოლღა გურამიშვილთან. ერთად საქმიანობდნენ როგორც წერა-კითხვის საზოგადოებაში, ასევე „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებაში“, რომლის თავმჯდომარე ოლღა იყო.

„ეს ნაცნობობა საერთო ინტერესებით და საქმით შეერთებული თითქმის მეგობრობათ იქცა ჩვენ შორისო“, - წერს ეკატერინე, რომელიც სამაგალითოდ მიიჩნევს ილიას და ოლღას სიყვარულით სავსე ურთიერთობას, თუმცა ასევე იხსენებს ერთ საჩოთირო ამბავს, რომელსაც მწერალი ქალი ჭავჭავაძეებთან პირველი სტუმრობისას შეესწრო. როგორც ირკვევა, დიასახლისმა საყვედური უთხრა ასაკოვან ლაქიას სტუმრებისთვის ჭუჭყიანი სარძევის მიტანის გამო, რაზეც, თავის მხრივ, ილია გაბრაზებულა, ამდენ უცხო ქალში რატომ შეარცხვინე ამხელა კაციო.

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი

„კნეინა ძრიელ გაწითლდა და ჩვენი სიჩუმე ამის იქით სრულ სიმუნჯედ გადაიქცა. ასე რომ, პირველი სანატრელი და სასიხარულო ნაბიჯი დიდებული კაცის სახლში შესვლისა სრულის ფიასკოთი გათავდა ჩემთვის და მთლიანად მოშალა ჩემი სადღესასწაულოდ მომზადებული აღმაფრენა“, - წერს ეკატერინე გაბაშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ოლღა გურამიშვილის მსგავსად, სმენის ძლიერი დეფექტი ჰქონდა.

„1904 წლის გაზაფხულზე საზღვარგარეთ წაველ სიყრუის მოსარჩენათ“, - ამბობს ეკატერინე, - „ჩემი შვილი, ბელგიის უნივერსიტეტის სტუდენტი მწერდა: „აქ დაბადებით ყრუ-მუნჯთ არჩენენ და შენ ხომ დიდი ხანი არ არის, რაც ყურს დაგაკლდაო“. დაუჯერე, მაგრამ ტყუილი გამოდგა. რაც აქ მითხრეს ექიმებმა, იქაურებმა გამიმეორეს: „ჯერ სიყრუის მოძებნის გზა არ არის ნაპოვნიო“.

მრისხანება ყიფიანის მიტოვებული ქალების გამო

სწორედ ბრიუსელში, სადაც ეკატერინე სამკურნალოდ ჩავიდა, სწავლობდნენ დიმიტრი ყიფიანის შვილის, კოლა ყიფიანის შვილები - ნინა და ვარო, რომლებიც ითხოვდნენ სტიპენდიის დანიშვნას მათი ბაბუის მიერ დაფუძნებული სათავადაზნაურო ბანკისგან.

ეკატერინე ტფილისში ახალი დაბრუნებული იყო, რომ კოლა ყიფიანის გარდაცვალების ამბავი შეიტყო. ბრიუსელში მცხოვრები ყიფიანის ქალები ყოველგვარი სახსრის გარეშე დარჩნენ.

ეკატერინე ოლღასთან გაიქცა და ილიასთან შუამდგომლობა სთხოვა ყიფიანის ქალების დასახმარებლად. რამდენიმე დღის შემდეგ ოლღამ უთხრა: „არავითარი პასუხი არ მომცა ილიამ ყიფიანების თხოვნაზეო“.

ეკატერინემ, პირადად ილიას ნახვა ვერ გავბედე, მაგრამ მალე ბრიუსელიდან მივიღე პროფესორ იოტეიკოს წერილი [„აქაც შემეძლო მეპოვნა საშუალება ამათ დახმარებისა, მაგრამ ამათი გულზვიადობა არ იკადრებს, არ მიიკარებს მოწყალებას, ამათ სურთ სამშობლომ წარუმართოს ხელი, რადგან იმედი აქვთ, რომ ერთი ათად გადაუხდიან დავალებას“] და გადავწყვიტე ილიას ნახვა, მაგრამ შინ არ დამიხვდაო.

„საწერ სტოლზედ დავდე წერილი. ოლღასგან გაგონილი მქონდა, რომ ილიას სტოლი ხელშეუხებელია და არავითარი ნივთის დაძვრაც არ შეიძლება იქიდან. მაშასადამე, წერილი, უეჭველად, მიიპყრობდა ილიას ყურადღებას, მაგრამ ხმა, კრინტი... სრული უყურადღებობა...“, - ამბობს ეკატერინე. - „მოთმინება დაკარგულმა , გაავზნებულმა, დავწერე, დავწერე კი არა, ცეცხლით ანთებული სიტყვები დავანთხიე ქაღალდზედ: „თავადო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე! ნუ თუ მუხრანსკის, ან ორბელიანის ცოლი უნდა ვიყვე, რომ თქვენი პასუხის გაცემის ღირსი გავხდე? ვთხოულობ, გესმით, ვთხოულობ თქვენგან გადაწყვეტილ პასუხს, პროფესორ იოტეიკოს წერილის პასუხს, ყიფიანის ქალების შესახებ“.

პასუხი მაინც ვერ მიიღო, ილიამ არც პირისპირ შეხვედრა ისურვა. კარგა ხნის შემდეგ შემთხვევით შეეჩეხნენ ერთმანეთს ბანკში, სადაც ეკატერინე თავისი სიძის, ბანკის დირექტორის, კოტე მაყაშვილის სანახავად მივიდა:

ილია ჭავჭავაძის პორტრეტი. მხ. გიგო გაბაშვილი

„ილია მარტოდ მარტო იჯდა და რაღაც ქაღალდებს ჩაფიქრებული ათვალიერებდა. სათვალეებ ზემოდან გადმომხედა და სასტიკმა თვალის ისარმა გამკრა... „შეიძლება, მიბრძანოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი საქმე? - ძლივ-ძლივობით წავილუღლუღე. „კანცელარიაში მიბრძანდით, იქ შეგიძლიანთ მიიღოთ პასუხი!“ - საშინელი მრისხანებით მომიგო მან“.

სადილზე შინ დაბრუნებულმა სიძემ ჰკითხა ეკატერინეს, ნეტა რა აწყენინეთ ეგეთი ილიას, რომ იმან დიდი გულისწყრომით დამაბარა თქვენთანო:

„მოახსენეთ ქალბატონ თქვნს სიდედრს, რომ მრავლის გზითა ვარ ჩვეული უგუნურთაგან შეურაცხყოფას, ტყვიების სროლას, მაგრამ ესეოდენი შეურაცხყოფა, რაც დედაკაცისგან (აქ არ გაიმეორა ნათქვამი კოტემ), დამატყდაო, ჯერ არავის უკადრებია ჩემთვის“.

„მეც ხომ ერთი ყაჩაღთაგანი ვარ!“

1907 წლის ენკენისთვის პირველი თუ ორი იყო. საღამოს ჟამი. ბალკონზედ გადაყუდებული ეკატერინე გადასცქეროდა თეძმის ხეობას, ადიდებულ თეძმის ზვირთებს ადევნებდა თვალს. უცბად შეამჩნია, რომ მის გარშემო რაღაც მისვლა-მოსვლა გაჩნდა... ეკატერინე გაბაშვილმა ნათესავი ქალისგან შეიტყო, რომ ყაჩაღები თავს დაესხნენ ილიას... „დაუჭრიათ ცოლიც, უბედური ოლღა!“

ეკატერინე გაბაშვილის საფლავი დიდუბის პანთეონში

„ყაჩაღები? დაუჭრიათ?!.. და წავიჩოქე... მეც ხომ, მეც ხომ ერთი ყაჩაღთაგანი ვარ! მეც ხომ წილი მიდევს იმის გულის დაკაწვრაში?!“ - ტირილითა და სინანულით იხსენებდა ეკატერინე ილიას მისამართით ნათქვამ მწარე სიტყვებს - „ ოჰ! შერცხვენილო ადამიანო! ნუ თუ, ნუ თუ ყოველი დიდებულის ხვედრი უბედურება და ეკლის გვირგვინია?! მე ხომ ვიცოდი, მე ხომ ათასჯერ მქონდა გაგონილი საზოგადო კრებაზე, რომ ქველმოქმედება ისეთი პირღია, უძღები რამეა, რომელსაც რამდენსაც ჩაუდევ, უფრო განზე პირს გააღებს, რომ დაკმაყოფილება არ შეიძლება“. - ილიას ეს სიტყვები, რომლითაც ის ყოველ კერძო თხოვნას ბანკის მოგებიდან უპასუხებდა, მე კარგად მქონდა შეგნებული... მაგრამ გრძნობამ, გრძნობამ ამიხვია თვალები და შეჩვენება, შეჩვენება ძვირფასის დიდებულის უგუნურთა ძნელად მიუწვდომელ გაგებისა შემრჩა უპატიებელი“.