რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II, რომლის ძალისხმევითაც გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი და ნიადაგი ჩაეყარა საქართველოს იძულებით შეყვანას რუსეთის იმპერიაში, უამრავი მითისა და ლეგენდის გმირია. ყველაზე გავრცელებულ მითებს შორისაა, ეკატერინეს უძღები სექსუალური მადა, რომლის დასაცხრობად რუსეთის იმპერიის უზენაესი არსება არ სჯერდებოდა ფავორიტთა მრავალრიცხოვან არმიას და, თითქოსდა, საკუთარ ულაყთანაც კი იყოფდა სარეცელს, რამაც, საბოლოო ჯამში, ლეგენდის მიხედვით, შეიწირა კიდეც იმპერატორის სიცოცხლე. არსებობს ეკატერინეს გარდაცვალების სხვა, ასევე საჩოთირო ვერსიაც.
მითი საქართველოს მფარველობის შესახებ
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, ეკატერინე მეორესთან დაკავშირებული მთავარი მითი ისაა, რომ რუსეთის იმპერატორი ცდას არ აკლებდა, მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებისათვის, მაგრამ ხან გეოგრაფიული, ხან ტექნიკური და ხანაც სხვა გარემოებების გამო ეს მფარველობა ვერ იყო ისეთი ეფექტიანი, როგორსაც ქართველი მეფეები ელოდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამავე მითის თანახმად, ეკატერინე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველო იხსნა უმძიმესი განსაცდელისგან, რომელიც მას თურქეთისა და ირანისგან ელოდა.
არა და ყველაფერი პირიქით იყო. ეკატერინე II ქართული სამეფო-სამთავრობოებით მხოლოდ თურქეთთან საომარი დაპირისპირების დროს დაინტერესდა. 1769 წელს მან საგარეო საქმეთა კოლეგიისაგან მოითხოვა დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს შესახებ: სად მდებარეობდა, ვის ემეზობლებოდა და ჰქონდათ თუ არა ქართველ მფლობელებს საზღვაო პორტები კასპიის და შავ ზღვებზე. მალევე შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც თურქთა წინააღმდეგ ქართველების გამოყენებას, ასევე საქართველოს დაპყრობასაც.
ერეკლე II თურქეთთან ომში ჩაება სამცხე-საათაბაგოს დაბრუნების იმედით, თუმცა გენერალ ტოტლებენის ღალატმა მალევე დაარწმუნა იგი, რომ რუსეთს სულ სხვა ინტერესები ამოძრავებდა.
„აწყურიდან უკან დაბრუნებით მეფეს აჩვენა ტოტლებენმა პირდაპირი ღალატი იმ საქმეებში, რომლის გულისთვისაც ის იყო გამოგზავნილი საქართველოში, უფრო მეტიც, მეფე ერეკლეს თურქეთის საზღვრებში ყოფნის დროს ხალხში ხმა გავრცელდა, რომ ტოტლებენი სურამში დაბრუნდა იმ მიზნით, რომ მოეყვანა ქართველები ფიცის მისაღებად და ებრძანებინა მათთვის მისი უმაღლესობის სახელით, რომ მათ არ ეცნოთ ერეკლე თავიანთ მფლობელად“, - წერდა ამ ღალატზე რუსი სამხედრო ისტორიკოსი ვასილი პოტო.
როგორც ირკვევა, ამ დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ორგვარ ვარიანტს ამუშავებდა: 1. ერეკლეს ტახტიდან გადაყენება, მის ნაცვლად სხვა სასურველი კანდიდატის შერჩევა და 2. საქართველოს რუსეთთან შეერთება (მეფობის გაუქმება)
ეკატერინე II-ის ინსტრუქცია ერეკლეს ტახტზე დატოვების შესაძლებლობასაც იძლეოდა:
„საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ირაკლი სანამ აღდგენილ იქნება ტახტზედ, ბოდიში მოიხადოს ჩვენს წინაშე წერილობით... შეეცადეთ, რომ მისი თხოვნა გამოიხატებოდეს ზრდილობიან სიტყვებში, და ბოლოს, რომ ამ ამბავს გარეგნულად მისცეთ დიდი მნიშვნელობა; ბ-ნ გრაფ ტოტლებენის რჩევით შეასრულეთ ზოგიერთი ცერემონიები, რათა ქართველ ველურ თავებში დიდი ხნით დარჩეს ასეთი პატივისცემის შთაბეჭდილება... თქვენ ყოველი ღონე უნდა იხმაროთ, რომ ირაკლი დარჩეს ჩვენს იმპერიასთან კეთილგანწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ოსმალეთთან ომის განმავლობაში მაინც“.
1772 წელს თურქეთთან ზავის დადების შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს აღარ სჭირდებოდა ჯარი საქართველოში, ამიტომ ეკატერინე II-მ სამხედრო ნაწილები, რომლებიც სამი წელი იმყოფებოდნენ საქართველოში, სოლომონისა და ერეკლეს ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, უკან გაიწვია ისე, რომ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა საშინელ დღეში ჩავარდებოდა მისივე წყალობით თურქეთთან ომში ჩაბმული საქართველო.
ერეკლე რუსეთის მთავრობას აცნობებდა, რომ ამ ომის დროს მას დაეხარჯა 430 ათასი მანეთი და რუსებს სთხოვდა თანხას და ჯარს 3-4 წლით, საზღვრების დასაცავად იმ ხალხისაგან, რომლებიც აუცილებლად შეეცდებოდნენ სამაგიეროს გადახდას, რუსის ჯარის წასვლის შემდეგ.
„თურქეთთან ზავის დადებისას სულთანს ქართველი ხალხის უშიშროების პირობას ჩამოვართმევთ, რომლის შესრულებაზე მე თვითონ დავაწესებ კონტროლს“, - ასეთი იყო ეკატერინე II-ის დიპლომატიური პასუხი.
რუსეთის იმპერიისთვის 1783 წლის ტრაქტატი უდავოდ დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო, რადგან საშუალებას აძლევდა რუსეთს ფეხი მოეკიდებინა ამიერკავკასიაში და ქართლ-კახეთზე დაყრდნობით განემტკიცებინა იმპერიის გავლენა.
ეკატერინე II საქართველოს არც აღა-მაჰმად-ხანთან ბრძოლაში დაეხმარა. საქართველოს დაუძლურება რუსეთისათვის სასურველი იყო, რადგან საშუალება ეძლეოდა, საქართველოს მეფისა და მოსახლეობისაგან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაუწევლად დაემყარებინა თავისი აბსოლუტური ბატონობა. ეკატერინე II, დახმარების ნაცვლად, პირიქით, გენერალ გუდოვიჩს 1795 წ-ის 4 სექტემბერს მიწერილობაში ავალებდა, ემოქმედა ისე, რომ იმერეთის მეფე არ ჩართულიყო აღა-მაჰმად-ხანისა და ერეკლე II-ის კონფლიქტში.
გასაკვირი არ არის, რომ ტრაქტატით გათვალისწინებულმა დახმარებამ - რუსეთის ქვეითთა ორმა ბატალიონმა და რამდენიმე ზარბაზანმა - საქართველოში მხოლოდ თბილისის აოხრების, ომის დასრულებისა და აღა-მაჰმად-ხანის საქართველოდან წასვლის შემდეგ ჩამოაღწია.
რომ არა 1796 წლის ნოემბერში ეკატერინეს გარდაცვალება, ალბათ, რუსეთის იმპერია 1801 წლამდე მიიერთებდა ქართლ-კახეთის სამეფოს და, ალექსანდრეს მანიფესტის ნაცვლად, დღეს ეკატერინეს მანიფესტი გვექნებოდა.
სხვა მითები
ეკატერინე II-ის გარდაცვალებამ ახალ მითებსაც დაუდო სათავე. სწორედ იმპერატორის სიკვდილს უკავშირდება მითი, რომლისაც ყველაზე მეტად სჯერათ როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. ეს მითი ასე ჟღერს:
- ეკატერინე II იმდენად გარყვნილი იყო, რომ ცხენთანაც კი იწვა და, საბოლოო ჯამში, ამან იმსხვერპლა კიდეც
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული და, ამავე დროს, ყველაზე მცდარი მითი ეკატერინეს შესახებ, მითი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ცნობილია, რომ ეკატერინე გარდაიცვალა ინსულტით. კიდევ ერთი მითის თანახმად, ღამის ქოთანზე ჯდომისას, თუმცა, აქაც წაშლილია ზღვარი სინამდვილესა და მითს შორის. რუსი ისტორიკოსების თქმით, ეკატერინე დეფეკაციის დროსაც რომ გარდაცვლილიყო, ეს არ იქნებოდა სიკვდილი ღამის ქოთანზე, რადგან ის იჯდებოდა სპეციალურ სავარძელზე, რომელიც, მორიგი ლეგენდის თანახმად, პოლონელი მეფეების ტახტისგან ჰქონდა გაკეთებული. სიმართლე კი ისაა, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი ეკატერინე იატაკზე დაგდებული იპოვეს მოსამსახურეებმა, გარდაცვალებით კი მეორე დღეს გარდაიცვალა საკუთარ საწოლში.
- ეკატერინე II ისე იცვლიდა ფავორიტებს, როგორც ხელთათმანებს
ეს ლეგენდა, ამერიკელი ისტორიკოსის, ჯონ ალექსანდერის მტკიცებით, უსაფუძვლო არ არის. ეკატერინეს პირადი ცხოვრება, რა თქმა უნდა, იძლეოდა ნოყიერ ნიადაგს უამრავი ჭორის გასავრცელებლად, რადგან რუსეთის იმპერატორი იყო თავისი დროის ერთგვარი სექს-სიმბოლო და მის გვერდით ყოველთვის იყვნენ ფავორიტები, საყვარელი მამაკაცები. ისტორიკოსები ასახელებენ ეკატერინეს თორმეტ ფავორიტს, რომლებთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა 1753 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე (1796 წ). ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ჩამონათვალს კიდევ უმატებს ორ-ხუთ სახელს.
- ეკატერინე II-ის ნაცვლად ფავორიტები მართავდნენ რუსეთის იმპერიას
რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ მითს არანაირი საფუძველი არ აქვს. ეკატერინე თვითონ მართავდა იმპერიას, თავად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და გულმოდგინედ იყო ჩართული ყველა საჯარო თუ ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში. ისტორიკოსთა ნაწილი ეკატერინეს თანამმართველად გრიგორი პოტიომკინს ასახელებს. გენერალ-ფელდმარშალი, სამხედრო კოლეგიის პრეზიდენტი და ეკატერინოსლავის საადგილმამულო გუბერნატორი, - ნამდვილად იყო ეკატერინეს ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე. მართლაც, ეკატერინე ყურს უგდებდა მის რჩევებს ისე, როგორც, მაგალითად, ყირიმის რუსეთთან შეერთების ისტორიაში, მაგრამ ბოლო სიტყვა, საბოლოო გადაწყვეტილება ყველა საკითხში ყოველთვის იმპერატორზე იყო.
- ეკატერინე II-ზე გავრცელებულ ლეგენდებს შორის ასევე არის ქმრის, პეტრე III-ის მკვლელობა, გერმანიის ჯაშუშობა, მასონთა ლოჟის წევრობა, შვილების სიძულვილი და შვილიშვილების სიყვარული, ალიასკის გაყიდვა (რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აშშ-მა ალიასკა 1867 წელს შეიძინა).
- ეკატერინე რუსეთის განმანათლებლობის სიმბოლო
ეკატერინე, უდავოდ, იყო განმანათლებლობის სიმბოლო და ბევრი გააკეთა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ინტელექტუალური ინტერესები და მოთხოვნები გავრცელებულიყო რუსულ საზოგადოებაში. რუსეთი სწორედ მას უნდა უმადლოდეს ერმიტაჟის შექმნასა და პირველი საჯარო ბიბლიოთეკის გახსნას, დრამატული ხელოვნებისა და ჟურნალისტიკის განვითარებას, ფერწერას, მუსიკალურ კულტურას, რუსეთის ისტორიის მიმართ ინტერესის გაღვიძებას და ა.შ.