"როგორ შეიძლება ახლა ვენდოთ გენერალური ინსპექციის განცხადებას და გვჯეროდეს, რომ ისინი ობიექტურად და სრულყოფილად გამოიკვლევენ ამ საკითხს?.."

ეკა ციმაკურიძე, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ხელმძღვანელი

24 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პროკურატურიდან წასული სალომე ადეიშვილის „ფეისბუკის“ პოსტზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა პარლამენტსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ბევრს ვფიქრობ იმაზე, საიდან დავიწყო, იმდენი პრობლემა ჩანს ამ პოსტში და იმდენად ნაცნობია ბევრი ადამიანისთვის. რატომ მოჰყვა ამ პოსტს ამხელა გამოხმაურება, ესეც ნიშანდობლივია, რადგან ყველას განგვიცდია ეს ცხოვრების რაღაც ეტაპზე. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი ამ მდგომარეობაში მუშაობს და ზუსტად ამიტომ არის, რომ ამხელა ყურადღებას იქცევს, თორემ შეიძლებოდა ჩვეულებრივად ჩაევლო ამ ამბავს. ერთი რიგითი პოსტი იქნებოდა“.

ეკა ციმაკურიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყველაფერი ის, რაზეც სალომე ადეიშვილი წერს, პროკურატურის შიდაორგანიზაციულ, სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს:

„მახსენდება, ირაკლი შოთაძე როცა მოვიდა მთავარ პროკურორად, პირველი, რაც განაცხადა, როგორც ახალმა მთავარმა პროკურორმა, იყო, რომ ის იწყებდა შიდარეორგანიზაციას. ანუ, მისთვისაც ცხადი იყო, რომ იქ რაღაც იყო გასაკეთებელი. თადუმაძე (მთავარ პროკურორად იყო არჩეული და შემდეგ გენერალურ პროკურორად გარდაიქმნა) რომ მოვიდა, მანაც ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე შოთაძემ, გამოაცხადა, რომ იწყებდა შიდარეორგანიზაციას. ერთი განცხადებით შემოიფარგლა გენერალური პროკურატურა ამ საკითხზე და კონკრეტულად არავის არაფერი უთქვამს, რას გულისხმობდა ამ შიდარეორგანიზაციაში, კონკრეტულად რა პრობლემები იდგა და რის მოგვარებას აპირებს სისტემა.

ამ პოსტშიც კარგად ჩანს, თურმე, რამდენი შიდაორგანიზაციული პრობლემა ყოფილა. მიუხედავად ამისა, არაფერი გვსმენია. თუნდაც, რომ ავითვალოთ თადუმაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის პერიოდიდან (ეს განცხადება გაკეთდა 2018 წლის აგვისტოს ბოლოს), წელიწადზე მეტი დროა გასული და არაფერი ვიცით ამ შიდაორგანიზაციულ ცვლილებებზე. თუ ეს არ იყო მნიშვნელოვანი, რატომ გახდა საჭირო ამ მესიჯით მოსვლა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე? თუ ეს იყო მნიშვნელოვანი, გვითხრან, რა პრობლემების მოგვარებას ისახავს ეს რეფორმა მიზნად და დღეს კონკრეტულად რა ეტაპია ამ რეფორმის?

პირველი, რაც პარლამენტს შეუძლია გააკეთოს, არის ეს, რომ ჰკითხოს გენერალურ პროკურორს, რომელიც არის დამოუკიდებელი უწყების ხელმძღვანელი და ეს უწყება არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და პარლამენტს აქვს უამრავი მექანიზმი, რომ დაუსვას გენერალურ პროკურორს კონკრეტული კითხვები და მიიღოს დეტალური ინფორმაცია შიდაორგანიზაციულ რეფორმებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ამის გაკეთება შეუძლია პარლამენტს! დანაშაულის ნიშნები რაზეც იკვეთება, იმაზე ცალკე რეაგირებაა საჭირო.

ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება შიგნით სისტემაში. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი დაჩაგრული ადამიანია, რომლის შრომითი უფლებებიც ირღვევა და რომლებსაც არათანაბრად ეპყრობიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება პარლამენტის რეაქცია ამ შემთხვევაში!“

23 ოქტომბერს სალომე ადეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა გენერალური პროკურატურა და საზოგადოებას ამცნო, რომ უწყების „გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება“, რომ ის „დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“. „დემოკრატიული ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი არ ენდობა ამ პროცესს:

„ეს პრობლემები, რაზეც სალომე ადეიშვილის პოსტშია საუბარი, ცხადია და ასე იკითხება, რომ არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. ეს არ არის, რომ: ერთხელ შეემთხვა ადამიანს, ერთხელ მოეპყრნენ არათანაბრად, ერთხელ გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ერთხელ დატვირთეს საქმით სხვასთან შედარებით არათანასწორად, გაბრაზდა ამაზე და გამოვიდა. ის ამბობს, რომ პერმანენტულად ეს მდგომარეობაა.

როგორ შეიძლება, ახლა ვენდოთ გენერალური ინსპექციის განცხადებას და გვჯეროდეს, რომ ისინი ობიექტურად და სრულყოფილად გამოიკვლევენ ამ საკითხს, როცა ძალიან კარგად იციან, რომ ეს პრობლემები შიგნით ძალიან დიდი ხანია არსებობს“.

ეკა ციმაკურიძე აღნიშნავს, რომ სისტემური, რეალური ცვლილებები არცერთ ხელისუფლებას განუხორციელებია არც პროკურატურაში და არც სასამართლოში:

„არ უნდა გვიკვირდეს, რომ არ იცვლება შიგნით ვითარება, რადგან რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა“.

„დილის საუბრების“ სტუმარს იმედი აქვს, რომ სალომე ადეიშვილის განცხადება იქნება სტიმული სხვა ადამიანებისთვის, რომ ილაპარაკონ სისტემის პრობლემებზე.

პარლამენტის გარდა, ეკა ციმაკურიძე შექმნილ ვითარებაში ელოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეაქციას. ეს უწყება 1 ნოემბრიდან შეუდგება სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფუნქციის შესრულებას. ეკა ციმაკურიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ადეიშვილის განცხადება 1 ნოემბრამდე გავრცელდა, მის მიერ აღწერილი ვითარება წლების პრატიკას ასახავს და არც მომავალ ათ დღეში შეიცვლება:

„მე ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორს ჰქონდეს თავისი სტრატეგია ამ უწყებასთან მიმართებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა სახელმწიფო ინსპექტორს და მისი ეფექტიანად შესრულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისე, რომ იჯდეს ის კაბინეტში და ელოდებოდეს, როდის შეუვა საჩივარი.

ასე ვერ იქნება, იმდენად იშვიათია, რომ ადამიანები სისტემის შიგნიდან საუბრობდნენ პრობლემებზე და, მით უფრო, დანაშაულებზე. ეს არ არის ის სფერო, სადაც მარტივად ჩივიან ადამიანები. არ არის აუცილებელი, საჩივარი შეუვიდეს. თუ სხვა მხრივაც შეიტყო დანაშაულის შესახებ, სადაც დაინახავს დანაშაულის ნიშნებს, ეს შეიძლება იყოს მისი მხრიდან გამოძიების დაწყების საფუძველი.

საინტერესოა, ახლა რა იქნება მისი რეაქცია. გენერალური ინსპექცია აქამდეც ბევრი წლის განმავლობაში ჰყავდა პროკურატურას. დამოუკიდებელი ინსპექტორი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ არაეფექტიანი იყო აქამდე არსებული ნებისმიერი სხვა მექანიზმი სისტემის შიგნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით...

რა აზრი აქვს დამოუკიდებელი ინსპექტორის არსებობას, თუ ის დაჯდება და დაელოდება, როდის ამხელენ ვიღაცებს ადამიანები დანაშაულში?“.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა ციმაკურიძე სალომე ადეიშვილის განცხადებაზე, პარლამენტისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პასუხისმგებლობაზე