"დღეს ვხედავთ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ თითქოს, ჩვენ დავიწყეთ ომი"

ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

კოალიციის - „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრი 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში გმობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს აგვისტოს ომზე:

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვიწრო პარტიულ ხედვებს სახელმწიფოს ინტერესებზე წინ აყენებენ და აგრძელებენ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლითაც ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამ გზით ისინი იზიარებენ ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის, პუტინის პოზიციებს და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას.

მკაცრად ვგმობთ საქართველო-რუსეთის ომის მეთერთმეტე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ისეთი პოზიციის დაფიქსირებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება“.

განცხადების ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ უფრო მკაცრი განცხადების გაკეთებაც შეიძლებოდა და განმარტავს კოალიციის აღშფოთების საფუძველს:

„ამაზე მკვახე განცხადების გაკეთებაც შეიძლებოდა.

როცა რუსეთი, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო არის აღიარებული მთელი დემოკრატიული მსოფლიოს მიერ და ეს ქვეყნები გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს, სადაც კითხვაც კი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით ვინ დაიწყო ომი.

ყველამ იცის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დახოცა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, გადაწვეს ჩვენი სოფლები და დატოვეს რამდენიმე ასეული ადამიანი სახლკარის გარეშე. ეს მოცემულობა რომ გვაქვს, ამის შესახებ იცის მთელმა მსოფლიომ და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ჩნდება იმის გათვალისწინებითაც, რომ ვიცით, რუსეთი რა ტიპის სახელმწიფოა, იგივე გააკეთა მან მაგალითად ყირიმში და საერთოდ როგორი ტიპის რეჟიმებს აფინანსებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის მშვიდობიანი სახელმწიფო. ყველამ ვიცით რა მეთოდებს იყენებს.

მის ინტერესებში იყო, საქართველოსთვის ეჩვენებინა ვის ხელშია ძალა და რა შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენთვის დაენახებინა რა წინააღმდეგობა შეუძლია გაგვიწიოს რეფორმების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამის ფონზე დღეს ვხედავთ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ თითქოს, ჩვენ დავიწყეთ ომი. ეს არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, არამედ პირდაპირ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებული განცხადებები, იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში რუსეთი ერთადერთია, ვინც ამას ამბობს და ჩვენი ხელისუფლების წევრებიც ამას ამბობენ.

ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი!

ვერც ემოციურად, ვერც ადამიანურად, ვერც სახელმწიფოებრივად ეს გასაგები ვერ იქნება!“.

ამასთან, ეკა გიგაური თვლის, რომ აგვისტოს ომის შესახებ ბევრი კითხვაა დასასმელი და გასაანალიზებელი, თუმცა, არა ის - ვინ დაიწყო ომი?

„დისკუსია ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ იმის შესახებ - ომის პერიოდში სახელმწიფო მოხელეები როგორ იქცეოდნენ. ეს დისკუსია აბსოლუტურად გამართლებული მგონია და მგონია, რომ ომის შემდეგ წინა ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მათ არ განიხილეს კრიზისის დროს რა მოუვიდა სახელმწიფო აპარატს.

ყველამ დავინახეთ რომ გარკვეული მიმართულებებით იყო პრობლემები და კრიზისს მოუმზადებლად შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ყველა კითხვა უნდა დაისვას, მაგრამ ეს სხვა საკითხია და არ არის დაკავშირებული იმასთან ვინ დაიწყო ომი“.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა გიგაური კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" მიერ ხელისუფლების განცხადებების შეფასებაზე