2 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერებისა და სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობის შესახებ. თუმცა, იქვე შენიშნავს: "ამ სიტუაციაში ჩვენ, სამოქალაქო სექტორს მოლოდინი არ გვაქვს, რომ პროკურორი თადუმაძე დაიწყებს გამოძიებას და დაკითხავს ბიძინა ივანიშვილს და თუკი დადგინდება მისი ჩართულობა ამ ყველაფერში, მის პასუხისმგებლობას დააყენებს. ასევე არ გვაქვს მოლოდინი, რომ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია და რომც შეიქმნას, თუკი საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ იქ იყვნენ ჩართულები მაღალი თანამდებობის პირები, მათი პასუხისმგებლობა დადგება", - ამბობს ეკა გიგაური და ამის თქმის საფუძველს, როგორც თავად განმარტავს, აძლევს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას ეხება. "ჩვენ გვაინტერესებს დღეს, როცა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოძიებულ იქნას და იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები მომავალში არ ჰქონდეს? ამაზეა საუბარი, თორემ ცხრაწლიანი რეჟიმი რაც იყო და იმ პერიოდში რაც ხდებოდა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ, მათ არ აქვთ პასუხები ამ ყველაფერზე", - მოისმენთ ეკა გიგაურისგან "დილის საუბრებში". "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ცდილობს თავისი ძალებით დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ბიზნესსს, ვისაც ხელისუფლებისგან უკანონო მოპყრობის გამოცდილება ჰქონია, დაუკავშირდნენ და ილაპარაკონ ასეთ ფაქტებზე.
Your browser doesn’t support HTML5