ეკა აკობია: "ეს გადაწყვეტილება ქმნის წინაპირობას რამდენიმე შესაძლო სცენარისთვის"

9 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მან ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე ირანთან მრავალმხრივი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. ეკა აკობია განმარტავს, რომ წინ არის 90 და 180 დღიანი დროის მონაკვეთები, რის შემდეგაც აშშ ეტაპობრივად დააბრუნებს ირანის წინააღმდეგ სანქციებს პროდუქციასა და ნავთობით ვაჭრობაზე. ეს ნაბიჯი ეფექტიანად ასუსტებს 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას ირანსა და 6 ქვეყანას (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) შორის. "დილის საუბრების" სტუმარი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება მეორე მხრივ ქმნის წინაპირობას რამდენიმე შესაძლო სცენარისთვის, რომლებსაც ეკა აკობია განმარტავს და აღწერს მოსალოდნელი მოლაპარაკებების სავარაუდო დღის წესრიგს. მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალია, რომ ირანის ახლანდელმა ხელისუფლებამ და აშშ-ის ადმინისტრაციამ გამონახონ საერთო გზები პოსტ-ბირთვული შეთანხმების პერიოდში ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეკა აკობია ლაპარაკობს აშშ-ის წინა და ახლანდელი ადმინისტრაციების განსხვავებულ მიდგომებზე ირანის ბირთვული პროგრამის ეფექტიანად კონტროლის საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში ირანთან შეთანხმების საკითხზე აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მოსაზრებები რადიკალურად განსხვავებულია, ეკა აკობია ეჭვქვეშ არ აყენებს ჩრდილოატლანტიკური პარტნიორობის სიმტკიცეს.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა აკობია ირანთან შეთანხმებაზე