პანკისი, ჰესები, მოსახლეობის პროტესტი და მისი კონტროლი

გადაცემის დასაწყისში "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტმა, ეთო გვრიტიშვილმა ილაპარაკა 5 თებერვალს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი, რომელიც სუს-ის მხრიდან თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენას ეხებოდა. ოჯახის ინტერესებს იცავს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და როგორც ეთო გვრიტიშვილმა აღნიშნა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და თუ სამართლიანობის დადგენისთვის ეროვნული სასამართლო სისტემა არ იქნება საკმარისი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავენ. თემირლანის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია შვილის ღირსების, მისი სახელის დაცვა.

რაც შეეხება საუბრის ძირითად თემას - ეს არის პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, მოსახლეობის დამოკიდებულება ამ პროექტების მიმართ, მათი ინტერესების უგულებელყოფა ხელისუფლების მიერ და სამართალდამცავთა აქტიურობა.

30 იანვარს EMC-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ პერიოდულად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იბარებენ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსაზრებების გამომხატველ ადგილობრივ მცხოვრებლებს, კითხავენ მათ და ცდილობენ მათ კონტროლს.

ეთო გვრიტიშილი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს მოქალაქეების ინტერესზე ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია მათ საცხოვრებელ გარემოზე, დაგეგმილ პროექტებზე და მათ აზრს ითვალისწინებდეს სახელმწიფო, როცა საქმე გარემოს მოსალოდნელ ცვლილებებს ეხება.

იურისტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს სამართალდამცავთა მოქმედებას და ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე პროცესში პოლიცია არ უნდა მონაწილეობდეს. კომპეტენციის მიხედვით ამ თემაზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის.

Your browser doesn’t support HTML5

ეთო გვრიტიშვილი ჰესების გამო პანკისელების პროტესტსა და სახელმწიფოს როლზე