ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, მთავრობა დაჰპირდა „აგენტების კანონის“ ცვლილებას

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ორჯერ შეხვდა პრემიერ ირაკლი კობახიძეს. ის შეხვდა ასევე ბიძინა ივანიშვილს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, თბილისში ვიზიტად მყოფი ალენ ბერსე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ.

20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამაზე პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები.

ალენ ბერსემ მანამდე განაცხადა: „გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები [კანონის შეცვლაზე], ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს“.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეკრებას გარკვეული დრო დასჭირდება:

„რა გინდათ, შუადღესავე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დაკავებულები არიან, ბევრი სამუშაო აქვთ. ასევე, იწყება საშობაო არდადეგები... ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემთ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. გავუწევთ ორგანიზებას. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების - ერთ თვემდე ვადის“, - უპასუხა მან ჟურნალისტებს.

ალენ ბერსეს თქმით, ის საქართველოში „არჩევნების ლეგიტიმაციისთვის“ არ არის ჩამოსული: „მე აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი“, - განაცხადა მან.

ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“:

„ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, - წერს გვარამია.

2023 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც სამოქალაქო პროტესტის შემდგომ უკან გაიწვია.

2024 წლის მაისში კი ხელისუფლებამ „აგენტების კანონი“, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, დაამტკიცა.

ინფორმაცია განახლდება.