საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა შეზღუდვის კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს 18 აპრილს წარედგინა. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის, მე-17 კონსოლიდირებულმა ანგარიშმა 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით პერიოდი მოიცვა.
კონსოლიდირებული ანგარიი „კონფლიქტი საქართველოში“
- ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმეა.
- ანგარიშში საუბარია ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიღებისა და ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების პრობლემებზე.
- კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ წელიწადში ორჯერ მზადდება და მას საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.
ანგარიშში, ტრადიციული სახელწოდებით “კონფლიქტი საქართველოში“, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის ფაქტებზე, მათ დაუცველობასა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გატარებულ ანექსიურ პოლიტიკაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ძალისხმევის მიუხედავად, სამდივნოს არ მიეცა საშუალება კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესულიყო და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ადგილზე შეეფასებინა. შესაბამისად, დელეგაციის ფაქტების დამდგენი ვიზიტი 11-12 თებერვალს თბილისში განხორციელდა და ანგარიშიც საქართველოს ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველთან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შედგენილი.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებულ ანგარიშში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით მძიმეა როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ისე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების კუთხით. კონსოლიდირებულ ანგარიშში საუბარია ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიღებისა და ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების პრობლემებზე, ოკუპირებული რეჟიმების მიერ ადგილობრივი ქართველების უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებასა და სხვა საკითხებზე. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტის მიმოხილვისას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეები მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების მოწოდებით გამოდიან და ამასვე მოითხოვენ სხვა საერთაშორისო აქტორებიც. კერძოდ, ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის ცხედრის ნათესავებისთვის გადაცემას ერთი თვე არ უნდა დასჭირვებოდა და ეს არ უნდა გამხდარიყო მოლაპარაკების საგანი. ევროკავშირი ეხმიანება ასევე ოთხოზორიას საქმეს და შენიშნავს, რომ ამ საქმეების გამოძიება აუცილებელია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი განმარტავს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას დელეგაციებმა საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადეს:
“იყო ევროკავშირის საერთო განცხადება, იყო სუამის ერთობლივი განცხადება, ასევე 29 დელეგაცია გამოვიდა სხდომაზე და მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას. იყო ერთმნიშვნელოვნად აღნიშნული, რომ კონსოლიდირებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და სიტუაციები ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ საქართველოს საკითხი იყოს შენარჩუნებული ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ ყოველწლიურად, მინიმუმ წელიწადში ორჯერ, როგორც ამას ითვალისწინებს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, საქართველო მუდმივად იყოს ამ ორგანიზაციის დღის წესრიგში“.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ეს არის ყველაზე მიუწვდომელი ადგილი ევროპის ტერიტორიებზე და ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, არ აძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს წვდომა...დავით ზალკალიანი
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა ასევე იმ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ქმედებებით. მან ილაპარაკა „ბორდერიზაციის“ პროცესზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე, სოხუმსა და ახალგორში საბაჟო პუნქტების გახსნაზე, ეთნიკური ქართველებისათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის იძულებით გაცემაზე, სოფელ ერედვში ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებსა და სხვა საკითხებზე. დავით ზალკალიანმა სხდომის მონაწილეებს გააცნო ასევე საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“:
“დისკუსიები იყო უაღრესად ნაყოფიერი და ევროპის საბჭო მომავალშიც გააგრძელებს ფოკუსირებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ეს არის ყველაზე მიუწვდომელი ადგილი ევროპის ტერიტორიებზე და ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, არ აძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს წვდომა. ამიტომ ევროპის საბჭო მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების ფორმატში და გენერალური მდივნის მეშვეობით კვლავაც შეეცდება მომავალში, რომ ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის, მე-17 კონსოლიდირებულ ანგარიშში მიმოხილულია ის აქტივობებიც, რომლებიც ნდობის აღდგენას ემსახურება. მაგალითად, 26 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუდაპეშტის სამშვიდობო ბანაკში გაემგზავრებიან ახალგაზრდული ჯგუფები თბილისიდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან. საუბარია ასევე ისტორიული საარქივო დოკუმენტების პუბლიკაციის ერთ-ერთ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლებმა ორი შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიებზე გამართეს, მესამე კი აპრილში იგეგმება და სხვა. როგორც ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მონაწილე მარინა ელბაქიძე გვეუბნება, არაფორმალური ურთიერთობების პროცესი მართლაც მნიშვნელოვანია, სამოქალაქო დონეზე კონფლიქტური რეგიონების წარმომადგენლებთან ურთიერთობები კი, მართალია, მცირე მასშტაბებით, მაგრამ არსებობს:
“იყო დრო, როდესაც ეს ურთიერთობები მეტი აქტიურობით გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი აქტიური ფაზა და პასიური ფაზა. იყო დრო, როცა სხვადასხვა ფორმატები არსებობდა, ახალგაზრდული და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით. ეს პროცესები ახლაც მიდის, მაგრამ უფრო ნაკლები მასშტაბებით. და კარგია, რომ მიდის. ეს საჭიროა.
არის საკითხები, რომლებიც ჩვენ დიალოგის პროცესში შეგვიძლია მოვაგვაროთ - მაგალითად, განათლების, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის და სხვა...მარინა ელბაქიძე
არაფორმალური დიალოგის ფორმატში პოლიტიკური პრობლემები ვერ მოგვარდება, მაგრამ კომუნიკაცია მხარეებს შორის სხვადასხვა ნიშნით კარგია. არის საკითხები, რომლებიც ჩვენ დიალოგის პროცესში შეგვიძლია მოვაგვაროთ - მაგალითად, განათლების, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის და სხვა. აფხაზური მხრიდანაც და ქართული მხრიდანაც არიან ხოლმე ჯგუფებში წარმოდგენილი არა მარტო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ ფორმალური, ოფიციალური პირებიც. შეძლებისდაგვარად, მათთანაც ვცდილობთ ხოლმე რაღაც საკითხების მოგვარებას“.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებულ ანგარიშში ხაზგასმულია ასევე პროფესიულ ჯგუფებთან კავშირის დამყარებისა და ამ კავშირებისთვის ხელის შეწყობის მნიშვნელობა.
კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ წელიწადში ორჯერ მზადდება და მას საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.