"ევროპული საქართველოს" ოფისზე გაკრული ცოცხი და ცოცხზე გაკრული ივანიშვილის სტიკერი

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებს 25 ნოემბერს, დილით, ოფისის კარებზე აკრული ცოცხი და სახელურზე ჩამოკიდებული ბოქლომი დახვდათ, რის საპასუხოდაც „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, ნინო იმედაშვილმა, ცოცხზე ბიძინა ივანიშვილის სტიკერები გააკრა.

„8 წელია, „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას და მათი უამრავი შეუსრულებელი დაპირების პასუხი არის ცოცხი. ამიტომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სურათებს მივაკრავთ ამ ცოცხს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და მისი საცეცები, რომელიც რუსთავშია შემორჩენილი, ძალიან მალე გაიცოცხებიან“, - თქვა ნინო იმედაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერმა ცოცხის გაკვრაში ბრალი დასდო რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის, მხარდამჭერებსა და მის ბიუროს. ნინო იმედაშვილის თქმით, ამით მხეიძე შეეცადა პასუხი გაეცა 22 ნოემბერს გამართული აქციისთვის, როცა „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა მაჟორიტარი დეპუტატის ოფისისთვის ბოქლომის დადება სცადეს, თუმცა პოლიციამ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა აქტივისტებმა ამის საშუალება არ მისცეს.

იმედაშვილმა აქვე გაიხსენა 24 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი, როცა, მისი მტკიცებით, პაატა მხეიძის ბიუროს მახლობლად მაჟორიტარი დეპუტატის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოლეგ ღვალაძეს, და „მასზე თავდასხმა სცადა“.

ოლეგ ღვალაძემ გამოუძახა საპატრულო პოლიციას, რომელმაც ოქმი შეადგინა. პაატა მხეიძის ბიუროს ხელმძღვანელმა, თამაზ მაისურაძემ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „აბსურდი“ უწოდა ნინო იმედაშვილის ბრალდებას, თითქოს „ევროპული საქართველოს“ ოფისის წინააღმდეგ აქცია მათი ნამოქმედარი იყოს. ამასთან, თამაზ მაისურაძემ, რომელსაც დესტრუქციულად მიაჩნია ოპოზიციური პარტიის 22 ნოემბრის აქცია მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წინააღმდეგ, განაცხადა, რომ ოლეგ ღვალაძეზე თავდასხმის მცდელობა, რაზედაც იმედაშვილი ლაპარაკობს, ტყუილია.


„დილით, როცა გარეთ სიცივეში დგახარ მეგობრებსა და თანამოაზრეებს შორის, ვის ეცლება ოლეგ ღვალაძისთვის, თან, შორს, გაჩერებაზე“, - თქვა თამაზ მაისურაძემ ბიუროს ოფისში, რომლის წინ მხეიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი იმ მიზეზით, თითქოს ოპოზიცია ხელახლა აპირებდა მხეიძის ოფისისთვის ბოქლომის დადებას.

პაატა მხეიძის ბიუროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ 24 ნოემბერს, დილით, „ევროპული საქართველოს“ წევრის მიერ გამოძახებულ საპატრულო პოლიციას ოქმში სწორედ ეს ჩააწერინა, რომ ინციდენტი არ მომხდარა და ოპოზიციის წევრზე თავდასხმა არავის უცდია.