მიმდინარე თვეში ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა შეექმნა პოსტი ახალი კომისრისა, რომელსაც დაევალება „ცხოვრების ევროპული წესის“ დაცვა და იმიგრაციის პოლიტიკის გაძღოლა. პოსტზე ბერძენი პოლიტიკოსი, კომისიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მარგარიტის შინასი იმუშავებს. ახალი თანამდებობის შექმნას ინტენსიური დისკუსია მოჰყვა ევროპის საზოგადოებებსა თუ პრესაში. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას:
რუმინეთში გამომავალმა ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „ადევარულმა“ 15 სექტემბრის ნომერში დაბეჭდა პოლიტიკოს ვიქტორ გრიგორესკუს სტატია, რომელიც ამ თანამდებობას და მის იდეას „ქედმაღლურ განაცხადს“ უწოდებს. კერძოდ, წერილში ვკითხულობთ: „რას ეხება საქმე, ჩვენს ღირებულებებს - მაგალითად, დემოკრატიას, თანასწორობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას? სხვა კონტინენტებზე მცხოვრები სხვა ერები ასევე იზიარებენ ამ ღირებულებებს და არ შეგვიძლია მათზე განაცხადის გაკეთება, როგორც ცხოვრების ექსკლუზიურად ევროპულ წესზე. ... ამასთან, ისიც გაუგებარია, რატომ იქცევა ევროკავშირი ისე, თითქოს მთელი კონტინენტის ცხოვრების სტილის დამცველი იყოს - თანაც, კონტინენტისა, რომელსაც ის მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს. ევროპა ასევე მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს, რუსეთის ნაწილებს და თურქეთს, უკრაინასა და ბელორუსიას. და თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით ვილაპარაკებთ, მათაც შეუძლიათ განაცხადონ, რომ ევროპულ ცხოვრების წესს მისდევენ. იგივე ეხება შვეიცარიელებსაც“.
ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „პრესსე“ ცნების გარშემო დაწყებულ დისკუსიას „ახალ კულტურულ კონფლიქტს“ უწოდებს. 16 სექტემბრის სტატიაში ვკითხულობთ: „გამძაფრდა კულტურული კონფლიქტი, რომელიც ეხება არა არგუმენტებს, არამედ მორალურ კატეგორიებს. ასეთივე ვითარება იყო 2000 წელს, როცა სირიელმა პოლიტოლოგმა ბასამ ტიბიმ შექმნა ტერმინი 'Leitkultur' [წარმმართველი კულტურა], რომელიც მყისიერად იქნა ინტერპრეტირებული მისივე არგუმენტების საპირისპიროდ. ტიბის მიზანი არ იყო ის, რომ გერმანია გაგებული ყოფილიყო ქრისტიან ერად, რომელიც ვალდებულია ჭამოს ღორის ხორცი. მას სურდა გერმანიისთვის განესაზღვრა „საშინაო წესები“, რომელთა გათვალისწინება მათაც უნდა შეძლებოდათ, ვინც სხვაგვარად იკვებებოდა თუ ლოცულობდა - წარმმართველი კულტურა. მაგრამ მის ოპონენტებს ეს არ აინტერესებდათ. მათ, უბრალოდ, მისი არასწორად გაგება სურდათ“.
საბერძნეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „ეთნოსი“ ეჭვით უყურებს ახალი თანამდებობის შექმნას. 15 სექტემბრის სტატიაში წერია: „კომისიის პრეზიდენტი არ ირიცხება ფედერალური ევროპის ან, თუნდაც, სწრაფი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიგებში - არადა, ორივე მათგანი საჭიროა ცხოვრების გრძელვადიანი ერთობლივი სტილის შესაქმნელად. პირიქით! ... არის საფრთხე, რომ ამ ხმამაღალი სათაურის მიღმა რეალურად „ქრისტიანული ევროპის“ ან „გერმანული ევროპის“ ძიების სურვილია. და, რაც შეეხება შინაარსს, კიდევ გასარკვევია, ახალი კომისარი იმიგრაციას სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით თუ შეებრძოლება, ანუ, სხვა სიტყვებით, ისევ ჩავარდნილ ფორმულას თუ გამოიყენებს“.
ასევე საბერძნეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ნაფტემპორიკი“ კი თვლის, რომ ევროპული ცხოვრების წესი მართლაც არსებობს და ის დაცვასაც იმსახურებს. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „არაფერი ‘გროტესკული’, ‘მზაკვრული’, ‘ფაშისტური’ ან ‘გამხლეჩავი’ არ არის საკუთრივ სახელში. ... საკმარისი იქნებოდა იმაზე შეთანხმება, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ასეთი წესი და ვინ უქმნის მას საფრთხეს. როგორია ცხოვრების ევროპული წესი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვაქვს და მოგვწონს? ეს არის მშვიდობის და შედარებითი უსაფრთხოების სამყარო გარემოში, რომელშიც ბევრი გამოწვევაა, როგორც ეს ბოლო ათწლეულში იყო. ... როგორ უნდა გავუმკლავდეთ მიგრაციულ ნაკადებს, როგორ დავეხმაროთ ხალხს თავი ისევ (ფინანსურად) უსაფრთხოდ იგრძნოს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს განათლება და როგორ უნდა განისაზღვროს სამუშაო პირობები. ყველა ამ საკითხს მყარი კავშირი აქვს ცხოვრების ევროპულ სტილთან“.
პორტუგალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „პუბლიკო“ 11 სექტემბერს აქვეყნებს ისტორიკოს რუი ტავარესის წერილს, რომელიც ახალ თანამდებობას გროტესკულად და ფარისევლურად მიიჩნევს: „ბატონი შინასის პასუხისმგებლობა ‘ჩვენი ევროპული ცხოვრების წესის’ დაცვაა, რაც [ბრიტანული კომედიური ჯგუფის], მონტი პაიტონის სკეჩივით, ‘სულელურად სიარულის სამინისტროსავით’ ჟღერს. კიდევ უარესი ისაა, რომ ეს სათაური მხოლოდ სულელური კი არ არის, ფარისევლურიცაა. შინაარსის თვალსაზრისით, ის ეხება მიგრაციის კონტროლს ან, როგორც ვიღაცამ თქვა, „სხვა ხალხების შეკავებას ევროკავშირში ჩვენი ცხოვრების სტილის მიღებისგან’. როგორც ჯორჯ ორუელის ‘1984’-ში იყო, სადაც სიმართლის სამინისტრო ტყუილების პროპაგანდას ავრცელებს, მშვიდობის სამინისტრო კი ომობს, ევროკავშირის ამ ახალ კომისიაში სახელები და პორტფელები მათი ფუნქციების საპირისპიროს ნიშნავს“.
ბელგიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „სტანდაარდი“ 12 სექტემბერს წერდა, რომ ახალი თანამდებობის განსაზღვრებაში გამოყენებული სიტყვათშეხამება სახიფათოა და რომ ამ პოსტის ამგვარად განმარტებით ევროკავშირი იმეორებს უნგრეთის მემარჯვენე, ანტიმიგრაციული პოლიტიკით გამორჩეული პრემიერ-მინისტრის შეხედულებებს: „მაინც რის დაცვას ვცდილობთ? და ვისგან? თეთრკანიანი, ქრისტიანი ევროპისა მუსლიმთა და აფრიკელთა შემოტევისგან? ... ცხადია, ადამიანებს სჭირდებათ საერთო იდენტობა და სურთ თავი შინ იგრძნონ ამ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში. ბრიუსელის კოსმოპოლიტი ბიუროკრატები ამას დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ. და დიახ, მიგრაცია ხელს უწყობს შიშებისა და ფორიაქის განცდის გაძლიერებას. კარგია, რომ პოლიტიკის ეს სფერო კომისიის ვიცე-პრეზიდენტს დაეკისრება, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხები ევროპული დღის წესრიგის სათავეში იქნება. მაგრამ მიგრაციის პოლიტიკის ევროპულ ცხოვრების წესთან დაკავშირებით კომისიამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ მან ორბანის ჩარჩო გადმოიღო“.
დანიაში გამომავალი ქრისტიანული ორიენტაციის „კრისტელიგტ დაგბლადი“ 12 სექტემბერს წერს, რომ ევროპას ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე სჭირდება კონცენტრირება: „ახლა ის კომისარია და მას იმ მახასიათებლების დაცვა ევალება, რომლებიც ევროპას ევროპად აქცევს, რაც უნდა იყოს ისინი. ევროპელების ნაწილი კვლავაც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, სხვები - კეთილდღეობაში. ზოგი სარგებლობს დემოკრატიული უფლებებით, სხვებს კი ამისათვის ბრძოლა უწევთ. ... ზოგი ცხოვრობს საზოგადოებებში, სადაც გადასახადები მაღალია და კეთილდღეობის მომსახურებები საჯაროდ ფინანსდება, კიდევ სხვებს კი თავად უწევთ საკუთარ დაზღვევაზე ზრუნვა და ამისათვის ჯიბიდან გადახდა. წარმოიდგინეთ, ახალ კომისიას ნაკლებად რომ ანაღვლებდეს მბზინავი ახალი იდეები და მეტად იყოს კონცენტრირებული ევროპის წინაშე არსებულ გადაუდებელ გამოწვევებზე“.