ევროპის პარლამენტი: წევრობაზე მოლაპარაკებები ყველა კანდიდატთან 2030 წლამდე უნდა დავასრულოთ

დემონსტრანტი აქციაზე "შინ, ევროპისკენ". თბილისი, 2022 წლის 3 ივლისი

გაფართოება უალტერნატივოა და ევროკავშირმა ის უნდა დააჩქაროს. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები კი ყველა კანდიდატთან ამ “ათწლეულის ბოლომდე” უნდა დაასრულოს, - წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპის პარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო.

502 მომხრე, 75 წინააღმდეგი. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს, შეცვალოს ახალი წევრების მიღების წესი - ერთსულოვნების ნაცვლად, ხმათა უმრავლესობით. ეს იმიტომ, რომ რუსეთიდან წამოსული საფრთხის ფონზე გაფართოება “ევროკავშირის ხელში არსებულ ყველაზე ძლიერ იარაღად რჩება”.

ევროპარლამენტი აღიარებს, რომ გაფართოების შეჩერება და ბოლო წლებში ბალკანეთის ქვეყნებთან წევრობაზე მოლაპარაკებების შეყოვნება ევროკავშირს ძვირი დაუჯდა. “ამან გააჩინა ვაკუუმი და გაუხსნა სივრცე რუსეთს, ჩინეთს და ზიანის მომტან მესამე აქტორებს”. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

“ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც აიღო დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე… და უზრუნველყოს, რომ [ევროკავშირის] გაფართოება სხვა ალტერნატივებით აღარ ჩანაცვლდეს”, - წერია დოკუმენტში.

“ამ ათწლეულის ბოლომდე”

ევროპარლამენტი მოუწოდებს ბრიუსელს, გააქტიურდეს. ანუ გაამკაცროს კონტროლი თავისი რეკომენდაციების შესრულებაზე და მყისიერად დააწესოს სანქციები, თუკი კანდიდატ ქვეყნებს ექნებათ არადემოკრატიული გადაცდომები. მაგრამ, ამასთანავე, ევროკავშირმა უნდა "დააჯილდოოს" ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნები დემოკრატიული რეფორმების ჩატარებისთვის. მათ შორის, ევროპული ბაზრის გახსნით.

დეპუტატებს სურთ, რომ განისაზღვროს “მკაფიო ბოლო ვადები” და წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დასრულდეს “ამ ათწლეულის ბოლომდე”.

ამისთვის კანდიდატებს უფრო ცხადად უნდა განუსაზღვრონ, რა ამოცანებია შესასრულებელი. საქართველომ კი უნდა მიიღოს “მკაფიო საგზაო რუკა, ხელშესახები მოთხოვნებით, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატის სტატუსის...მისაღებად”.

უცვლელია ის სფეროები, რომელთა გაუმჯობესებასაც საქართველოს სთხოვენ: “სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიული კონტროლი, ადამიანის უფლებები და დეოლიგარქიზაცია”.

ახალი დაფინანსება

სამაგიეროდ, საქართველომ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად დაფინანსება უნდა მიიღოს "IPA III" პროგრამიდან.

IPA ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებისთვის 2007 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრობისთვის მათი მომზადებაა. 2021 წლისთვის ბრიუსელმა უკვე თითქმის 25 მილიარდი ევრო დახარჯა ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებში.

გეგმის თანახმად, 2027 წლამდე, ჯამში, კიდევ 13 მილიარდს მიიღებენ როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი ქვეყნები. "ასოცირებული ტრიოს" დამატების შემდეგ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ბრიუსელს, გაზარდოს პროგრამის დაფინანსება.

თურქეთის გარდა, რომლის კანდიდატობაც "გაიჭედა" დემოკრატიის დასუსტებასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ ბალკანეთის ქვეყნებს: სერბეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთს. პირველმა ორმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მაკედონია და ალბანეთი მალე დაიწყებენ. კანდიდატის სტატუსს ელოდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო.

საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა უკრაინაში ომის დაწყებიდან ცოტა ხანში. თუმცა, ამ ორისგან განსხვავებით, 23 ივნისს ევროპის კომისიისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის გარეშე.

იმისათვის, რომ დაეწიოს “ასოცირებული ტრიოს” დანარჩენ ორ წევრს, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. თბილისის პროგრესს ბრიუსელი წლის ბოლოს შეაფასებს.