1 თებერვალს ევროკავშირის, SIDA-ს, USAID-ისა და NED-ის მიერ მხარდაჭერილი ახალი საარჩევნო პროექტის პრეზენტაციაზე ელჩმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესის თითოეულ მონაწილეს - „მთავრობით დაწყებული და მოქალაქით დამთავრებული, მედიით დაწყებული და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით დამთავრებული - შესასრულებელი აქვს თავისი როლი იმისათვის, რომ ეს არჩევნები შეესაბამებოდეს დემოკრატიის სტანდარტებს და ზუსტად ასახავდეს საქართველოს ხალხის ნებას“.
ამ მიზნის მიღწევაში პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს „გადამწყვეტს“ უწოდებს:
„მათი როლი არჩევნებზე დაკვირვებაში სასიცოცხლოა. მათ ყოფნას შეუძლია ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და მისი არჩევანი ითვლება“.
ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „აქვს პოტენციალი, განამტკიცოს ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება და მისი სწრაფვა ევროპული მომავლისკენ”.
პაველ ჰერჩინსკი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის ევროინტეგრაციის კონტექსტში განიხილავს:
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯთაგანი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს გაფართოების პროცესის შემდეგი ეტაპისთვის”.
დღევანდელ პრეზენტაციაზე სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება შვედეთის ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმაც:
„გვჯერა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სადამკვირვებლო ჯგუფებს შეუძლიათ თავისუფლად მოქმედება ქვეყანაში“.
შვედმა დიპლომატმა ილაპარაკა საკუთრივ ISFED-ის გამოცდილებასა და წვლილზე არჩევნებზე დაკვირვების საქმეში და აგრეთვე აღნიშნა ერთი ტენდენცია:
„ვხედავთ, რომ არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხაზს უსვამს მათი საქმიანობის და აგრეთვე მათთვის მხარდაჭერის გაწევის მნიშვნელობას“.
ანა ლიბერგმა განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის, როცა „მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი ნება და განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი".