ხუთშაბათს ცნობილი გახდა წერილის შესახებ, რომელსაც ევროპის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი უგზავნის საქართველოს მთავრობას. წერილი, რომლის ტექსტი ევროპარლამენტიდან მოიპოვა რადიო თავისუფლებამ და რომლის კონკრეტული ადრესატია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შეიცავს მწვავე კრიტიკას მთელ რიგ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა, სასამართლო რეფორმა, 2019 წლის საპროტესტო გამოსვლების არაპროპორციული ძალით დარბევა.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპის კავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია „თავისი გამორჩეული ადგილით ევროპული სამეზობლოს პოლიტიკაში“.
აქვე ისინი შეშფოთებას გამოხატავენ „საქართველოს უკუსვლის გამო კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან“.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღარ გადადოს და მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად
„სამწუხაროა, როცა გვესმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითიც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა შემოღებულიყო 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, კენჭისყრისას ჩავარდა, და როცა გვესმის იმ როლზე, რაც უმრავლესობაში მყოფმა პარტიამ ითამაშა ამაში. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია არის არსებული ვითარების შედეგი, როცა არ ხდება საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების სტიმულირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე დიალოგს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და იმედი გვაქვს, რომ პრობლემები სწრაფად გადაიჭრება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღარ გადადოს და მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად“, - ვკითხულობთ ევროპარლამენტარების წერილში.
წერილის ხელმომწერები გმობენ პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენებას საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ და 2019 წლის საპროტესტო გამოსვლებისას დაშავებულთა სიმრავლეს. „მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გადამეტებით გამოყენება დაუშვებელია. სამოქალაქო საზოგადოება მთავრობაზე კონტროლის არსებითი ნაწილია“, - აცხადებენ ავტორები.
წერილის ავტორთა თქმით, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახლახან ჩატარებულ პროცესს „აკლდა გამჭვირვალობა და პროფესიულ კრიტერიუმებზე დამყარებული ობიექტურობა“. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოველი ღონე იხმაროს იმისთვის, რომ აღდგეს სასამართლოსადმი მოქალაქეების ნდობა. „საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დარჩენილ მოსამართლეებს პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის უფრო მაღალი სტანდარტებით შეარჩევენ“, - აღნიშნულია წერილში.
საქართველოს სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენა იზრდება.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენა იზრდება. მათი თქმით, „ამაზე მიუთითებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებები, რომელიც ციხით დაემუქრა ოპოზიციას; ასევე ის, რომ კვლავ უბრუნდებიან ძველ საქმეებს, მათ შორის, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ან რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ბატონი გიგი უგულავას საქმე პროცუდურის, შერჩეული დროისა და მოტივაციის თვალსაზრისით შეკითხვებს ბადებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მისამართით“.
წერილში ნახსენებია ასევე შარშან სოციალურ ქსელებში მთავრობასთან დაახლოებული წყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები: „საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი ჰიბრიდული ომის წარმოებაში. ამიტომ განსაკუთრებით გვიცრუებს იმედს ბრალდებები, რომ მთავრობასთან დაკავშირებული წყაროები ჩართული არიან დეზინფორმაციის კამპანიაში, რომელიც, Facebook-ის თანახმად, ასეულობით ყალბ გვერდსა და ჯგუფს მოიცავდა სოციალურ მედიაში“.
წერილის ბოლოს ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „ამ წერილს სერიოზულად მოეკიდოს და ეს პრობლემები გადაჭრას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა დემოკრატიულ ძალისხმევაში და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“.
ამ მომენტისთვის წერილს ხელს აწერს ევროპარლამენტის 26 წევრი:
მარკეტა გრეგოროვა, მარცელ კოლაია, მიკულაშ პეკსა, პატრიკ ბრაიერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, სარა ვინერი, ანა კავაცინი, რაინჰარდ ბუტიკოფერი, ტატიანა ჟდანოკა, მარგრეტ აუკენი, ანდრიუს კუბილუსი, მიხაელა შოიდროვა, სანდრა კალნიეტე, რასა იუკნევიჩინე, ფულვიო მარტუშელო, მირიამ ლექსმანი, რაფაელ გლუკსმანი, ერიკ ანდრიუ, პიერ ლაროუტურო, იტე გუთელანდი, სილვი გილუმი, ნორა მებარეკი, ორორ ლალუქი, პეტრას აუშტრავიჩუსი, კარენ მელქიო და იანა ტოომი.
წერილის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა ჩვენი თხოვნით ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობისადმი მიწერილ წერილზე:
„საქართველოში მრავალ მხარესთან ექსტენსიური კონსულტაციების შემდეგ, ამ ევროპული ქვეყნის სხვა მეგობრებთან ერთად, უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმ სახიფათო ტრაექტორიის გამო, რომელსაც ადგას საქართველო და მისი ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატია. თითქმის ერთი ათწლეულის წინ მიიჩნეოდა, რომ საქართველოს უპყრია ჩირაღდანი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა აუქმებს ადრეულ მიღწევებს.
ჩავარდნილ სასამართლო რეფორმას, პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მედიაზე ზეწოლას და მის პოლარიზაციას, ასევე პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ახლა დაემატა არაკეთილსინდისიერი საარჩევნო რეფორმა. ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს აშკარა უკუსვლას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების თვალსაზრისით.
ამიტომაც მე და ევროპარლამენტის რამდენიმე ათეულმა წევრმა ბატონ გახარიასადმი მიწერილ წერილში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება და მის მთავრობას მოვუწოდეთ, პატივი სცეს ევროპულ გზას, რომელიც დიდი უმრავლესობით აირჩია მისმა ხალხმა. საქართველოსა და ქართველების საკეთილდღეოდ - ვისზეც დიდად შეგვტკივა გული - მოვუწოდებთ მთავრობას, პასუხისმგებლობა იკისროს მიმდინარე პროცესისთვის და დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დემოკრატიული პრინციპები“.
რადიო თავისუფლებამ წერილთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა მის ერთ-ერთ ხელმომწერს, ლიეტუველ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს (ევროპის სახალხო პარტია EPP):
„შევეცდები მოკლედ აღვწერო ჩვენი შეშფოთება საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ და ავხსნა, რატომ მოვაწერეთ ხელი პრემიერ-მინისტრ გახარიასადმი მიწერილ წერილს:
1. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის (EaP) ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია EaP-ის სტრატეგიისათვის, რადგან ივნისში იქნება EaP-ის სამიტი. ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს, შეიმუშაოს "EaP-ის ტრიოს სტრატეგია" უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომელიც განახორციელებს პრინციპს "მეტი მეტის სანაცვლოდ და ნაკლები ნაკლების სანაცვლოდ". ჩვენ გვჭირდება ვიხილოთ წარმატება სამეულის ქვეყნებში და არა უკუსვლა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ძირითადი ღირებულებების კუთხით. სწორედ ამიტომ, ევროპის პარლამენტში შეშფოთებულნი ვართ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში, სადაც ვხედავთ შესაძლო უკუსვლის ნიშნებს.
2. ჩვენ პირველ რიგში შეშფოთებული ვართ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო (2020 წლის ოქტომბერი). შარშან ოქტომბერში მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს დადებული პირობა პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების თაობაზე, რის გამოც მოახლოებული არჩევნებისადმი ნდობა და გამჭვირვალობა დაიკარგა. აშკარა გახდა, რომ მმართველი პარტია მზად არის, გამოიყენოს თავისი ადმინისტრაციული რესურსი მაჟორიტარულ ოლქებში უპირატესობის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამუდმებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, მოელაპარაკოს ოპოზიციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მეტი პროპორციულობის მიღწევა საარჩევნო სისტემაში. ჩვენი გამუდმებული რჩევის შემდეგ, ვიწყებთ მმართველი პარტიისგან საიმედო სიგნალების მიღებას, რომ ისინი მზად არიან საარჩევნო სისტემაში კომპრომისული ცვლილებების შეთავაზებები გააკეთონ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება იქნება მიღწეული და ეს საშუალებას მოგვცემს, მომავალი არჩევნების მიმართ ნდობა დაბრუნდეს.
3. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ ბოლოდროინდელი მოვლენებით, როდესაც ოპოზიციის ან მედიის არაერთი ლიდერის მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა, ზოგჯერ საკმაოდ უცნაური სისხლის სამართლის პროცედურებით. ხელისუფლების მიმართ ჩვენი კრიტიკული შენიშვნები იყო და არის ძალიან მარტივი - სისხლისსამართლებრივი დევნით ოპოზიციის დაშინება არ შეესაბამება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებს და კანონის უზენაესობას“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
წერილთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას კომენტარი მისცა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, სლოვაკმა მირიამ ლექსმანმა (ევროპის სახალხო პარტია EPP):
„უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ დიდი ნახტომები გააკეთა პროდემოკრატიული რეფორმების გზაზე. ჩვენ ბევრს მოველით საქართველოსგან, ისევე, როგორც საქართველო - ევროპის კავშირისგან. მე წერილს ხელი მოვაწერე, ვინაიდან გულდაწყვეტილი ვარ, როცა ვხედავ უკუსვლას მრავალ ფრონტზე, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის - იქნება ეს სასამართლოს დამოუკიდებლობა თუ ძალის არაპროპორციული გამოყენება საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ, ზომები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ თუ სავარაუდოდ მთავრობის პირდაპირი მონაწილეობა დეზინფორმაციის კამპანიებში. ქართველ ხალხს სურს მთავრობა, რომელიც სრულად წარმოადგენს მათ პროპორციული და სამართლიანი სისტემის მეშვეობით. მათ მართებულად სურთ, გააგრძელონ სვლა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მიმართულებით და სურთ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ლიბერალური დემოკრატიის ადამიანის უფლებების ღირებულებებს“.