ევროკავშირის მემარჯვენე პოპულისტების მომავალი

იტალიის “ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერთან, მატეო სალვინისთან, უნგრეთის და პოლონეთის პრემიერების - ვიქტორ ორბანისა და მატეუშ მორავეცკის - შეხვედრა, რომელიც წინა კვირას ბუდაპეშტში გაიმართა, არ დასრულდა ევროპული ნაციონალისტური ძალების გაერთიანებით, როგორც ამას ზოგიერთი მოელოდა.

მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი მემარჯვენე ალიანსის ფორმირების შანსები მაინც უწინდელზე ბევრად მაღალია - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ფიდესმა“, ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (EPP) დატოვა და ახალი ნავსაყუდლის ძებნას შეუდგა.

ამასთან, შესაძლოა, დაახლოებას ამჯერადაც ხელი შეუშალოს ძველმა დაბრკოლებებმა, მაგალითად, იმან, თუ როგორ აღიქვამენ კონტინენტის პოპულისტური ძალები რუსეთს, და სხვა, ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვებმა.

ფაქტებს თვალი გავუსწოროთ, ამ ვითარებაში ადრეც ვყოფილვართ. პოპულისტური პარტიების გაერთიანების უკანასკნელი შთამბეჭდავი (და უშედეგო) მცდელობა 2019 წლის ევროპის საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გურუს, სტივ ბენონს ჰქონდა.

წესით, ამას უნდა ემუშავა. პარტიების უმეტესობას აქვს გარკვეული, მეტ-ნაკლებად საერთო ხედვა ევროპაში ოჯახური ღირებულებების, ქრისტიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცების თაობაზე. პარალელურად, ისინი უპირისპირდებიან, მათი შეფასებით, ლიბერალურ “აზრზე მოსულ ელიტებს”, ემიგრაციას და ბრიუსელისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას. წარსულში მათ ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ. ამის გასაქარწყლებლად ბევრი მათგანი ცდილობს თავი პროებრაელად წარმოაჩინოს, რისთვისაც ღიად და ხმამაღლა აკრიტიკებს ისლამს.

ამისდა მიუხედავად, უნგრული „ფიდესი“, პოლონეთის მმართველი პარტია “კანონი და სამართალი” (PiS) და იტალიური “ჩრდილოეთის ლიგა” 2019 წლის ევროპული არჩევნების შემდეგ სხვადასხვა პარტიულ ოჯახში აღმოჩნდნენ.

ამ უკანასკნელმა დააფუძნა იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფი (ID), სადაც ასევე გაწევრიანდნენ მარინ ლე პენის ეროვნული ფრონტი და გერმანული AFD. ჯგუფმა ევროპულ პარლამენტში არსებული 705 სკამიდან 75 მოიპოვა და არჩევნები მეოთხე ადგილზე დაასრულა. PiS-ი დარჩა შედარებით მსუბუქად განწყობილ ევროსკეპტიკოსებთან, “ევროპელ კონსერვატორებთან და რეფორმისტებთან” (ECR) ერთად, რომლებიც ევროპარლამენტში 62 დეპუტატის ამარა არიან და ეს მოკრძალებული შედეგი იმითაცაა განპირობებული, რომ ბრექსიტის შემდეგ ბრიტანელი კონსერვატორები გამოაკლდნენ. „ფიდესი“ კი, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრი იყო. ევროპის ყველაზე დიდ და გავლენიან ფრაქციასთან ორბანს წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.

ეს ძალთა თანაფარდობა ბოლო დრომდე ნარჩუნდებოდა, მაგრამ გაზაფხულის დასაწყისში „ფიდესის“ EPP-დან გარიცხვამ ევროპელ მემარჯვენეებს საქმე აურ-დაურია.

ახლა ID-ცა და ECR-იც „ფიდესსა“ და თანამოაზრეების გარეშე დარჩენილ მის 12 დეპუტატს თავისთან ეპატიჟებიან. მაგრამ ორბანი ამ ორი ფრაქციის გაერთიანებასა და ახალი სუპერჯგუფის ჩამოყალიბებაზე ოცნებობს, რომელსაც სხვებიც თუ დაემატებიან, ის იმაზე უფრო დიდი გახდება, ვიდრე ევროპის მემარცხენე-ცენტრისტული და ლიბერალური გაერთიანებები.

თუმცა ძველი დაბრკოლებები არსად გამქრალა. ორივე ბლოკის წევრი პარტიები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების შიგნით უპირისპირდებიან - მაგალითად, ID-ის წევრი “ჩრდილოეთის ლიგა” და ECR-ის წევრი “Fratelli d’Italia”. პოლიტიკური თვალსაზრისით, დაახლოებით ერთი და იგივე კი უნდათ, მაგრამ თან ამომრჩეველთა ხმებისთვის პაექრობენ. ამიტომაც ერთად ვერ დადგებიან და, მით უმეტეს, ვერც ევროპულ დონეზე ჩაუხტებიან ერთმანეთს საწოლში. იმავეს თქმა შეიძლება ბელგიურ NVA-ზე. მას ფლანდრიის ბელგიის შემადგენლობიდან გამოსვლა უნდა და ამ მიზეზით ფლანდრიელ ნაციონალისტ ვლაამს ბელანგს ვერ შეეწყობა, ისევე როგორც ბრიუსელის მიმართ ტოლერანტულად განწყობილი ჩეხური OCD ვერ მოძოვს ბალახს ევროკავშირის მოძულე ჩეხურ SPD-სთან ერთად. მოკლედ, ECR-სა და ID-ს შორის გამყოფი ხაზები კონკრეტული მიზეზებით აიხსნება.

მეორე დაბრკოლება ისაა, რომ ევროპულ ნაციონალიზმში კვლავაც არსებობს დაყოფა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. არაევროპელი მიგრანტების ყველას ეშინია, მაგრამ დასავლურ პარტიებს არც ბლოკის შიგნით თავისუფალი გადაადგილება ეხატებათ გულზე. არადა, ეს ღია საზღვრები აღმოსავლეთ ევროპელებს საშუალებას აძლევთ იმოგზაურონ, იმუშაონ და იცხოვრონ უფრო მდიდარ დასავლეთში. „ფიდესსა“ და PiS-თან დანამშრომლობა და, თან, ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის მოპოვება ელექტორატის პოლონელი და უნგრელი ექსპატების წინააღმდეგ დარაზმვის ხარჯზე, უბრალოდ, არ გამოვა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც იმისდა მიხედვით გადაწყდება, თუ რა თამაშს აირჩევს PiS-ი, რომელიც ECR-ში დომინანტი ძალაა. მართალია, ეს ფრაქცია საკმაოდ პატარაა, მაგრამ მაინც ევროკავშირის მეინსტრიმის ნაწილადაა მიჩნეული და კანონების შემუშავებისას, ევროპული საპარლამენტო პოლიტიკის კონსენსუსზე დაფუძნებული ბუნების შესაბამისად, მათ აზრს ყოველთვის ეკითხებიან.

უფრო დიდ, შედარებით პოპულისტურ ჯგუფში ფრაქცია რიგითი წევრი გახდება და, შესაძლოა, ძველი გავლენები დაკარგოს. საქმე ისაა, რომ სხვა ფრაქციებში უკვე არიან კუნთმაგარი ბიჭები, რომლებსაც დასავლეთ ევროპისთვის “სანიტარიული კორდონის” გარშემორტყმა საკუთარი ძალებით შეუძლიათ.

ამასთან, არსებობს რუსეთის ფაქტორიც. PiS-ი მოსკოვის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. სალვინისთან, ორბანსა და ლე პენთან პოტენციური თანამშრომლობა ნიშნავს ყოფნას იმ ხალხთან ერთად, ვინც თანახმაა კრემლთან დაახლოებაზე. როგორი იქნება შეერთებული შტატების რეაქცია? ამ დრომდე ვაშინგტონი არ იმჩნევს ვარშავის მიერ კანონის უზენაესობის დარღვევას იმ მიზეზით, რომ პოლონეთი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უპირისპირდება. გამართლებული იქნება კი ეს პოზიცია, თუ ვარშავა ღიად შეუერთდება მათ, ვინც პუტინს კონტინენტზე წითელ ხალიჩას უგებს?

საკმაოდ თვალსაჩინო იყო, როდესაც PiS-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა ბობოლამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ, ბუდაპეშტის სამიტის წინ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რუსეთის საგარეო პოლიტიკის სადარი წესებით, ევროპელი დიპლომატები ფარისევლობაში დაადანაშაულა.

მან აღნიშნა, რომ მეინსტრიმული მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები სხვებზე უფრო პროკრემლისტურები არიან, რადგან ისინი, მაგალითად, არ ეწინააღმდეგებიან გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი II-ის აშენებას, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს გერმანიას მიაწვდის: “სოციალისტები და დემოკრატები (S&D) და EPP დე ფაქტო პრორუსები არიან, რადგანაც ისინი რუსეთთან საქმეებს ჩვეულებრივად ჩარხავენ. სალვინის და ლე პენს პრორუსული მხოლოდ განცხადებები აქვთ, დანარჩენებს კი- ქმედებები”.

დრო გვიჩვენებს, გამოხატავს თუ არა იგი მთლიანად PiS-ის პოზიციას, მაგრამ აშკარაა, რომ ევროპულ პოლიტიკაში ისევ დიდი ძვრებია მოსალოდნელი.