"ევროკავშირი საქართველოსთვის" და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსი 3 წუთიან ფილმებზე

კონკურსის მიზანია, გაძლიერდეს საზოგადოების მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით. ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია კონცეპტუალური შემოქმედებითი მასალის შექმნა და გავრცელება. მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერების დონე გენდერული უთანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები მსგავსი შემთხვევების დროს აწყდებიან. რა სირთულეები ხვდებათ ძალადობის მსხვერპლებს და რა შესაძლებლობები არსებობს მათი წარმატებული სოციალური ინტეგრაციისათვის.

კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“ და „რადიო თავისუფლება“. კონკურსი არის ამ ორგანიზაციების მიერ გამოხატული მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ეფექტურად განხორციელებისათვის.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების გათვალისწინებით (სტამბოლის კონვენცია), ევროკავშირის დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სტამბოლის კონვენციის ვალდებულებების შესრულების საკითხში. საქართველოში არსებობს გენდერული თანასწორობის მდგრადი მექანიზმი, რომლის გაძლიერებაც მოხდა 2017 წლის ივნისში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნის გზით.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • დოკუმენტური ფილმი

ან

  • ჰიბრიდული ფილმი (მხატვრულ-დოკუმენტური ან დოკუმენტურ-ანიმაციური)​

ფილმი უნდა იყოს ქართულად ინგლისური სუბტიტრით, ან ინგლისურად ქართული სუბტიტრით

რომელი კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული შეფასებისას?

  • ფილმის კონცეფცია
  • თემის წარმოჩენის კუთხე
  • ვიზუალური მიდგომა და ფორმა
  • ტექნიკური გამართულობა (ხმის და გამოსახულების ხარისხი)
  • ფორმატი - HD
  • ხანგრძლივობა - 3 წუთი (შესაძლებელია ფილმის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი იყოს 4 წუთი და მინიმალური 2.5 წუთი)
  • ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე
  • მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს ფილმის გმირის ინფორმირებული თანხმობა ფილმში მონაწილეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით თანხმობის წერილის ფორმას)

როგორ გავიგებთ რომელი ფილმები გადავა მეორე ეტაპზე?

  • მეორე ეტაპზე გადასული ფილმები გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე. მეორე ეტაპზე გადასულ ფილმებს განსაზღვრავს ჟიური. ავტორებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია ფილმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შესახებ

როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ?

  • კონკურსანტებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა და ფილმის დახურული ბმული (ფილმი ატვირთეთ რომელიმე ვიდეო პლათფორმაზე - Vimeo ან Youtube, რომელიც დაცული იქნება პასვორდით) უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: geprize@rferl.org
  • Subject-ში ჩაწერეთ: 3 წუთიანი ფილმების კონკურსი
  • სააპლიკაციო ფორმის შესავსებად დაკლიკეთ აქ.

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?

  • ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა - 21 თებერვალი, 2019
  • გამარჯვებულებს ინფორმაცია მიეწოდებათ 26 თებერვლამდე, 2019

ყველა მონაწილე მიწვეული იქნება დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან პროექტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით.

გამარჯვებულებს შეარჩევს ჟიური ქვემოთ მოცემული ყოველი კატეგორიისთვის:

რამდენია საპრიზო ფონდი?

  • საუკეთესო ფილმი - პირველი ადგილი; (17.000 ლ)
  • საუკეთესო ფილმი - მეორე ადგილი; (12.000 ლ)
  • საუკეთესო ფილმი - მესამე ადგილი; (9.000 ლ)
  • პრიზი ფილმის გრძელი ვერსიის შექმნისთვის რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით (7.000 ლ)

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ia.makharashvili@niras.com