ევრიპიდეს „მედეა“

ლიტერატურულმა გადაცემა „წახნაგებმა“ შექმნა ახალი რუბრიკა „მედეა“, რომლის ეგიდით უნდა გავიდეს რამდენიმე გადაცემა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟზე, რომელსაც ძველ, ახალ და უახლეს დროში მიეძღვნა უამრავი ტრაგედია, ოპერა, ბალეტი, ფილმი და ა.შ. იგულისხმება ევრიპიდეს, ლუკიუს ანევს სენეკას, პიერ კორნელის, იუჯინ ო’ნილის, ჟან ანუის ტრაგედიები; აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის პოემები, მოზრდილი ნაწყვეტები პინდაროსისა და ოვიდიუსის შემოქმედებაში და ა.შ. დღეს ვისაუბრებთ იმ კოლოსზე, რომლის სცენაზე გამოჩენამ ეს უზარმაზარი ტალღა გამოიწვია – ევრიპიდეს ტრაგედია „მედეაზე“, რომელიც ძვ.წ. 431 წ. დაიდგა ათენში და ავტორს სიხარული ვერ მოუტანა – მაყურებელმა პიესა არ მიიღო და მან ტრაგიკოსთა შეჯიბრებაზე ესქილეს ვაჟ ევფორიონისა და სოფოკლეს შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, რაც, ფაქტობრივად, ჩავარდნას ნიშნავდა. თეატრის გამომგონებელმა, თესპისმა, თავის დროზე ერთი მსახიობის თეატრი შექმნა. ეს იყო ერთი მსახიობი, რომელიც ნიღბების მეშვეობით რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებდა. ესქილემ შემოიყვანა სცენაზე მეორე მსახიობი და სათავე დაუდო უშუალო კონფლიქტს ტრაგედიაში, ხოლო სოფოკლემ მსახიობების რიცხვი სამამდე გაზარდა და ასეც დარჩა კლასიკურ ბერძნულ ტრაგედიაში. ევრიპიდე ცნობილი იყო როგორც ნოვატორი და მითოსისთვის საბურველის ჩამომხსნელი, ესქილეს ნახევრად ღმერთებისა და სოფოკლეს გმირების შემდეგ ევრიპიდემ სცენაზე აიყვანა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არნახული ემოციური მუხტით აღჭურვა. ნოვატორულია „მედეაც“, მასში ევრიპიდემ მოულოდნელად ორი მსახიობის კონცეფცია დააბრუნა, რომ მედეა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო სცენაზე, რომ გვეგრძნო მისი დომინაცია: მედეა და იასონი (სამჯერ), მედეა და კრეონი, მედეა და ეგევსი...