ერთ თვეზე მეტია, კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ითხოვენ ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას. მათ კომპანიას 45 მოთხოვნისგან შემდგარი ულტიმატუმი წაუყენეს. გაფიცული ახალგაზრდები ამბობენ, რომ კომპანიამ ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა - გაათავისუფლა მენეჯერები, რომლებიც პირად მიმოწერაში თავიანთ დაქვემდებარებულებზე უდიერად და აგდებულად ლაპარაკობდნენ.
13 აგვისტოს შიმშილობა გამოაცხადეს 18 წლის ლუკა ნადირაძემ, 20 წლის მახარე პატაშურმა და 30 წლის თამარ ანსიანმა. ისინი გაფიცული თანამშრომლების ჯგუფს წარმოადგენენ.
ლუკა ნადირაძისთვის “ევოლუშენი” მესამე სამსახურია. მან ამ კაზინოში მუშაობა ცხრა თვის წინ დაიწყო ღამის ცვლაში, თვეში 1000-დან 1400 ლარს გამოიმუშავებდა. თუმცა ამბობს, რომ ჯანმრთელობა შეერყა.
“არის რაღაც ეფექტი, რაც ახალდასაქმებულებს თავზე ეხვევათ თითქოს. [ფიქრობ], “ძველ სამსახურს ჯობს, უკეთესი ხელფასი მაქვს და მარტივ საქმეს ვაკეთებ”. მაგრამ დროდადრო ამჩნევ პრობლემებს, რომლებიც არ გვარდება და უარესდება. ამჩნევ, რომ შრომის შესაფერისი ანაზღაურება ნამდვილად არ არის, როდესაც ჯანმრთელობას ასეთ დონეზე ინადგურებ. მით უმეტეს, თუ ღამე მუშაობ, როგორც მე”, - ამბობს ლუკა.
20 წლის მახარე პატაშური ორი წელი ღამის ცვლაში მუშაობდა - ღამის 12 საათიდან დილის რვამდე. 10-ზე უკვე უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო. სახლში საღამოს ბრუნდებოდა, სადაც ორი საათით წაიძინებდა და შემდეგ სამსახურში ახალი ცვლა ეწყებოდა.
“აკადემიური მოსწრება გამინადგურდა. რანაირად შეიძლება ნორმალური ხელფასი გქონდეს და თან ნორმალური განათლება მიიღო?! საბონუსე სისტემის სპეციფიკა ისეთი არის, რომ გაიძულებს მეტი ცვლა დაიმატო, რომ ნორმალური ხელფასი აიღო. კი ამბობენ, რომ მოქნილი გრაფიკია, მაგრამ შეუძლებელია შეუთავსო სტუდენტობას”, - ამბობს მახარე.
ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. წელს, როცა უკვე მე-3 კურსზე იყო, სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოუწია.
“ევოლუშენის” თანამშრომლები, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს, ამბობენ, რომ იზიარებენ გაფიცული კოლეგების მოთხოვნების ნაწილს, მაგრამ ითხოვენ, მათ ხელი არ შეუშალონ მუშაობაში.
ერთ-ერთი მათგანი ლევან ნიშნიანიძეა, რომელიც დილერად, ანუ თამაშის წარმდგენად მუშაობს. მისი თქმით, გაფიცულ კოლეგებს შორის პრობლემა იმან გააჩინა, რომ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა კომპანიის შესასვლელები ჩახერგა.
„ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს თუ უნდათ მუშაობა, ესეც მათი პოზიციაა და მათაც უნდა მიეცეთ ამის საშუალება“, - ამბობს ლევანი.
5 აგვისტოს „ევოლუშენ საქართველოში“ განაცხადეს, რომ კომპანია მუშაობას დროებით აჩერებს. მიზეზად გაფიცულთა „მართლსაწინააღმდეგო ქცევები“ დაასახელეს: „პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა“, - ეწერა არგუმენტად.
“ეს კომპანია რომ დაიხუროს, 7 000 ადამიანი რჩება ქუჩაში. 7 000 ადამიანი ვითხოვთ მუშაობის უფლებას”, - ამბობს 46 წლის თამარ ლალიაშვილი. ის აქ ხუთწელიწად-ნახევარია თამაშის წარმდგენად მუშაობს. მისი თქმით, პირველი აგვისტოდან ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო გაფიცულებსა და მათ შორის, ვინც მუშაობას განაგრძობდა.
“გვეღობებოდნენ კარში, წვებოდნენ და არ გვატარებდნენ სამუშაო ადგილზე, გვიყვიროდნენ “გადაგვაბიჯე!” მარტო სამუშაოს შესრულების უფლება კი არ შეგვეზღუდა, გადაადგილებაც”, - ამბობს თამარ ლილუაშვილი.
“გაფიცვის ფორმით არ უნდა იზღუდებოდეს ჩემი კონსტიტუციური უფლება. 7 000 ადამიანი დაგვაყენეს იმ საშიშროების წინაშე, რომ კომპანია უბრალოდ გავიდეს ბაზრიდან. დღესდღეობით ორი შენობა დაკეტილია მექანიზაციის ქუჩაზე. გადატანილია მაგიდები და ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში. ამის მოწმე ვარ და ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი”, - ამბობს 26 წლის საბა ლობჟანიძე.
“ევოლუშენის” გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში კომპანია მათ მარგინალიზებას, ახლა კი შიდა დაპირისპირების შემოტანას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე იბრძოლებენ, რადგან უკანდასახევი გზა არ აქვთ.
“ეს გაფიცვა წარუმატებლად რომ დამთავრდეს, გაფიცული ხალხი სახლის გარეშე რჩება, ბევრს მშობელი და შვილები რჩება მშიერი და ბანკის ვალებსაც ვერ გადაიხდიან”, - ამბობს თამარ ანსიანი, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
საქართველოში "ევოლუშენი" 2018 წელს გამოჩნდა. შვედურ კომპანია „ევოლუშენ საქართველოში“ ამჟამად 7000-მდე ადამიანია დასაქმებული. სამუშაო ძალა ძირითადად ახალგაზრდებია. კომპანია ონლაინ კაზინოებს ემსახურება. „ევოლუშენ საქართველო" ხუთ შენობაშია განთავსებული, ერთ ცვლაში კი 1000-მდე თანამშრომელი მუშაობს.