"რა ინფორმაციაც შევაგროვეთ და ავსახეთ დოკუმენტში, საჯარო წყაროებშია გაბნეული და ხელმისაწვდომი"

ედუარდ მარიკაშვილი, "ღია საზოგადოების ფონდის" მოწვეული ექსპერტი

სექტემბრის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა 20-კაციანი სია. კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში მომავალ კვირაში დაიწყება.

ცოტა ხნით ადრე პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, შეამოწმებს რამდენად შეესაბამებიან კანდიდატები ფორმალურ კრიტერიუმებს.

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომლის არც ერთი წევრი ჩართეს ჯგუფში, 17 სექტემბერს გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, როგორც სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის გამო, ისე მისთვის განსაზღვრული ამოცანის დასაზუსტებლად:

„კოალიცია მოუწოდებს კომიტეტს: გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, სამუშაო ჯგუფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შინაარსობრივი შეფასების ფუნქცია მიანიჭოს, შეამციროს დეპუტატების კვოტა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ჩართულობა, ხოლო ექსპერტული ნაწილი კი მეტად წარმომადგენლობითი გახადოს“.

მანამდე სამი თვით ადრე კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის დაწყების შემდეგ, „ღია საზოგადოების ფონდმა“ შეკრიბა სპეციალისტები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში შეუდგნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას. საქმიანობას ართულებდა დროში შეზღუდულობა და ის, რომ კანდიდატთა 20-ული მხოლოდ სამი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. ერთიც არის, ექსპერტთა ჯგუფმა წინასწარი ვარაუდით შეძლო 20-დან 14 კანდიდატის გამოცნობა:

„არ გაგვხარებია, რომ გამოვიცანით. პროცესისთვის გაგვიხარდა, მაგრამ ასეთი ამოცნობადი რომ არის, რას გააკეთებდა იუსტიციის საბჭო, ვფიქრობ, მიუთითებს გარკვეულ სიმპტომებზე დღევანდელ მართლმსაჯულებაში“.

ექსპერტთა ჯგუფმა შეძლო, რომ საპარლამენტო ეტაპის დაწყებამდე მოემზადებინა თითოეული კანდიდატის ინდივიდუალური პორტფოლიო, რომელთა პრეზენტაციაც 19 სექტემბერს გაიმართა.

ეს მასალა კარგი საფუძველი იქნება კანონმდებლებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებზე შთაბეჭდილების შესაქმნელად, კითხვების დასასმელად და მეტი ინფორმაციის მოძიებაში დაინტერესებისთვის.

დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ინფორმაცია მოიძიეს საჯარო წყაროებიდან და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

· პროფესიული/აკადემიური საქმიანობა და გამოვლენილი თვისებები/ქცევა;

  • პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი გადაცდომები
  • დაწინაურებები და პროფესიული საქმიანობისთვის მინიჭებული ჯილდოები
  • კანონთან კონფლიქტი/ინტერესთა კონფლიქტი
  • საჯარო აქტივობები/პოზიციები და ქცევა
  • ფინანსური ვალდებულებები და შემოსავლები.

ედუარდ მარიკაშვილი „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ მოწვეული ერთ-ერთი ექსპერტი იყო. ის რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ჯგუფის მიზანი იყო ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება:

„ამ პროექტის ხიბლი იყო ის, რომ რა ინფორმაციაც შევაგროვეთ და ავსახეთ დოკუმენტში, საჯარო წყაროებშია გაბნეული და ხელმისაწვდომი. ჩვენ არაფერი გამოგვიყენებია ისე, რომ წყარო არ მიგვეთითებინა, თუმცა, კარგია ის, რომ ეს ყველაფერი არის სისტემატიზებული და ერთიანად წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, რაც გააადვილებს გარკვეული წარმოდგენების შექმნას იმ ადამიანებზე, ვინც სავარაუდოდ უნდა იყვნენ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესახებ ედუარდ მარიკაშვილი ამბობს:

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, რადგან ეს ადამიანები, რომლებიც იქნებიან მომავალში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, უვადოდ დაინიშნებიან და ჩვენი ბედი, ფაქტობრივად მათ ხელში იქნება 20, 25, 30 წლის განმავლობაში. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო საზოგადოების მხრიდან და ერთ-ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასაუბრების პროცესშიც - საკმაოდ კარგად გამოვლინდა, რომ საზოგადოებას ეს საკითხები აინტერესებს”.

ედუარდ მარიკაშვილი მუშაობდა კანდიდატების პროფესიული და აკადემიური საქმიანობის ნაწილზე:

“დავინახეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად იმსახურებენ მოხვედრას უზენაესში, ისინი არ მოხვდნენ [სიაში] და ის ადამიანები, რომლებსაც ელემენტარულ კითხვებზეც უჭირდათ ხშირ შემთხვევაში პასუხის გაცემა, დღეს არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები“.

რადიო თავისუფლების ეთერში იურისტი ეთერში ყვება რამდენიმე კანდიდატის წარსული საქმიანობის შესახებ და დასასრულისკენ ყურადღებას ამახვილებს ერთ ზოგად პრობლემაზე:

“მოსამართლე კანდიდატებს ზოგადად თუ შევაფასებთ, ერთი საკითხი იკვეთება - ამ ადამიანების გადაწყვეტილებებში კონსტიტუცია, როგორც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული დოკუმენტი, არის თითქოს რაღაც განყენებული რამ. მხოლოდ ნორმა არის ინტერპრეტირებული და ვხვდებით შემთხვევებს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ციტირებულია არასწორად. ეს, მაგალითად, ისეთი შეცდომაა, რომლითაც შეგიძლია სტუდენტი ჩაჭრა უნივერსიტეტში. მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებსაც აქვთ ეს შეცდომები დაფიქსირებული გადაწყვეტილებებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ცოტა უფრო შორს არიან კონსტიტუციის სიღრმისეული გამოყენებისგან, რადგან იქ არის ძალიან ბევრი პასუხი ძალიან ბევრ სამართლებრივ კითხვაზე.

სანამ ადამიანის უფლებებების სასამართლომდე მიხვალ და მათ გადაწყვეტილებებს გამოიყენებ, ჯერ არის კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან მდიდარი პრაქტიკა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეებს ახასიათებთ, რომ არ წყვეტენ საკითხებს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციას მოქმედების ისეთი რესურსიც აქვს, რომ შეგიძლია, თუ კანონი ეწინააღმდეგება, საერთო სასამართლოს მოსამართლემ პირდაპირ გამოიყენოს კონსტიტუცია და ძალიან კარგად, პირდაპირ ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვიტოს დავა. ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტა არის ძალიან იშვიათი და გიხარია, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს აწყდები ხოლმე“.

Your browser doesn’t support HTML5

ედუარდ მარიკაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ მომზადებულ პორტფოლიოებ