დღეში 20-მდე სატვირთო მანქანა ნაგავი სოხუმიდან - რა ეშველება გალის ნაგავსაყრელს

შეიძლება თუ არა, გალში სოხუმიდან ჩატანილი ნაგვის ზუგდიდში გადამუშავებამ უფრო მეტი პრობლემა გადაჭრას, ვიდრე გალელი ქართველების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაა? იდეა ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალურად განიხილება.

სოფელ შაშიკვარაში ქარიანი დღეები არ უყვართ. "როგორც კი ქარი დაუბერავს, სახლამდე ზამთარ-ზაფხულ საშინელი სუნი აღწევს. ზაფხულში უფრო მძაფრია, რა თქმა უნდა. გვწამლავენ თუ რა ხდება, არ ვიცი", - მეუბნება 72 წლის ბონდო ქარჩავა. მისი სახლი სოფლის ნაგავსაყრელიდან 500-600 მეტრით არის დაშორებული.

ბონდო ქარჩავა

ბონდოს სოფელი აფხაზეთის რეგიონში, გალის რაიონული ცენტრიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული. ბოლო სამი წელია, რაც ყოველ დღე სოხუმიდან საყოფაცხოვრებო ნაგავი ამ სოფელში ჩამოაქვთ. კამაზის მარკის 20-მდე სატვირთო მანქანა დღეში 160 კილომეტრს გადის - 80 კილომეტრი სოხუმიდან ნაგავსაყრელამდე და მერე უკან.

მოსახლეობის ბოლო, 2011 წლის აღწერით, შაშიკვარაში 1 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. უმეტესობა ეთნიკურად ქართველია. სოფელში ვერ იპოვი ადამიანს, რომელიც ნაგავსაყრელის მოწესრიგებას არ ითხოვდეს და გულში მის გადატანაზე არ ოცნებობდეს.

"გადაიტანენო, მაგრამ როდის იქნება, არ ვიცით. ძროხებიც მიდიან ხოლმე ნაგავსაყრელზე და საფრთხეა პირუტყვისთვისაც", - ამბობს ბონდო ქარჩავა.

ნაგავსაყრელი გალიდან 2 და ზღვიდან 17 კილომეტრში

ნაგვის დაყრა პირველად აქ 27 წლის წინ დაიწყეს და 2019 წლამდე ნაგავსაყრელი მხოლოდ გალს ემსახურებოდა. საცხოვრებელი სახლების გარდა, გარშემო აქაურებს მიწის ნაკვეთებიც აქვთ.

"დაბინძურებულია ნიადაგი, ჰაერიც. ქარის შემთხვევაში ზამთარშიც საშინელი სუნი დგება".

სიმინდის ყანა შაშიკვარაში

"ცარიელი ტერიტორიების მეტი რა არის აფხაზეთში, აქ რომ არ მოეტანათ. მერე ძაღლები დადიან, გადააქვთ ნაგავი და მიმოფანტულია ირგვლივ", - შაშიკვარის კიდევ ერთი მცხოვრები ანონიმურად დარჩენის პირობით მელაპარაკება.

დიდი ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის გამო ზაფხულში გზაზე მტვერი დგება, ზამთარში - ტალახი.

"ჩრდილშიც ვერ დაჯდება ადამიანი, ეზოში ვერ დადგები. ბევრი ვირთხა და ქვეწარმავალი ჩნდება. არ ვიცით ზუსტად, როდის შეწყვიტავენ ნაგავის აქ დაყრას და როდემდე გავძლებთ ასეთ სიტუაციაში", - მეუბნება ნონა. მისი სახელიც შეცვლილია.

ნაგავსაყრელთან მიახლოება, მიუხედავად იმისა, რომ პირბადე მეკეთა, გაუსაძლისი სუნის გამო, მხოლოდ რამდენიმე წუთით, ფოტოების გადასაღებად შევძელი.

ნაგვის დაყრა პირველად აქ 27 წლის წინ დაიწყეს და 2019 წლამდე ნაგავსაყრელი მხოლოდ გალს ემსახურებოდა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენები სანაგვე პოლიგონის მიღმაც არის მიმოფანტული

სოხუმის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გალში გატანა 2019 წელს გადაწყდა - მაიაკის, სოხუმის მიკრორაიონის, ნაგავსაყრელის გამო გამართული უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ.

მაიაკელებმა მაშინ ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს - შესახვევთან დღე და ღამე მორიგეობდნენ და ნაგავსაყრელის გადატანას მოითხოვდნენ.

ნაგავი პოლიგონის მიღმაც არის მიმოფანტული.

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია რადიო თავისუფლების პროექტ ეხო კავკაზას ეუბნება, რომ სოხუმის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გალში გადმოტანა მისი წინამორბედის, თემურ ნადარაიას ინიციატივა იყო. ფილიას თქმით, ეს ამბავი 2019 წელს სოხუმში ნაგავსაყრელთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხური ვითარების განხილვის დროს, დახურულ კრებაზე გადაწყდა.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სოხუმიდან გალში ჩატანილი ნაგვის მოცულობამ თვეში დაახლოებით 20-25 000 კუბამდე იკლო, რაც, დაახლოებით, სტადიონის მოცულობაა. თავად ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც კი სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს, მაგრამ მოსახლეობას, რომელიც გზის გადაკეტვას გეგმავს, მაინც გაგებისკენ მოუწოდებს:

"გავიგე, რომ მოსახლეობას გზის გადაკეტვა უნდა. მე ვთხოვ მათ, გაგვიგონ. იმის გამო, რომ სოხუმელებმა ნაგვის დახარისხება დაიწყეს, მოცულობა შემცირდა, მაგრამ ეს მაინც დიდი ნაკადია… დღევანდელი სიტუაცია მთლიანობაში კრიტიკულია და ყოველდღიურად უფრო და უფრო უარესდება. დაგროვილ ნაგავსაც უნდა მივხედოთ. სანამ გულრიფშის სანაგვე პოლიგონი ამოქმედდება, წარმოიდგენეთ, რა მოცულობის ნარჩენი დაგროვდება".

სოხუმიდან გალში ნარჩენები შაშიკვარაში დღეში 20-მდე სატვირთო მანქანას ჩამოაქვს.

ფილიას ინფორმაციით, ერთ-ერთი გამოსავალი ნაგვის გულრიფშში გადატანა იქნებოდა. მისი თქმით, სოფელ კაციკიტში ახალი სანაგვე პოლიგონისთვის 36 ჰექტარი მიწა უკვე გამოყოფილია და, გეგმის თანახმად, 2022 წელს ეს შესაძლებლობა უკვე რეალურად უნდა გაჩნდეს. თუმცა ეს ნაგავსაყრელიც, დიდი ალბათობით, დროსთან ერთად მოსახლეობას და გარემოს თავსატეხად ექცევა, რადგან მდინარის პირას შენდება.

მეორე გზა გალელი მეწარმეების მეშვეობით, ნაგვის "ენგურის გავლით", საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაღებაა.

ნაგვის ფასი - შეიძლება თუ არა, ნარჩენების გადამუშავებამ თანამშრომლობის ახალი სივრცე გააჩინოს?

"გალელი მეწარმეების ნაწილი მზად არის, ამ წლებში გალის ნაგავსაყრელზე დაგროვებული ნაგავი ენგურს იქით წაიღონ. კარგი თემაა, მე ძალიან მომწონს, თუ განხორციელდება, თუ ამაში ის ფსევდოპოლიტიკოსები არ შეგვიშლიან ხელს, რომლებიც იძახიან, რომ გადაითხაროს გზა მდინარე ენგურზე, შემოვავლოთ ღობე. თუ ისინი ხელს არ შეგვიშლიან, ამ წინადადებას განვიხილავთ, მაგრამ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჯერჯერობით, არ შემიძლია ვთქვა, განხორციელდება თუ არა ეს", - ამბობს კონსტანტინ ფილია.

დღეს ერთადერთი ობიექტი, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ, ენგურჰესია. ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და მართვის პულტი აფხაზეთის მხარეს, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, კაშხალი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

გალის ნაგავსაყრელის მახლობლად აქაურებს ნაკვეთები აქვთ.

"თუ სერიოზული შესწავლა-შეფასება მოხდა და გადამტვირთი სადგურები მომზადდა, გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირე, გალი პირდაპირ გადმოვა. შესწავლა-შეფასება ჩვენმა სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ", - ამბობს არასამთავრობოორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე. აფხაზურ მხარეს ეს წინადადება არასამთავრობო სექტორმა არაოფიციალურად უკვე შესთავაზა და თუ შეთანხმდებიან, მაშინ პროექტში საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ.

კიდევ ერთი, თანამედროვე რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობაა დაგეგმილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძის მახლობლად, სადაც ნაგავსაყრელი უკვე არსებობს. გეგმის მიხედვით, ამ ადგილზე ორ წელიწადში ახალი პოლიგონი უნდა გაიხსნას და რეგიონის 9 მუნიციპალიეტეტიდან 7-ს მოემსახუროს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გეგმავს, რომ ნაგავსაყრელი სულ მცირე მომდევნო 20 წელი იმუშავებს და, საერთო ჯამში, დაახლოებით 1 450 000 ტონა ნარჩენს დაიტევს.

ნინო ჩხობაძის თქმით, თუ ნარჩენების შეფასებისა და გადმოტანის იდეა, რომელიც არა მხოლოდ გალს, არამედ აფხაზეთის სხვა რაიონებსაც ეხება, განხორციელდა, მაშინ ცაიშის ახალი ნაგავსაყრელის პროექტს მცირე ცვლილება დასჭირდება, თუმცა ნარჩენების მიღება ამ ცვლილების გარეშეც შეიძლება.

დიდი ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის გამო ზაფხულში გზაზე მტვერი დგება, ზამთარში - ტალახი.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მსგავს პროექტზე არ მუშაობენ. ორივე უწყებამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.