დღეს გაირკვევა შეუშვებენ თუ არა ცოტნე გამსახურდიასთან ცოლს

„მოხარულები ვიქნებით, თუკი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მისწერს წერილს თურქეთის კლინიკას, რომ მათ არანაირი წერილი არ მოუმზადებიათ ცოტნე გამსახურდიასთან კლინიკაში მნახველების შეშვებისა თუ არ შეშვების შესახებ“, - ამბობს ჯაბა კვარაცხელია, ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

28 იანვარს სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟთან, ცოტნე გამსახურდიასთან, რომელიც თითქმის ერთი თვეა თურქეთში, „აჯიბადემის“ ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, მის ცოლს, ანა ჯაბაურს არ უშვებენ.

ჯაბა კვარაცხელია ამბობს, რომ ანა ჯაბაურის თურქი ადვოკატის თქმით, აკრძალვის მთავარი მიზეზი ის დოკუმენტია, რომელიც კლინიკამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო და სადაც წერია, რომ ცოტნე გამსახურდიას მონახულების უფლება მხოლოდ მის დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქვს:

„სწორედ თურქმა ადვოკატმა გამოიტანა ჰოსპიტალიდან ინფორმაცია, რომ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მისული წერილი, რომელიც კრძალავს ქალბატონი მანანას გარდა ცოტნესთან სხვა პირების შეშვებას და რომ ცოტნე იზოლირებულია. ჩვენ ეს წერილი არ გვინახავს, თუმცა, გვაქვს ადვოკატის მესიჯის ე.წ. სქრინშოტი, სადაც ადვოკატი ანა ჯაბაურს სწერს, რომ კლინიკას აქვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი, სადაც მითითებულია, ცოტნე გამსახურდიასთან შესვლის უფლება არავის აქვს, გარდა მისი დედისა. იმავე მესიჯში წერია, რომ ამ მიზეზით, კლინიკას ცოტნე გამსახურდია მოთავსებული ჰყავს კარგად დაცულ ოთახში, სადაც არავის უშვებენ, მათ შორის, არც თარჯიმანს“.

კატეგორიულად უარყო ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. 28 იანვარს რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ „არანაირი წერილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მხრიდან არ გაკეთებულა ამ თემასთან დაკავშირებით“.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას შემდეგ ის ხელოვნურ კომაში იმყოფება. თბილისში ჩატარებული ოპერაციისა და ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, იანვრის დასაწყისში, ოჯახის მოთხოვნით, ის თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გავრცელებულა. 28 იანვარს კი ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ცოტნე გამსახურდია დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მოთხოვნით, იზოლირებულია და მასთან არავის უშვებენ.

როგორც ჯაბა კვარაცხელია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქმრის მონახულების პრობლემა ანა ჯაბაურს თურქეთში ჩასვლიდან მალევე გაუჩნდა:

„თავდაპირველად ჰოსპიტალს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია ანასთვის. თუმცა, როგორც კი ქალბატონმა მანანამ გაიგო, რომ ცოტნე გამსახურდიასთან მეუღლე შევიდა, ფიზიკური დაპირისპირებით, მუქარებით და ა.შ. ანას კლინიკაში შესვლის საშუალება აღარ მისცა. იმავე დღეს, თავად ანამ მოისმინა მანანას სატელეფონო ლაპარაკი, რომ მან დახმარება სთხოვა მის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს და მიიღო დახმარების პირობა. ამ საუბრიდან მეორე დღეს, ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ ანა კლინიკაში აღარ შეუშვა და ზეპირად შეატყობინეს, რომ არსებობს აკრძალვა და ვერ შეუშვებენ. როდესაც მოვითხოვეთ კონკრეტული წერილობითი ახსნა, თუ რატომ აეკრძალა ანა ჯაბაურს პაციენტთან შესვლა, პასუხი ვერ მივიღეთ“.

ჯაბა კვარაცხელიას თქმით, ჰოსპიტალის ადმინისტრაციისათვის არც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გახდა საკმარისი იმისათვის, რომ ანა ჯაბაური ქმრის მოსანახულებლად შეეშვათ:

„იქიდან გამომდინარე, რომ ცოტნე გამსახურდია კომაშია და თავად არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები მისი მკურნალობის შესახებ, კანონი ითვალისწინებს, რომ მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც მისი ჯანმრთელობის ინტერესების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ასეთ წარმომადგენლად, ანუ პაციენტის დროებით მხარდამჭერად, 15 იანვრის განჩინებით დანიშნა ანა ჯაბაური. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ითარგმნა თურქულად, დამოწმდა აპოსტილით და წარვუდგინეთ კლინიკას, თუმცა, უშედეგოდ. თურქი ადვოკატი გვეუბნება, რომ აპოსტილით დამოწმებულ ამ ტიპის განჩინებას არ სჭირდება სხვა რაიმე დადასტურება და ჰოსპიტალისთვის ის სავალდებულოა შესასრულებლად. ანუ, გამოდის, რომ სახეზე გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილების უკანონო დაუმორჩილებლობა“.

28 იანვარს ანა ჯაბაურმა თურქეთის სასამართლოს მიმართა. ცოტნე გამსახურდიას ცოლი ითხოვს, რომ მიეცეს ქმრის მონახულების უფლება და კლინიკამ ის აღიაროს პაციენტის დროებით მხარდამჭერად.

გუშინვე გაიგზავნა თურქეთში საქართველოდან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მოქმედი მხარდამჭერია.

როგორც ჯაბა კვარაცხელია ამბობს რადიო თავისუფლებასთან, ანა ჯაბაურს არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია მისი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ერთადერთი, რაც მან კლინიკის პერსონალისგან არაოფიციალურად იცის, არის ის, რომ რამდენიმე დღეა, ექიმებმა დაიწყეს ცოტნე გამსახურდიას კომიდან გამოყვანის პროცესი:

„ანა ყოველ დღე მიდის კლინიკაში იმ იმედით, რომ ცოტნესთან შეუშვებენ. კლინიკის პერსონალი მასთან პირად საუბარში ამბობს, რომ მკურნალობის ამ ეტაპზე, პაციენტისთვის უმჯობესია, რომ მის გვერდით იმყოფებოდეს მისთვის ახლობელი პირი. აღსანიშნავია, რომ ცოტნე გამსახურდია ბოლო პერიოდში ღიად აფიქსირებდა, რომ მას დედასთან, მანანა გამსახურდიასნთან, ჰქონდა კონფლიქტი და სხვადასხვა სახის დავა, მათ შორის ქონებრივი დავა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას პაციენტის გვერდით ყოფნა, მისი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი იქნება“.

რადიო თავისუფლება ანა ჯაბაურს დაუკავშირდა სტამბოლში. როგორც ის ამბობს, ცოტა ხნის წინ მას კლინიკიდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ქმრის სანახავად შეუშვან. დამატებით დეტალებს რადიო თავისუფლება მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც ანა ჯაბაური კლინიკას დატოვებს.