"დღეს აფხაზებს აქვთ ინიციატივა"

Your browser doesn’t support HTML5

ბოლო ხანს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაისმა გზავნილი საქართველოს მხარესთან დიალოგის საჭიროებასა და აუცილებლობაზე.

დიალოგის იდეას, რომელზეც ინტენსიურად ლაპარაკობს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძლიერი კრიტიკა შეხვდა, მსგავსად დე ფაქტო პრემიერმინისტრ ალექსანდრ ანქვაბის ნათქვამისა, რომელმაც განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრებ ყველა ქართველს, ვისაც არ უომია მათ წინააღმდეგ, აფხაზეთის მოქალაქეებად თვლის.

19 აგვისტოს სოხუმში, სოციალურ-ეკონომიკური გამოკვლევების ცენტრში გაიმართა დისკუსია - „კრიზისის ახალი ფაზა: გამოწვევები და შესაძლო პასუხები“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სერგეი შამბა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე. სერგეი შამბამ ამ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე:

„უნდა ველაპარაკოთ საქართველოსაც. სინამდვილეში, მთელი ამ წლების განმავლობაში ვატარებთ იზოლაციონისტურ პოლიტიკას. ბევრი იხსენებს ხოლმე არძინბას პრეზიდენტობის დროს. გაიხსენეთ დრო, როცა არძინბა იყო პრეზიდენტი, რამდენი არხი იყო მოლაპარაკებების და შეხვედრების სხვადასხვა დონეზე, არასამთავრობო დონეზეც, სახელმწიფო დონეზეც? ახლა უწინდელივით გაერო აღარ არის მოლაპარაკებების შუამავალი, ის ფორმატი აღარ არსებობს, მაგრამ ვინ გვიშლის იმ მოლაპარაკებების გაგრძელებას, რომელიც არასახელმწიფო დონეზე იყო? ამ მოლაპარაკებებში ბევრი მაღალი რანგის ჩინოვნიკი მონაწილეობდა. პრაქტიკულად ყველამ ეს გზა გაიარა თავის დროზე. მაგრამ, როცა ამბობ, უნდა ველაპარაკოთ საქართველოს, მაშინვე იწყება შეძახილები: „არა, ჯერ გვაღიარონ“. კი მაგრამ, როგორ გვაღიარებენ, თუკი ლაპარაკი არ გვინდა?“.

იმავე 19 აგვისტოს შეხვედრაზე დაურ კოვემ გამოთქვა აზრი, რომ დადგა დრო განისაზღვროს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი:

„ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რას ვხედავთ პერსპექტივაში? ვხედავთ საქართველოს, როგორც მტრულ სახელმწიფოს? ვხედავთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელთანაც საჭიროა გარკვეული სავაჭრო დიალოგის წარმართვა? ვხედავთ პერსპექტივაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ეს იქნება სახელმწიფო, რომელთანაც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს დავამყარებთ? რას ვიღებთ პრიორიტეტად ჩვენთვის?

ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჩვენს საზოგადოებაში დისკუსიებზე, რომლებიც ჟენევაში მიმდინარეობს. მესმის, რომ საზოგადოებაში არის დაკვეთა შედეგზე. მაგრამ, ეს 12-წლიანი შეხვედრები, გვაძლევს შესაძლებლობას გამოვიდეთ ერთ მოედანზე ისეთ აქტორებთან, როგორებიცა არიან: რუსეთი, ამერიკა, საქართველო. ეს არის ფორმატი, რომელსაც ესწრებიან გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს წარმომადგენლები და ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვთქვამთ“.

ამ გზავნილებზე ქართულ საზოგადოებაში საჯარო დისკუსია არ მიმდინარეობს. „დევნილთა უფლებებისთვის კოალიციის თავმჯდომარე“, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში საუბარს შეკითხვით იწყებს:

„მსჯელობა არ მოგვისმენიაო და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოგვისმენია?

ანუ, ზოგადი, კი, დიალოგის აუცილებლობის შესახებ განცხადებები ხშირად ყოფილა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემოთავაზებებზე ჩვენი ხელისუფლების რეაქცია არ გვქონია“.

ზურაბ ბენდიანიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ახლანდელი ელიტის საქართველოსთან დიალოგისკენ სწრაფვის ქრონოლოგიასა და საფუძველზე ყვება:

„მოდით, მოვყვეთ რაობას აფხაზების, მათი სურვილის და რამდენად მყარი არის ის, რომ მათ სურთ ქართულ მხარესთან დიალოგი: პირველი განცხადება გაკეთდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ასლან ბჟანია პრეზიდენტი, კანდიდატი იყო. მან თქვა, რომ ის მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის და შეიძლებოდა ეს აღქმული ყოფილიყო, როგორც გალის მოსახლეობის მიმართ გზავნილი, რადგან მას გარკვეული ქართული ხმები სჭირდებოდა.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ვინ დგას ბჟანიას უკან და რა გუნდად ჩამოყალიბდა დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთში. ეს არის ალექსანდრე ანქვაბი - ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკურ პროცესში, რაც აფხაზეთს უკავშირდება, ადამიანი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის. ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. მას ბევრი ახლობელი ჰყავს და გამოვლილი აქვს მთელი ის პერიოდი საქართველოსთან ურთიერთობების. ბჟანია ყოველთვის იყო მისი, ასე ვთქვათ, გუნდის წევრი იმ პერიოდში, როცა ის უკვე რუსეთიდან დაბრუნდა აფხაზეთში.

მათ ემატება შამბა, რომელიც უფრო ბოლო პერიოდშია მოწვეული და მათი გუნდის წევრად შეიძლება მოიაზრებოდეს. მთლიანობაში ეს არის გუნდი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აფხაზ პატრიოტებად, რომლებსაც უფრო შორსმხედველი გეგმები აქვთ და უფრო სიღრმისეულად ხედავენ პრობლემებს. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, აფხაზური საზოგადოება, თავიანთი ხედვით, სწორად წაიყვანონ და მოახდინონ გარკვეული დივერსიფიკაცია ურთიერთობების.

ბჟანიას იმ ერთ განცხადებას მოჰყვა შემდგომ არაერთი განცხადება, სერგეი შამბას დანიშვნა... ბოლო კვირაში გაკეთებული უამრავი განცხადება უკვე მოწმობს იმას, რომ ეს არის მათი მყარი ხედვა და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარების სურვილი, რომ მათ დაიწყონ დიალოგი საქართველოსთან. რა თქმა უნდა, იგულისხმება პირდაპირი დიალოგი, რადგან ჟენევის პლატფორმა არსებობს. ამას თვითონაც ხშირად ახსენებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში თვისებრივად ლაპარაკია ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული შანსია თუნდაც გარკვეული მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად, აფხაზურ საზოგადოებაზე გარკვეული გავლენების მოსახდენად და ა.შ..

ურთიერთობა, დიალოგი აუცილებელია. თუკი ამ ურთიერთობით მოხერხდება პარტნიორობაზე გადასვლა, მერე მეტი გამოჩნდება.

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში, როგორიც დღეს არის, ჩვენ ვერანაირ გზას ვერც ვხედავთ და ვერც დავინახავთ, რადგან არ გვაქვს არანაირი კომუნიკაცია.

და, უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთი პრობლემაა და არა მხოლოდ რუსეთი. ჩვენი საზოგადოებაც უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ჩვენს ცნობიერებაში ცვლილებები შევიტანოთ“.

რადიო თავისუფლების ეთერის მსვლელობის დროს მაყურებელმა ეჭვი შეიტანა სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, სერგეი შამბას გზავნილების სიახლეში. ზურაბ ბენდიანიშვილის პასუხი:

„ძალიანაც ახალი თქვა და ძალიანაც მნიშვნელოვანი. 2008 წლის მერე ფაქტობრივად გამოცხადდა, რომ პრობლემა მოგვარებულია, აფხაზეთი დამოუკიდებელია, რუსეთის თავდაცვის ძალები ჩამდგარია აფხაზეთში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, ბიუჯეტის დაფინანსების ნახევარზე მეტი რუსეთის ხარჯზეა და თითქოს, რაღაა პრობლემა? რუსეთი ხომ ამას საქართველოზე ზეწოლის ბერკეტების შესანარჩუნებლად და თავისი სივრციდან არდაკარგვის გამო აკეთებს. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, რუსეთს აკრძალული აქვს ნებისმიერი პოზიტივი, რაც შეიძლება იყოს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობაში, რადგან ეს მის პოზიციებს შეასუსტებს და მისი ქმედებების მართებულობას, რაც მან 2008 წელს ჩაიდინა და აგრძელებს, თუმცა მანამდეც იგივეს აკეთებდა სხვა ფორმით. ეს მის პოზიციებს შეასუსტებს.

პატრიოტული აფხაზური ხელისუფლების თუნდაც დროებით მოსვლა (რადგან რუსეთი სხვა ხელისუფლებას ამზადებს აფხაზებისთვის) და ეს შეთავაზებები, რა თქმა უნდა, ახალია. ეს არის გარკვეულ წინააღმდეგობაში რუსული პოლიტიკის გენერალურ ხაზთან, რაც ნიშნავს, რომ აფხაზები საკუთარი თვითმყოფადი საზოგადოების შესაქმნელად ეძებენ ალტერნატიულ გზებს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს თვეებია, რაც ახალი ხელისუფლებაა აფხაზეთში, ტრანსფერებისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების პრობლემაც გაჩნდა რუსეთის მხრიდან. აფხაზეთის ეკონომიკა მძიმე სიტუაციას განიცდის და შესაბამისად, ისინი ეძებენ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა გზას და ეს სხვა გზა პირველ რიგში საქართველოა“.

რამდენად აქვთ სოხუმსა და თბილისს, ორმხრივი სურვილის შემთხვევაშიც კი, პირდაპირ ურთიერთობაზე წასვლის თავისუფლება? „დილის საუბრების“ სტუმარი აღწერს ამის შესაძლებლობებსაც და წინაღობებსაც:

„ვიცით, რომ რუსეთის გავლენა აფხაზეთზე არის ძალიან დიდი, მაგრამ არა აბსოლუტური, როგორც ცხინვალშია. თავისუფლების გარკვეული ჩარჩო აფხაზებს აქვთ დღესდღეობით, რაც გამოწვეულია რუსულ-აფხაზური ტრადიციული ისტორიული ურთიერთობებიდან. მათ ერთმანეთი მაინცდამაინც არ უყვართ ბევრი მიზეზის გამო, რაც მოჰაჯირობას, ჩერქეზებს და მსგავს ფაქტებს უკავშირდება. მეორეა ის, რომ აფხაზეთი ზღვისპირა რეგიონია, უფრო მრავალფეროვანი მოსახლეობაა და მათ თვითკმარი საზოგადოების მშენებლობა უნდათ. აქედან მომდინარეობს მათი ცნობიერებაც და მათი ქმედებებიც. რუსეთი მათ გარკვეულ სამოქმედო დერეფანს აძლევს, რომ შიდა პოლიტიკური დუღილი ჰქონდეთ და რადიკალური დაპირისპირებები არ მოხდეს მის მიერ დეკლარირებულ უპირველეს მოკავშირე აფხაზეთთან.

ოღონდ თავისუფლების ეს ჩარჩოები, რა თქმა უნდა, არც აფხაზურ ცნობიერებაში და არც რუსულ პოლიტიკაში არ ეხება პოლიტიკურ საკითხებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, დამოუკიდებლობის დათმობა და ა.შ.. აბა რა? - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რაც დღეს ძალიან ადარდებთ აფხაზებს და თავისი ეკონომიკის გაჯანსაღება უნდათ. თუ აფხაზეთი ისწრაფვის იმისკენ, რომ თავისი ეკონომიკური მდგომარეობა გააჯანსაღოს და მინიმალურ დამოკიდებულებამდე დაიყვანოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, რატომ არ უნდა შევუწყოთ ამაში ხელი ჩვენ?

რაც შეეხება თბილისს, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, დღევანდელ და ყველა წინა ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულებები საერთაშორისო პარტნიორებთან და არაპარტნიორებთან, როგორიც რუსეთია, აქვს, ჰქონდა სააკაშვილსაც. ისიც განიხილავდა დასაშვებ და დაუშვებელ თემებს რუსეთთან და მითუმეტეს დღევანდელ ხელისუფლებას ვალდებულებები აქვს და გარკვეული წითელი ხაზებიც აქვს გავლებული რუსეთის მხრიდან - ანუ, რა საკითხები განავითარონ დღევანდელ ვითარებაში საქართველოში და რა საკითხები - არა. ჩემი დაკვირვებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე დღეს წითელი ხაზია გავლებული და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა საქართველოს ხელისუფლებისთვის ნებადართული არ არის. ყოველ შემთხვევაში, არ არის შეთანხმებული რუსეთთან ამ მიმართულებით მუშაობა.

შეუთანხმებელმა მოქმედებებმა გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომი. როცა საქართველოს ხელისუფლება აქტიურად წავიდა, გააცოცხლა პრობლემა და მისი მოგვარება მოინდომა იმ გზით, რა გზითაც რუსეთს არ აწყობდა და არ სჭირდებოდა. ამიტომ მივიღეთ 2008 წლის ომი. დღეს იგივე მდგომარეობაა. შეუთანხმებელმა საკითხებმა შეიძლება რუსეთის მხრიდან კვლავ აგრესია გამოიწვიოს. დღეს ეკონომიკურადაც ინტეგრირებული ვართ რუსეთთან, ბევრი პროდუქცია გადის იქ და უკვე მთელი რეგიონებია, რომლებიც დამოკიდებულია ამაზე.

ამიტომ, ასე ცალსახად თქმა, რომ ჩვენ უნდა დავარღვიოთ, შევცვალოთ და ეს აუცილებლად შედეგს მოგვიტანს, ერთია, მაგრამ ასეთ წინადადებებზე, რასაც აფხაზები აყენებენ და რაც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, ჩვენ არათუ უარი უნდა ვთქვათ, უნდა მოვიძიოთ ის ფიგურები, რომლებიც ამას წარმართავენ. რადგან ხელისუფლებას დღეს არ ჰყავს ის ფიგურა, ვინც შეიძლება აფხაზებს დაუჯდეს და ელაპარაკოს, რომელსაც თუნდაც ცოდნა აქვს ბოლო 30-წლიანი პერიოდის, ამ პროცესში მონაწილეობის გამოცდილება აქვს და გარკვეული ნდობით ისარგებლებდა მეორე მხრიდან.

საქართველოს ხელისუფლებაში ამ მიმართულებით ფიგურები საერთოდ არ არსებობენ დღეს და გამომდინარე აქედან, ცოტა ძნელია თქმა - ვინ უნდა ელაპარაკოს აფხაზებს“.

ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ ყველანაირი წინაღობის მიუხედავად, საჭიროა დიალოგისა და მოლაპარაკებების თუნდაც მცირე „დერეფნის“ გამოყენება:

„ვამბობდი, რომ აფხაზეთს მოქმედების გარკვეული დერეფანი გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს დერეფანი უნდა გააჩნდეს საქართველოს ხელისუფლებასაც და უნდა გადადგას აფხაზებისკენ შემხვედრი გარკვეული ნაბიჯები. დღეს აფხაზებს აქვთ ინიციატივა. არავინ არის გულუბრყვილო და შამბასაც არ სჯერა, რომ საქართველოს თუ დაელაპარაკება, ის მას აღიარებს. აქ ეს თემა არ არის. აქ მთავარი თემა დღეს არის ეკონომიკის და სოციალური საკითხების წინ წამოწევა და ამ პრობლემების მოგვარება. ეს არის დღეს აფხაზების ინტერესი, რადგან ძალიან უჭირთ.

რამდენიმე დღის წინ ცხინვალში სპონტანური შეკრება გაიმართა ქუჩაში და ქართულ მხარესთან გზის გახსნას ითხოვდნენ. იმდენად მძიმე ვითარებაა პროდუქტებთან, მის ფასებთან დაკავშირებით, რომ ვაჭრობის გახსნა უნდათ ქართულ მხარესთან და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის შანსი, რომ რაღაც ახალი ფორმატი, ახალი დიალოგი დაიწყოს ჟენევის პროცესის მიღმა და აფხაზები პირდაპირ ამაზე მიგვანიშნებენ. ეს გლობალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწევს და პარტნიორობის გარკვეულ ფაქტორს გააჩენს ქართულ და აფხაზურ მხარეს შორის. ამიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად“.

ზურაბ ბენდიანიშვილი მომენტის გამოყენებას და სოხუმის გზავნილებზე რეაგირებას კი მნიშვნელოვნად თვლის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობებში კი ეჭვი ეპარება:

„აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე და უნდა მოიძებნოს ფიგურა, ვინც ამას აწევს და წარმართავს. დღეს ასეთი ფიგურა, სამწუხაროდ, არ არის.

ხშირად მითქვამს და დღესაც გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს სიმძიმის ცენტრი, რომელიც ამ საკითხს აწევდა“.

კონფლიქტოლოგი რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს რატომ ჩქარობს სოხუმის ახლანდელი დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან დიალოგის დაწყებას:

„რატომ ვუწოდებ მათ პატრიოტებს და რატომ ვფიქრობ, რომ ისინი დაჩქარებულად მოქმედებენ? - რადგან რუსეთში მზადდება ახალი აფხაზური ხელისუფლების ცენტრი და ერთ-ერთი, ძალოვანი მიმართულების კოორდინირება შესაძლებელია მომავალში დაევალოს ახრა ავიძბას, რომელიც დონბასის სასტიკი ბოევიკი იყო და მეორე ლამის უკვე დეკლარირებულად - ინალ არძინბა, რომელიც პუტინის ადმინისტრაციაში გამოზრდილი ახალგაზრდა კადრია და მოიაზრება აფხაზეთში ხელისუფლებაში. ასე უნდა რუსეთს და თუ ეს ძალა მოვიდა, ეს იქნება იმდენად პრორუსული ხელისუფლება, რომ ცხინვალი მონაგონი შეიძლება იყოს. ეს უკვე აფხაზებს ძალიან დიდ შანსს უკარგავს სამომავლოდ. დღევანდელი ადამიანები ხელისუფლებაში ამას ხედავენ და აქედან გამომდინარე, მათი აქტიურობა უფრო დიდია. მათ სურთ რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული ურთიერთობები ჰქონდეთ“.