9 დუელის ისტორია საქართველოში

ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე

დუელები საქართველოში ნიკოლოზ ბარათაშვილით იწყება და კონსტანტინე გამსახურდიათი მთავრდება. მწერალი როსტომ ჩხეიძე, რომელმაც საქართველოში გამართული დუელების ისტორია შეისწავლა, რადიო თავისუფლებას უამბობს, თუ რატომ არ დამკვიდრდა ეს ტრადიცია საქართველოში, მაშინ როდესაც ევროპასა და რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

დუელისადმი არასერიოზულ მიდგომას შესაძლოა საფუძველი დაუდო პირველმა დუელმა, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ილია ორბელიანმა გამართეს და ძალიან კომიკურად დასრულდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი და ილია ორბელიანი

ნიკოლოზ ბარათაშვილი და ილია ორბელიანი

ტატო ძალიან ენაკვიმატი იყო და ხშირად მასხრობდა, მათ შორის ბიძაზეც, ილია ორბელიანზე, რომელიც მისი ტოლი იყო. ერთხელაც ილიამ აღარ მოითმინა და ბარათაშვილი დუელში გამოიწვია. ტატომ სეკუნდანტებთან ერთად მორიგი მასხრობა მოიფიქრა: დამბაჩები ტყვიის გარეშე გაამზადეს და როდესაც ილიამ გაისროლა, ტატო, შეთანხმებისამებრ, წაიქცა.

თავზარდაცემული ილია, რომელმაც მხოლოდ ახლა გააანალიზა, რომ დისწული „მოკლა“, ბარათაშვილს მივარდა და სინჯვა დაუწყო.

„ქიშმიში მაქვს, ქიშმიში! ჯიბიდან არ ამომაცალო!“ - დაიძახა ამ დროს ბარათაშვილმა და ილია ორბელიანმაც სული მოითქვა.

წლების შემდეგ სწორედ ილია ორბელიანს მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა „მერანი“, როდესაც ის შამილის ტყვეობაში იმყოფებოდა.

ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე

როსტომ ჩხეიძის თქმით, ილია ჭავჭავაძე კარგად ისროდა და მის ანგარიშზე შვიდი დუელი მაინც არის. ჰქონდა სადუელო იარაღის კოლექციაც - მსგავსი შერკინებისთვის ორივე დუელანტს ერთნაირი დამბაჩა უნდა სჭეროდა.

ილია ჭავჭავაძის დუელებიდან ყველაზე საინტერესო ნიკო ნიკოლაძესთან დაპირისპირებაა. მეგობრები ბანკსა და ქართულ ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და საქმე შერკინებამდე მივიდა.

როდესაც ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ნიკოლაძის სეკუნდანტი, რუსი პოეტი სიმბორსკი, ატირდა: ერთ-ერთი თქვენგანი დაიღუპება და ქვეყანას რაღა ეშველებაო. ამან ილიაც მოიყვანა გონზე და ნიკოც. იარაღი შეინახეს.

თედო ჟორდანია და ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი და თედო ჟორდანია

იგივე ისტორია განმეორდა მაშინაც, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა თედო ჟორდანია გამოიწვია დუელში.

„ჟორდანია ამტკიცებდა, „მატიანე ქართლისა“ მე გადმოვწერე და ილიას დავუტოვე, მერე, როგორც ჩანს, ილიამ ექვთიმეს აჩვენა, მან კი თავისი სახელით გამოაქვეყნაო... გადაირია ექვთიმე“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

საქმეში ილია ჭავჭავაძე ჩაერია: საქართველოს ისტორიაზე სულ ორი კაცი მუშაობთ და ერთ-ერთი რომ დაიღუპოს, მერე რას შვრებითო. საბოლოოდ, ილიას დაჟინებით, ჟორდანიამ ბოდიში მოიხადა.

დავით კლდიაშვილი და პალმი

პალმი გაზეთ „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქტორი იყო. გაზეთმა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის პროცესი მასხარად აიგდო, რამაც დავით კლდიაშვილი მოთმინებიდან გამოიყვანა. მწერალი თავის მოგონებებში იხსენებს:

„ძლივს გავათავე წაკითხვა, მივვარდი გადამწერთა ოთახში ტელეფონს.

- ცენტრალური... „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ რედაქცია... რედაქტორი პალმი... პალმი ხართ?! რა სინდისმა მოგცათ ნება ისეთი უგვანო წერილი მოგეთავსებინათ გაზეთში, როგორიც არის დღეს გაბრიელ ეპისკოპოზის გასვენების შესახებ?! თქვენ არ იშლით კლოუნობას და გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ ჯამბაზობას, როგორც იყავით აქამდისინ! თქვენისთანა გათახსირებულ, ყოვლად გაფუჭებულ კაცს რა ხელი აქვს რედაქტორობასთან... თქვე სინდისგარეცხილო!“

კლდიაშვილმა პალმი დუელში გამოიწვია. გაზეთის რედაქტორი ძალიან შეშინდა და არათუ საბრძოლველად არ წასულა, დააბეზღა კიდეც კლდიაშვილი. დუელები კანონით აკრძალული იყო და მწერალი გადასახლების საშიშროების წინაშე დადგა.

„მაგრამ დავით კლდიაშვილი ძალიან უყვარდა ყველას. ძალიან კეთილშობილი იყო და ყველა გვერდში დაუდგა“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

ასე დამთავრდა კლდიაშვილი-პალმის არშემდგარი დუელი. ისიც უნდა ითქვას, რომ უფრო ადრე პალმსა და ილია ჭავჭავაძესაც ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ როდესაც ილიამ თავისი კოლექციიდან იარაღის შერჩევა და სროლა შესთავაზა, პალმმა აქაც უკან დაიხია.

ნიკოლოზ ლორთქიფანიძე და ოფიცერი აკიმოვი

ნიკო ლორთქიფანიძე საზღვარგარეთ სწავლობდა. რუსმა ოფიცერმა ქართველები აგდებულად მოიხსენია, რის გამოც დუელში გამოწვევა მიიღო. როდესაც უნდა ესროლათ, სეკუნდანტებმა ნიკო გააფრთხილეს, გვერდულად დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ოფიცერი იარაღს კარგად ხმარობდა, ნიკომ მეტოქეს მაინც მკერდი მიუშვირა. ამ ჟესტმა აკიმოვზე ისე იმოქმედა, რომ განზრახ ააცილა. ამის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძემ საერთოდ ჰაერში ისროლა.

„ბოდიშს ვიხდი, თქვენ სხვა ხალხი ყოფილხართო, თქვა აკიმოვმა და საპასუხოდ თავადაც ჰაერში დაცალა იარაღი “, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

იაკუბოვიჩი და გრიბოედოვი

ალექსანდრე გრიბოედოვი და ალექსანდრე იაკობოვიჩი

გრიბოედოვი მონაწილეობდა ოთხმხრივ დუელში, რომელშიც, უშუალოდ დაპირისპირებული მხარეების გარდა, სეკუნდანტებიც უნდა შებრძოლებოდნენ ერთმანეთს. სეკუნდანტები გრიბოედოვი და ცნობილი დეკაბრისტი იაკობოვიჩი იყვნენ.

დუელის პირველი ნაწილი პეტერბურგში ჩატარდა, მეორე კი თბილისში, სადაც გრიბოედოვი და იაკობოვიჩი ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარნენ. გრიბოედოვს ტყვია მხარში მოხვდა. მოგვიანებით სწორედ ამ ჭრილობით ამოიცნეს მისი ნეშტი, როდესაც ფანატიკოსები თეირანში რუსეთის საელჩოს დაესხნენ თავს და ყველა ამოჟლიტეს.

დუზ-ხოტიმირსკი და ანდრია დადიანი

დადიანი და დუზ-ხოტიმირსკი

ანდრია დადიანი მოჭადრაკე იყო. ერთხელ მან და ჭადრაკის ოსტატმა ფიოდორ დუზ-ხოტიმირსკიმ მეგობრული პარტია ითამაშეს, რის შემდეგ ხოტიმირსკიმ ჭადრაკის ჩანაწერი დადიანის უკითხავად გამოაქვეყნა. ანდრიამ ის დუელში გამოიწვია. დამფრთხალმა დუზ-ხოტიმირსკიმ კოლეგას წერილი მისწერა და ბოდიში მოუხადა.

სერგეი ესენინი და რაულ გოგოხია

საქართველოში ყოფნის დროს ესენინმა პოეტი რაულ გოგოხია გაიცნო, რომლითაც ძალიან მოიხიბლადა ლექსების თარგმნას შეჰპირდა. მოგვიანებით ტიციანს ჰკითხა მის შესახებ. „ტიციანმა უთხრა, რაულ გოგოხია პოეტი საერთოდ არ არის, სპეკულიანტიაო“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

საბოლოოდ, ესენინმა გოგოხია დუელში გამოიწვია. მაგრამ გოგოხიას სეკუნდანტმა რომ უთხრა, ეგ ისე ისვრის, გაფრენილ ჩიტს კლავსო, ძალიან შეეშინდა (ამ დროს გოგოხიამ სროლა არც იცოდა) და მეზობელ ჩეკისტთან გამოსამშვიდობებლად შევიდა.

საქმე იმით დამთავრდა, რომ ჩეკისტი გოგოხიას სეკუნდანტების დასაპატიმრებლად გამოენთო და, შესაბამისად, დუელიც არ შედგა.

იოსებ მჭედლიშვილი და კოსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია და იოსებ მჭედლიშვილი

1939 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ გაგრძელებებით იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“, რომლის ტექნიკური რედაქტორიც იყო მწერალი იოსებ მჭედლიშვილი.

როსტომ ჩხეიძე: „იოსებ მჭედლიშვილი უსამართლოდ არის დავიწყებული - მწერალი, დრამატურგი და ვაჟკაცი კაცი იყო. 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის გამოსვლების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ, სანდრო აბაშელმა, პავლე ინგოროყვამ და ვახტანგ კოტეტიშვილმა გლოვის ნიშნად შავი ჩოხები რომ ჩაიცვეს... მანამდე ეს იოსებ მჭედლიშვილმა გააკეთა“.

როდესაც „დიდოსტატის მარჯვენა“ იბეჭდებოდა, იოსებ მჭედლიშვილმა ტექსტი გაასწორა: რა არის, ქართული არ იცის კონსტანტინემო. ეს ამბავი ავტორს მიუტანეს.

როსტომ ჩხეიძე: „მეორე დღეს მწერალთა სასახლეში ორივე შეიარაღებული მოვიდა. ნიკა აგიაშვილი მწერალთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარესთან, ირაკლი აბაშიძესთან, ავარდა: ჩაერიეთ, ერთმანეთი არ დახოცონო. აბაშიძემ, მაგათი ფაფხური ოცი წელიწადია მესმის, მაგრამ დაჭრილი კაცი არ მინახავსო. მართლაც, გადაიხედეს ფანჯრიდან და სხედან ორივენი ბაღში და საუბრობენ“.

როგორც როსტომ ჩხეიძე ამბობს, სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას „დუელით“ დამთავრდა ნიკოლოზ ბარათაშვილით დაწყებული დუელების სერია საქართველოში.