11 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება განაცხადების მიღება ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა.
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისის ერთ-ერთ შესასვლელთან მდებარე ნიკეას ქუჩაზე 46-ნახევარი მეტრი სიმაღლის დროშის აღმართვისთვის საჭირო დგარის დასამონტაჟებლად 36 299 ლარია გამოყოფილი. მერიის ინფორმაციით, ლითონის კონსტრუქცია ქალაქს საჩუქრად გადასცა ინდურმა კომპანიამ „სითი კონსტრაქშენმა“, ტენდერით შერჩეულ კომპანიას კი დგარის მონტაჟი დაევალება.ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებს, რომ ადგილს, სადაც სახელმწიფო დროშის დგარი უნდა განთავსდეს, ექსპერტიზა ჩაუტარდა. „ეს იქნება ერთ- ერთი მაღალი დროშა, ამიტომ, რა თქმა უნდა, სადგარი უნდა იყოს მყარი“.
ქუთაისის მერიამ ქალაქში ყველაზე მაღალი დროშის აღმართვის მიზნით ტენდერები შარშანაც გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში 45 ათას ლარად იგეგმებოდა ნიკეას ქუჩაზე დროშისთვის დგარის მოწყობა, განმეორებით ტენდერში კი თანხა 65 ათასი ლარი იყო, ხოლო ადგილი - ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. დასახარჯი თანხის მოცულობა გააპროტესტა ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილმა.პირველ შემთხვევაში ტენდერი გაურკვეველი მიზეზით შეწყდა, მეორედ კი მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და ჩაიშალა.
მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით წლევანდელ ტენდერში თანხა თითქმის განახევრებულია, დროშის დგარისთვის 36 ათასი ლარის დახარჯვა მიუღებელია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიასთვის. მისი განცხადებით, როცა ქუთაისში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების სიმრავლეა, მერია დროშისთვის ამდენს არ უნდა ხარჯავდეს:
„ვერავინ დამაჯერებს, რომ ერთი დროშის მოსაწყობად საჭიროა ამდენი თანხა. ქუთაისი არის მომაკვდავი ქალაქი და თუ მოქმედი ჩინოვნიკები ხელისუფლებაში დარჩნენ, ეს დასარული მალე დადგება. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ხალხის კეთილდღეობაზე და არა საკუთარზე და, კიდევ, დროშას უნდა მოვლა - როგორც კი დაისვრება ან დაზიანდება,უნდა გამოიცვალოს და არ მგონია, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ეს შეძლოს“.
საქართველოს ეროვნული დროშის დგარისთვის 36 ათასი ლარის დახარჯვას ძირითადად უარყოფითად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ქუთაისელები.რესპონდენტები ამ თანხით ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ:
„ჩემი აზრით, არ არის საჭირო დროშისთვის ამდენი ფულის დახარჯვა და ამ თანხით თუნდაც მოხუცებს და ბავშვებს დავეხმაროთ“;
„რაიხსტაგიდან ჩამოხსნილი და მოტანილი დროშაა, თუ რა არის ასეთი?! წარმოუდგენელია ამხელა თანხის ხარჯვა. დასაბუთება მაინტერესებს, როგორაა შეფასებული და რის მიხედვით“;
„რაგბის ჩემპიონატისთვის დროშა საერთოდ ვერ დაკიდეს და ახლა 36 ათას ლარს ხარჯავენ დროშისთვის?! ხალხს მოახმარონ ეს თანხა და სასიკეთო იქნება უფრო“;
„გზას მიხედონ „გარადოკთან“, ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და უკეთესი იქნება, თუ გამოასწორებენ“, - ამბობენ რესპონდენტები.
ასევე ნახეთ ყველაზე მაღალი დროშა ქუთაისში აფრიალდებაქუთაისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვის ადგილი, ნიკეას ქუჩა, ექსპერტიზის შედეგად განსაზღვრა „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა“ და სამუშაოსთვის საჭირო თანხაც მან დაადგინა. გასულ წელს მერიაში აცხადებდნენ, რომ ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს დროშის აღმართვას სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა. ქუთაისის ერთ- ერთ ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის აღმართვა მისაღებია ქუთაისელთა ერთი ნაწილისთვის.
„ნიკეა ავტობანიდან ქალაქში შემოსასვლელია და მგონია, რომ კარგი აზრია. ბევრი არაფერი კეთდება, ყველასგან მივიწყებული ქალაქია და უნდა დავუჭიროთ მხარი“;
„თუ ქალაქის იერსახეს მოუხდება, დადგან, რატომაც არა“, - გვითხრეს ქუთაისში.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 13 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. სატენდერო დოკუმენტაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ 30 დღის ვადაში უნდა განახორციელოს პროექტი, რომლის მიხედვით, შერჩეულ ადგილზე ექსკალატორით უნდა მოჭრას 3 კუბური მეტრი მიწა და ტვირთმზიდი მანქანებით გაიტანოს, მოაწყოს საძირკვლის არმატურისა და წყალგაუმტარი მონოლითური რკინის კონსტრუქციები და დაამონტაჟოს ორმოცდაექვს-ნახევარი მეტრი სიმაღლის უჟანგავი ლითონის სვეტი სახელმწიფო დროშისთვის.