დორიან გრეის „პანკპორტრეტი“ თბილისის ეკრანებზე

„სუბსტანცია“ (2024, აშშ-საფრანგეთი, რეჟისორი კორალი ფარჟა)

ფრანგი რეჟისორის, კორალი ფარჟას ფილმის თბილისური პრემიერა ჰოლივუდის ახალ სკანდალს დაემთხვა. ინტერნეტსივრცე გადაივსო შოუბიზნესის ვარსკვლავების მხარბეჭიანი, გაწვრთნილი და რეკონსტრუირებული სხეულებით, რომლებმაც ჯანმრთელობის, წარმატებისა და გარკვეული თვალსაზრისით უკვდავების კულტი უნდა დაამკვიდრონ საზოგადოებაში. „სუბსტანცია“ ერთგვარი რეაქციაა ამ ისტერიკაზე. თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კინოხელოვნება კორალი ფარჟას ფილმის პრემიერამდე დიდი ხნით ადრე ცდილობდა აეხსნა, რატომ ჰმატებს თავდაჯერებულობას სხეულის ესთეტიკური გარდაქმნა, რატომ ვერ ეგუება ადამიანი საკუთარ სხეულს და, რაც მთავარია, რატომ გადაიქცა გარდაქმნილ-რეკონსტრუირებული სხეული წარმატების მოპოვების პირობად.

ცოცხალი სხეულის აღბეჭდვა ხელოვნებაში პირველად კინემატოგრაფმა დაიწყო და სწორედ კინორეჟისორებმა მიაქციეს ყურადღება საკუთარი ტანის სხვისი თვალებით დანახვის ვნებას, რომელსაც პატრიარქალურმა კულტურამ დღეს არნახული მასშტაბები მიანიჭა. რეკონსტრუირებული ტანის კულტმა კინოს ისტორიაზეც იმოქმედა - „ბოდი-ჰორორის“ ჟანრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ჟანრით ფემინისტი კინორეჟისორები დაინტერესდნენ. ერთ-ერთმა, ჟიულია დიუკორნომ 2021 წელს კანის ფესტივალის „ოქროს პალმაც“ მოიპოვა ფილმისთვის „ტიტანი“. აქ საკუთარი სხეულის მიმართ კონტროლის დაკარგვის თემა „ბოდი-ჰორორს“, ფაქტობრივად, ჩვენი დღევანდელი სამყაროს „ჟანრად“ გადააქცევს.

ამის შემდეგ კანის ფესტივალის დირექციამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მოდა დამკვიდრებულია და ქალის მიერ გადაღებული მორიგი ჰორორი „ტიტანის“ ტრიუმფს გააგრძელებს. მით უმეტეს, რომ წელს ჟიურის ფემინისტი რეჟისორი, გრეტა გერვიგი ხელმძღვანელობდა. მაგრამ „სუბსტანციამ“ ვერ გაიმეორა „ტიტანის“ წარმატება - მხოლოდ სცენარისთვის დააფასეს. რაც, ასევე გაუგებარია. ვფიქრობ, ამ ფილმის ერთადერთი გამარჯვება მთავარი როლის შემსრულებელია - დემი მური, ჰოლივუდის ხატი 90-იან წლებში. მსახიობი ჩვენ თვალწინ ანგრევს იმიჯს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამკვიდრებდა შოუბიზნესში. საკუთარი თავის პაროდირებას მიმართავს. ძნელია იმის თქმა, ეს რეჟისორის მოთხოვნაა, დროის მოთხოვნა, თუ თავად მური იყო მზად ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ფაქტია, „სუბსტანციაში“ მსახიობი უფლებას აძლევს რეჟისორს, გადაიღონ ყველა მხრიდან (მათ შორის, პირდაპირი გაგებით) და გააშიშვლონ ყველაფერი, რასაც მისი იმიჯი წლების განმავლობაში ფარავდა.

დემი მურის პერსონაჟი, 50 წლის ელიზაბეთ სპარკლი, რომელსაც თავის დროზე ვარსკვლავიც გაუხსნეს ჰოლივუდში, ფილმის დასაწყისში შეიტყობს, რომ სამუშაოს დაკარგვა ემუქრება. ფიტნესშოუ, რომელსაც უკვე წლებია ტელევიზიით უძღვება, ახალგაზრდა წამყვანით უნდა შეცვალონ. მაჩო-პროდიუსერი (სრული კარიკატურა!) უდასტურებს ამ გეგმას. ელიზაბეთი ავარიაში მოხვდება. გადარჩება და აღმოაჩენს ახალ, საიდუმლო ტექნიკას, რომელსაც ადამიანის სხეულის გარდაქმნა, „გაახალგაზრდავება“ შეუძლია. ინიექციები შობს „მეორე ელიზაბეთს“, მისნაირს, მაგრამ ნორჩს - უფრო ტანადს, უფრო ღონიერს, მშვენიერ სიუს (მარგარეტ კუოლი).

ასევე ნახეთ რა ვნახეთ კანის კინოფესტივალზე?

კონტრაქტის თანახმად, ქალებმა კვირაში ერთხელ ერთმანეთი უნდა ჩაანაცვლონ, მორიგეობით იცხოვრონ. მაგრამ რა მოხდება, როცა ორეული წესებს აღარ დამორჩილდება და დამოუკიდებლობას მოინდომებს?

პრობლემა, რომელიც აქ ჩნდება, პირველ რიგში სცენარს უკავშირდება. გაუგებარია, რატომ აგრძელებს ელიზაბეთი თავის ექსპერიმენტს, როცა თავადაც ხვდება, რომ სუბსტანციას „ხეირი არ მოაქვს“... რომ აღარაფერი ვთქვათ გაუთავებლად განმეორებულ ცრუ-ფინალებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, რეჟისორს მაყურებლის ინტერესის შესანარჩუნებლად სჭირდება.

„სუბსტანცია“ ვერ გაიმეორებდა „ტიტანის“ წარმატებას თუნდაც იმიტომ, რომ დიუკორნოს ფილმში პერსონაჟებს ბოლომდე შენარჩუნებული ჰქონდათ სივრცე განვითარებისთვის, გახსნისთვის. „სუბსტანცია“ კი ფინალისკენ თვითგანადგურებისკენ მიილტვის და თავისსავე პერსონაჟს ემსგავსება.

კორალი ფარჟას ტრანსგრესიულ სატირაში სიტყვასიტყვით, თითქმის აკადემიურადაა ციტირებული „საშინელებათა კინოს“ ყველაზე ცნობილი ნიმუშები. კრიტიკოსები იხსენებენ კუბრიკის, კრონენბერგის, ბრაიან დე პალმას ფილმებს... პრესაში ერთგვარი შეჯიბრებაა გამოცხადებული - ვის უფრო მეტი ავტორი გაახსენა „სუბსტანციამ“. ცხადია, აგონდებათ არა მხოლოდ კინო. „ფაუსტი“, „დორიან გრეის პორტრეტი“, „დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი“, გოიასა და ფრენსის ბეკონის სურათები. მე პირადად „სუბსტანციამ“ ბილი უაილდერის უსამართლოდ დავიწყებული „ფედორა“ და ნაწილობრივ დიდი კლასიკოსის შედევრი, „სანსეტ ბულვარი“ მომაგონა - ფილმები ვარსკვლავების სისტემაზე, რომელიც ანადგურებს თავისსავე ვარსკვლავებს, სოციალურ ურჩხულზე, რომელიც ადამიანსაც ურჩხულად აქცევს. მაგრამ ეს შედევრები მამაკაცებმა შექმნეს. მამაკაცებმა გვიამბეს მსხვერპლ ქალებზე, ეიჯიზმსა და საკუთარი სხეულის სიძულვილზე, რომელსაც ეფუძნება პატრიარქალური შოუბიზნესი. „სუბსტანციით“ აღფრთოვანებული კოლეგები წერენ, რომ კორალი ფარჟას ფილმი არის ახლა უკვე ქალის თვალით დანახული ქალის სხეული, რომლის მისიას მხოლოდ ნაყოფიერებას უკავშირებენ (ელიზაბეთი გადასცდა ამ ასაკს და ახლა თავის ორეულს „მშობიარობს“). მაგრამ პირადად მე (შეიძლება იმიტომ, რომ ცუდად ვიცნობ ამ ჟანრის სხვა, თანამედროვე ფილმებს) განსხვავებული, „ფემინისტური ოპტიკა“ აქ საერთოდ ვერ დავინახე. „სუბსტანცია“ უფრო ჰგავს ფემინისტურ საგანმანათლებლო ბროშურას, რომელიც ერთგვარი ამბოხებაა სილამაზის კრიტერიუმების დიქტატურის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ძალიან მაგარი იქნებოდა, თუნდაც კრონენბერგის და „ბოდი-ჰორორის“ ოსტატი სხვა მამაკაცი რეჟისორების ციტირების ნაცვლად, მათივე კინოს ალტერნატივა რომ გვენახა - მათთან დისკუსია, მათი კრიტიკა, მათ მიერ დახვეწილი ჟანრის „დეკონსტრუირება“ ახალ, „me too“-ს რეალობაში. ეს ახლახან სცადა ოდრი დივანმა „ემანუელში“ და არ გამოუვიდა. „სუბსტანციაში“ ამის მცდელობაც კი არაა. მეტიც, ფილმის მეორე ნაწილში, როცა სხეულის ჰიპერსექსუალიზაციის წარმოდგენის მიზნით ავტორი სისხლიანი და ჩირქიანი სხეულების მთელ ატრაქციონს გვთავაზობს, „სუბსტანცია“ თავად ემსგავსება იმას, რასაც დასცინის. ახლო ხედების, მე ვიტყოდი, „ვიწრო ხედების“ გამოყენება თავიდან შესაძლოა ეფექტს ქმნის, მაგრამ მათი მექანიკური განმეორება ნელ-ნელა უკარგავს ძალას და ენერგიას გამოსახულებას, აუბრალოებს სათქმელს. ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინალში ავტორი უბრალოდ აღარ ენდობა მაყურებელს.

გასაგებია, რომ „სუბსტანციის“ რეჟისორი მაქსიმალისტების მხარესაა. გადაჭარბება, უტრირება ერთგვარი ხერხია მაყურებლისთვის დისტანციის შესაქმნელად და, რაც მთავარია, იუმორისთვის. ბევრი სისხლი ვიღაცას გულისრევის შეგრძნებას უტოვებს, ვიღაცას კი გულიანად აცინებს. მაგრამ არ ვიცი, რამდენად დააფიქრებს. უფრო სწორად, რამდენად არ შეუშლის ფილმის მეორე ნაწილის ასეთი აღქმა იმ სერიოზულ თემაზე ფიქრს, რომელსაც „სუბსტანციის“ პირველი ეპიზოდები ბადებენ. ფილმის პროლოგიდან სადღაც ნახევარი საათის შემდეგ შეიძლება დავსვათ კითხვა, რას გვეუბნება რეჟისორი ფილმის მეორე ნაწილში, რაც არ უთქვამს პირველში? და თუკი „მამაკაცური ხედვა“ და ქალის ობიექტივიზაცია დაგმობილია, რატომაა ასეთი სწრაფვა, ზეახლო ხედებით წარმოგვიდგინოს ქალის სხეული, მისი გენიტალიები? მაშინაც კი, როცა ამ კადრებს სხეულის „დესექსუალიზაციის“ პრეტენზია აქვთ? ყველაფერი ეს ხომ არაერთხელ გვინახავს? მათ შორის იმათაც, ვისაც გვგონია, რომ კვენტინ ტარანტინოს ფილმებში დაღვრილი სისხლი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაფატრულ სხეულებზე გაგვეცინოს.