„დიდი მწვანე ველი“ (1967, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი)
„დიდი მწვანე ველი“ ათეულში მოხვდა, თუმცა ჩემს სიაში პირველი იყო და კვლავაც - აი, ამდენი წელი გავიდა - ლიდერად რჩება. საუკეთესოდ მიმაჩნია მერაბ ელიოზიშვილის სცენარი, კოკოჩაშვილის მიზანსცენები, გია გერსამიას კამერა და ორი დიდი მსახიობის - ლია კაპანაძისა და დოდო აბაშიძის თამაში. არა, სამის - მზია მაღლაკელიძე დამავიწყდა!
მერაბ კოკოჩაშვილმა თავისი თაობის სხვა რეჟისორებზე უფრო რადიკალურად შეცვალა წარმოდგენა კინოს ენაზე, თხრობაზე, ხასიათების განვითარებაზე. მეტიც - „დიდი მწვანე ველი“, ფილმი მარადიულისა და ცვალებადის დრამატულ დაპირისპირებაზე, აღმოჩნდა ხელოვნების შედევრი, რომელსაც ისტორიის ცვალებადობამ ვერაფერი მოუხერხა - ვერ გაცვითა, ვერ დააბერა. შესაძლებელია იმიტომაც, რომ მარადიულის განცდა აქ არა მარტო კინოენაში, არამედ ფილმის შინაარსში გამოიხატება; მარადიულს, რომელიც კოკოჩაშვილის ფილმში ბუნების და ბუნებრივის, მეტიც, არქაულის, „პირველადის“ იდენტურია, ვერ თმობს მთავარი გმირი, მწყემსი სოსანა დოდო აბაშიძის შესრულებით. რამდენ ფილმში გადაიღეს, რამდენი „აღლაბუცეს“, არბენინეს, აყვირეს, აცეკვეს კიდეც... მაგრამ სოსანა ყველაზე ძვირფას ქვად დარჩა მსახიობის შემოქმედებაში და, ვინ იცის, ქართული კინოს ისტორიაში.
ასევე ნახეთ თენგიზ აბულაძის ადამიანურობადოდო აბაშიძეს სოსანა თავადაც საუკეთესოდ მიაჩნდა ყველა იმ როლს შორის, რომლებიც შეუსრულებია. ერთ ინტერვიუში დოდოს შვილმა, ზაზა აბაშიძემ მითხრა: „სოსანაზე გაუთავებლად შეეძლო საუბარი. ამბობდა, ისე ვიყავი შეზრდილი ამ კაცში, რომ სოსანასავით ცხოვრება მინდოდაო“. დოდო აბაშიძე - სულ მუდამ დალხენილი, ლაღი, ენაკვიმატი, ოხუნჯი, ოცნებოდა ეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდა სოსანა - ზანტი, მუდამ ჩაფიქრებული, დაღლილი განსაცდელით, რომელიც დრომ და პროგრესმა არგუნა!
„დიდი მწვანე ველი“ ნელი კინოა. იმ დროისთვის საერთოდ, ძალიან ნელი კინო. სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ მახსოვს მაშინდელი პრესის გამოხმაურება. მაგალითად, სტატია სათაურით „როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს“. მართლა ტოვებდა! ვერც იმას ვიტყვი, რომ „დიდი მწვანე ველი“ დასავლეთში მაინც სათანადოდ დააფასეს. დიდი ხნის წინ, პარიზში გამართული ქართული ფილმების რეტროსპექტივის დასრულების შემდეგ, კოკოჩაშვილის ფილმი ქალაქ ანჟეში, პატარა კინოთეატრში უჩვენეს. რატომღაც რუსულად დუბლირებული, მოსკოველი მსახიობებით, რომლებსაც აშკარად არ ესმოდათ ვის ახმოვანებდნენ. სეანსის შემდეგ გამართულ დებატებზე ერთმა მაყურებელმა თქვა, რომ ქართული კინოკომედიები ურჩევნია, სხვებმა კი დოდო აბაშიძის გმირი შეაფასეს როგორც ველური, ჩამორჩენილი, აცდენილი.
1988 წელი იყო. იდენტობის შენარჩუნების პრობლემა გლობალიზაციის ეპოქაში არ იდგა ისე მწვავედ, როგორც ახლა. ფრანგებმა იმ სეანსზე, უფრო მეტად ფილმის „ეკოლოგიურ პათოსზე“ გაამახვილეს ყურადღება, სოსანას განცდები კი, მისი ბრძოლა საკუთარი მიწის გადასარჩენად, შერეკილი მწყემსის ახირებად მონათლეს. ვფიქრობ, დაახლოებით ასეთივე შთაბეჭდილება დარჩათ ფილმისგან ოფიციალურ საბჭოთა იდეოლოგებს, რომლებიც პრემიერის შემდეგ ყველანაირად უკეტავდნენ გზას „მწვანე ველს“ დასავლეთის კინოფესტივალებზე.
ყოველთვის გული მიკვდება, როცა შევდივარ ვიკიპედიაზე და ინფორმაციას ვეცნობი კოკოჩაშვილის ფილმზე. „დიდი მწვანე ველი“ პრიზებით აღინიშნა 1968 წლის ერევნის კინოფესტივალზეო. რა ფესტივალი იყო ეს? საკავშირო კინოდათვალიერებაც კი არ იყო, რომელიც იმ წელს ლენინგრადში ჩატარდა (საქართველომ ფესტივალზე სიკო დოლიძის „შეხვედრა წარსულთან“ წარადგინა). რატომ დამალეს „დიდი მწვანე ველი“, რომელსაც ანტისაბჭოთას ნამდვილად ვერ უწოდებ? გამოდის, რომ სოსანას ვერ გაუგო ვერავინ - ვერც ოჯახის წევრებმა, ვერც თანასოფლელებმა, ვერც მაყურებელმა და ვერც იმ დროის ოფიციალურმა კრიტიკამ.
ასევე ნახეთ კინო, რომელიც გაყინულ გულს ათბობს„დიდი მწვანე ველის“ პრემიერიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიზარდა პოპულარობა ქართული კინოკომედიებისა - მხიარული, ექსცენტრული პერსონაჟებით. მაშინვე შეიქმნა მითი ქართველებზე, რომლებიც ვერ გრძნობენ დროს და ისტორიას, ვერ აკეთებენ არჩევანს, ინფანტილურნი არიან... ტრაგიკული სოსანა გადაიქცა კომედიის გმირად - საყვარელ, ზრდაშეჩერებულ ქართველად, რომელსაც შეუძლია გაგართოს, გაცინოს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ გიწევს, როცა კუთხეში დაყენებით დაემუქრები. ბედის ირონიით ეს ტენდენცია აისახა თავად დოდო აბაშიძის შემოქმედებაშიც.
მაგრამ დოდო, როგორც აღმოჩნდა, სოსანას ვერ ელეოდა. კინომსახიობი იყო და კამერასთან ურთიერთობა უფრო მოსწონდა, ვიდრე გადასაღები მოედნის თეატრალურ სცენად გადაკეთება და კლოუნადა, რასაც ხშირად მოითხოვდნენ მისგან რეჟისორები.
ამბავი მწყემსისა, რომელიც ახალი დროის აგრესიას ვერ ეგუება, სულაც არ იყო სასაცილო. არც ფილმის სახვითი გადაწყვეტა, გია გერსამიას შავ-თეთრი კადრის თითქოს პრინციპული განტვირთულობა და სტატიკურობა ჰგავდა 70-იანი წლების ქართული კინოკომედიების სტილს. „დიდი მწვანე ველი“ ფიქრისთვის გვეპატიჟებოდა, მაგრამ ჩვენ მოქმედება ავირჩიეთ. ფიქრის გარეშე. ლაღი, მსუბუქი, ხმაურიანი, სკეფსისის და ეჭვის სრული გამორიცხვით.
ამასობაში ქვეყანაში ახალი თაობა მოვიდა. აგერ „დიდი მწვანე ველი“ ყველა დროის საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა. აგერ დაიბადნენ სოსანას მემკვიდრეები, რომლებმაც 3 წლის წინ ნამახვანჰესის დასაცავად ღამეები გაათენეს. პროგრესის წინააღმდეგ წასვლა ვიღაცამ ისევ ველურობად მონათლა, ვიღაცამ „ჩაწყობილად“, ვიღაცამ რეაქციულად და საშიშად. ეგრე იყო სოსანაც. მეტიც, დოდო აბაშიძის გმირი ნახირის დაკარგვას უფრო მწვავედ განიცდიდა, ვიდრე საკუთარ შვილთან დაშორებას. ქალზეც ძალადობდა და ის ბუღა უყვარდა, რომელმაც რქებზე წამოიგო მამამისი. არა, არ იყო იდეალური და არც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა იდეალურ პერსონაჟზე. სოსანა არაა რომანტიზებული და არსებითად არც ითხოვს ჩვენს მხარდაჭერას.
ვბრაზდებით, როცა ცოცხალი ადამიანი იმ მორალურ სქემებში ვერ თავსდება, რომლებიც ყველაზე მართებული გვგონია. მით უმეტეს, როცა ამ ადამიანს სხვებიც უდგანან გვერდში. მათ შორის ის ხალხი, ვინც გულზე არ გვეხატება.
სოსანას დღეს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში. შეიძლება სწორედ ამ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ჰაერს ვსუნთქავთ (მოწამლულს, მაგრამ მაინც ჰაერს), სიმწვანით ვტკბებით და გული გვტკივა, როცა ყაყაჩოები და მწვანე ბალახი სასტიკად გადაითხრება ხოლმე ვამპირი ცათამბჯენების ასაშენებლად.
ისინი შერეკილები და ველურები არიან. მაგრამ მათ გარეშე სიცოცხლე აზრს დაკარგავდა. ამას გვეუბნება „დიდი მწვანე ველი“. არაფერს ამტკიცებს, არ გვაბრაზებს, არ დაგვცინის. უბრალოდ გვახსენებს, რომ საბედნიეროდ, დოდო აბაშიძის სოსანა ყველა ჩვენგანში ცოცხლობს.